ინდიან უელსი: შვიდი ლიდერი და ერთი გამონაკლისი

AutoSharing Option
ინდიან უელსის გაერთიანებული ტურნირის მორიგ სათამაშო დღეს მამაკაცებმა დაასრულეს მესამე წრე და გამოავლინეს ყველა მერვედფინალისტი, ქალებმა კი სრულად ჩაატარეს მერვედფინალური ეტაპი. რვიდან შვიდი მეოთხედფინალისტი რეიტინგის TOP 8-ის წარმომადგენელია. ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ რუსი მარია კირილენკო, რომელმაც მოულოდნელად აჯობა პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას.

კირილენკოს ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდა წაგებული პოლონელის წინააღმდეგ, თუმცა ბოლო პერიოდში აგნიეშკას თამაშში აშკარა ჩავარდნა შეინიშნება, რითაც რუსმა კარგად ისარგებლა. კირილენკომ თავიდანვე გააკეთა ბრეიკი და ამის შემდეგ მხოლოდ ზრდიდა თავის უპირატესობას. საბოლოოდ, პოლონელმა მხოლოდ ერთი გეიმი აიღო პირველ
სეტში.

მეორე სეტში პოლონელმა დაალაგა თავისი თამაში და ბრძოლაც გაუმართა მეტოქეს. ჩოგბურთელები 4:4-მდე ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას, როცა რადვანსკამ, პირველად მატჩში, ბრეიკის გაკეთება შეძლო. სეტზე ჩაწოდებისას აგნიეშკამ ერთი ბრეიკ-პოინტი მისცა მეტოქეს, მაგრამ მაინც დაასრულა პარტია თავის სასარგებლოდ.

სეტის წაგებით მარიამ მცირე ფსიქოლოგიური შოკი მიიღო და მესამე პარტიის სტარტზე საკუთარი მოწოდება მისცა მეტოქეს, მაგრამ პოლონელმა წარმატების განვრცობა ვერ შეძლო და სეტის მეორე ნახევარში მუდმივად მდევრის როლში იყო. პოლონელმა შეძლო ბრეიკის გაკეთება მაშინ, როცა კირილენკო მატჩზე აწვდიდა, მაგრამ მაშინვე დათმო საკუთარი გეიმი და რუსმა მეორე ცდიდან შეძლო მატჩზე ჩაწოდება – 6:1, 4:6, 7:5.

კირილენკომ 2010 წლის შემდეგ პირველად შეძლო ტოპ-ხუთეულის წარმომადგენლის დამარცხება. მეოთხედფინალში მისი მეტოქე პეტრა კვიტოვა იქნება, რომელმაც ჩეხურ დერბიში ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა კლარა ზაკოპალოვა.

* * *
რუსებს მეოთხედფინალში ორი წარმომადგენელი ეყოლებათ. მარია შარაპოვას ზედიზედ მეორე მეტოქედ ესპანეთის წარმომადგენელი ერგო. მან მესამე წრეში კარლა სუარეს ნავარო დაამარცხა, ახლა კი ლარა არუაბარენა-ვესინოს სძლია. ამ უკანასკნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან დიდი ბრძოლა გაუმართა პირველ სეტში მსოფლიოს მესამე ჩოგანს და ერთი პირობა, ბრეიკით იყო დაწინაურებული. 4:5-ზე მარიამ ტაიმ-აუტი აიღო და კორტზე მწვრთნელი გამოიძახა.

პაუზამ აშკარად უშველა შარაპოვას. მართალია, ესპანელს ორი ბურთი აშორებდა სეტის მოგებამდე, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მარიამ ზუსტად ითამაშა და 7:5 მოიგო პირველი სეტი, მეორეში კი ბრძოლა აღარ ყოფილა – 7:5, 6:0. რუსი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიელ სარა ერანის შეხვდება. ამ უკანასკნელმა ძალიან იოლად მოუგო ფრანგ მარიონ ბარტოლის – 6:3, 6:2.

თანაბარი ბრძოლა იყო მოსალოდნელი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკისა და რუსი ნადია პეტროვას მატჩში. ეს ჩოგბურთელები თითქმის მეზობლები არიან კლასიფიკაციაში – ვოზნიაცკი მე-10 ადგილზეა, პეტროვა – მე-12-ზე. მათი ბოლო შეხვედრა შარშანდელი სეზონის ბოლო ტურნირის ფინალში შედგა – "ჩემპიონთა ტურნირის" გადამწყვეტ მატჩში პეტროვამ მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მეტოქეს.

პირველ სეტში ორივე ხარისხიან ჩოგბურთს აჩვენებდა. უფრო ახლოს წარმატებასთან პეტროვა იყო, რომელმაც ორჯერ მოახერხა ბრეიკით დაწინაურება და სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან გეიმში მან სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ანგარიში გაათანაბრებინა.

ტაი-ბრეიკზე უფრო უკეთ ვოზნიაცკი გამოიყურებოდა, რომელმაც 7:3 მოიგო მე-13 გეიმი. მეორე სეტის დასაწყისში დანიელმა ბრეიკით დაწინაურება შეძლო და მოწინააღმდეგის მცდელობის მიუხედავად, ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა – 7:6(3), 6:3.

* * *
მესამე წრეში ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსთან პრობლემების შემდეგ ვიქტორია აზარენკამ ამჯერად ძალიან დამაჯერებელი თამაში აჩვენა ურსულა რადვანსკას წინააღმდეგ. ეს ჩოგბურთელები მეორედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათი პირველი მატჩი 2011 წელს, ინდიან უელსში შედგა და მაშინ ბელორუსმა ურთულეს ბრძოლაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ახლა ვიკასთვის ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო.

მართალია, პირველ სეტში ურსულა ბევრით არაფრით ჩამორჩებოდა მეტოქეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ორმაგი შეცდომები დაუშვა და ამით დიდად დაეხმარა ტურნირის პირველ ნომერს. მეორე სეტში კი აზარენკამ წარმატების არანაირი შანსი არ დაუტოვა პოლონელს – 6:3, 6:1.

კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი სამანტა სტოსურმა და ანჟელიკ კერბერმა დააკომპლექტეს. გერმანელმა შეაჩერა ესპანელი გარბინ მუგურუსა-ბლანკოს სენსაციური სვლა. კერბერს მცირე პრობლემები ჰქონდა მეორე სეტის ბოლოს, როცა მატჩზე ვერ ჩააწოდა, მაგრამ მაინც შეძლო ორ სეტში მოგება – 6:4, 7:5.

უფრო რთულად ჰქონდა საქმე სტოსურს მონა ბარტელთან შეხვედრაში. გერმანელმა მოიგო სასტარტო პარტია, მაგრამ ავსტრალიელმა შეძლო ზედიზედ მეორე სამსეტიანი მატჩის მოგება – 4:6, 6:2, 6:3.

1/8-ფინალი
სარა ერანი (იტა, 6)-მარიონ ბარტოლი (საფ, 9) 6:3, 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 19) 6:2, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ლარა არუაბარენა-ვესინო (ესპ) 7:5, 6:0; მარია კირილენკო (რუს, 13)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3) 6:1, 4:6, 7:5; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:3, 6:1; სამანტა სტოსური (ავსტრა, 7)-მონა ბარტელი (გერ, 24) 4:6, 6:2, 6:3; ანჟელიკ კერბერი (გერ, 4)-გარბინ მუგურუსა ბლანო (ესპ) 6:4, 7:5; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 8)-ნადია პეტროვა (რუს, 10) 7:6(3), 6:3.

1/4-ფინალი
აზარენკა (1)-ვოზნიაცკი (8); კერბერი (4)-სტოსური (7); კვიტოვა (5)-კირილენკო (13); შარაპოვა (2)-ერანი (6).

კაცებში ყველაფერი მშვიდადაა
მამაკაცთა ბადეში ყველა შეხვედრა პროგნოზირებადი შედეგით დასრულდა, თუმცა მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს რთული სტარტი გამოუვიდა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის წინააღმდეგ.

ამაში დამნაშავე, პირველ რიგში, თავად სერბი ჩოგბურთელია. სეტის შუაში ნოვაკს ძალიან ბევრი შეცდომა დაუგროვდა და ამის გამო 2:5 ჩამორჩა, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტში ბულგარელი დაიბნა – მან ორჯერ ვერ ჩააწოდა სეტზე და ერთ-ერთ ასეთ გეიმში სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა. დიმიტროვს არც ტაი-ბრეიკის სტარტი გამოუვიდა და მართალია, შემდეგ იპოვა თავისი თამაში, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. ამან საბოლოოდ გამოიყვანა მწყობრიდან ბულგარელი და მეორე სეტი 20 წუთში წააგო – 6:7(4). 1:6.

სერბის შემდეგი მეტოქე სემ კუერი იქნება, რომელმაც რთულ ბრძოლაში მოუგო მარინკო მატოშევიჩს.

ევგენი დონსკოის წინააღმდეგ სამსეტიანი მატჩის შემდეგ ამჯერად ენდი მარეის პრობლემები არ შექმნია იენ-ჰსუნ ლუს წინააღმდეგ. ტაივანელი ყველა გათამაშებაში ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ მეტი შეცდომა ჰქონდა. ენდი კი გადამწყვეტ მომენტებში თითქმის არ ცდებოდა – 6:3, 6:2. ბრიტანელს ზედიზედ მესამე მატჩში მოუწევს განუთესავ მეტოქესთან შეხვედრა. ეს არის არგენტინელი კარლოს ბერლოკი, რომელმაც მოულოდნელად დამაჯერებლად მოუგო იაპონელ კეი ნიშიკორის.

მესამე წრიდან დატოვა ტურნირი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა მერდი ფიშმა. ამერიკელმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ჟო-ვილფრიდ ცონგას. პირველ სეტში ბრეიკი არ ყოფილა. მერდიმ ტაი-ბრეიკზე წააგო. მეორეში ფიშს ორბრეიკიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო სოლიდური სხვაობის შენარჩუნება.

სეტი კვლავ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ცონგა ისევ ძლიერი იყო. ფრანგი მერვედფინალში შეხვდება მილოშ რაონიჩს. კანადელმა რთულ მატჩში დაამარცხა მარინ ჩილიჩი.

ამ სათამაშო დღის ყველაზე საინტერესო მატჩი ჩაატარა ტომი ჰაასმა. ATP-ის ტურის ვეტერანი ორსაათნახევარი ებრძოდა მსოფლიოს მე-11 ჩოგანს ნიკოლას ალმაგროს. მესამე სეტის ბოლოს ესპანელმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ბრწყინვალედ ითამაშა გერმანელმა. ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც უფრო ძლიერი ნერვები ჰაასს აღმოაჩნდა.

გერმანელი ინდიან უელსში 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდა მეოთხე წრეში. მისი შემდეგი მეტოქე არგენტინელი ხუან-მარტინ დელ პოტრო იქნება.

III წრე
მილოშ რაონიჩი (კან, 17)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 12) 3:6, 6:4, 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 8)-მერდი ფიში (აშშ, 32) 7:6(4), 7:6(0); სემ კუერი (აშშ, 23)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 7:6(5), 6:7(7), 7:5; ტომი ჰაასი (გერ, 19)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11) 6:3, 6:7(2), 7:6(2); ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 31) 7:6(4), 6:1; კარლოს ბერლოკი (არგ)-კეი ნიშიკორი (იაპ, 16) 6:2, 6:2; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 7)-ბიორნ ფაუ (გერ) 6:2, 7:5; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:3, 6:2.

1/8-ფინალი
მარეი (3)-ბერლოკი; ნადალი (5)-გულბისი; სიმონი (13)-ანდერსონი; ჯოკოვიჩი (1)-კუერი (23); ფედერერი (2)-ვავრინკა (18); ბერდიხი (6)-გასკე (10); დელ პოტრო (7)-ჰაასი (19); ცონგა (8)-რაონიჩი (17).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული