ინდიან უელსი: მარია შარაპოვა მსოფლიოს მეორე ჩოგანი იქნება

AutoSharing Option
ინდიან უელსში გვიან გაიმართა ქალებისა და კაცების ტურნირების ფინალები, მანამდე კი ძალიან საინტერესო ნახევარფინალური მატჩები ჩატარდა.

თავდაპირველად ურთიერთობა ქალებმა გაარკვიეს. პირველები კორტზე კაროლინ ვოზნიაცკი და ანჟელიკ კერბერი გავიდნენ. შარშან ამ ჩოგბურთელებმა სამჯერ ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ. სამივე მატჩი გერმანელმა მოიგო, თანაც ისე, რომ მხოლოდ ერთი სეტი დაუთმო სკანდინავიელს. თითქოს, ეს სერია შაბათის მატჩში უნდა გაგრძელებულიყო, რადგან კერბერმა 4:0 დაწინაურება შეძლო და ვოზნიაცკის ამ ოთხ გეიმში მხოლოდ სამი ქულა ჰქონდა აღებული.

ჩაგდებული სტარტის შემდეგ, კაროლინმა კორტზე მამამისი - პიოტრ ვოზნიაცკი გამოიძახა, რომელმაც
გარკვეული კორექტივები შეიტანა თამაშში. კაროლინმა ერთი ბრეიკი დაიბრუნა, თუმცა იქვე წააგო საკუთარი მოწოდება. 2:5-ზე და 0:40-ზეც ვოზნიაცკიმ ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ მაინც დათმო სეტი.

კერბერმა გააგრძელა წარმატებული თამაში და 2:0 წაიყვანა ანგარიში მეორე სეტში, მაგრამ ამის შემდეგ, ვოზნიაცკიმ საბოლოოდ დაალაგა თამაში. გარდამტეხი მომენტი მეშვიდე გეიმში დადგა, როცა ანგარიში 3:3 იყო. კერბერს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ 17-წუთიანი გეიმი მაინც ვოზნიაცკის დარჩა. პარტიის ბოლოს უკვე გერმანელმა დაუშვა რამდენიმე უნებლიე შეცდომა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

მესამე სეტში ორივე ჩოგბურთელი აგრესიულად თამაშობდა, მაგრამ კერბერს უფრო მეტი შეცდომა ჰქონდა. 4:1-ზე კაროლინმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და

თამაშის იოლად დასრულების შანსი მიეცა, მაგრამ გერმანელი ნაადრევად არ დანებდა. მან 5:6-ზე მატჩზე არ ჩააწოდებინა ვოზნიაცკის, შემდეგ ერთი ქულა აკლდა ტაი-ბრეიკამდე, მაგრამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ფინალში დანიელი გაუშვა.

* * *
მეორე ნახევარფინალში ორი მარია თამაშობდა - შარაპოვა და კირილენკო. გამოცდილების მხრივ, ამ ორ ჩოგბურთელს შორის დიდი სხვაობა იყო. კირილენკო პირველად თამაშობდა ასეთი დონის ტურნირის ნახევარფინალში და ბუნებრივია, ზედმეტად ნერვიულობდა. ამის გამო, პირველივე გეიმში მან სამი ბრეიკ-პოინტი მისცა მეტოქეს, მესამეში კი საკუთარი მოწოდება დათმო. მიუხედავად ამისა, ბრძოლა თითქმის ყველა გეიმში იყო. კირილენკომ მთელი პარტიის განმავლობაში ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა და სეტი 4:6 წააგო.

მეორე პარტიაში შარაპოვამ იდეალურად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე: სეტის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი ქულა დათმო თავის გეიმებში, 3:3-ზე მატჩში მეორე ბრეიკი შეასრულა და თამაში დამაჯერებლად მიიყვანა გამარჯვებამდე - 6:4, 6:3. ამ მოგებით მარიამ გაინაღდა რეიტინგში მეორე ადგილი - მან 2012 წლის იანვარის შემდეგ პირველად გაუსწრო ვიქტორია აზარენკას.

1/2 ფინალი
კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 8)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 4) 2:6, 6:4, 7:5; მარია შარაპოვა (რუს, 2)-მარია კირილენკო (რუს, 13) 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინდიან უელსი: საჩოგბურთო სუპერკლასიკოს ვნახავთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული