მონაკოს "მასტერსი": უთამაშებლად მეორე ადგილზე

AutoSharing Option
მონაკოს "მასტერსზე" სრულად ჩატარდა მერვედფინალური ეტაპი და ATP-ის რეიტინგის საუკეთესო ხუთეულის სამი წევრი გამოეთიშა ბრძოლას - ენდი მარეი, ტომაშ ბერდიხი და ხუან მარტინ დელ პოტრო. წაგება მარეის კლასიფიკაციაში მეორე ადგილის დაკარგვად დაუჯდა.

კანონზომიერი შედეგები
მეორე დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა მონაკოს "მასტერსზე" რაფაელ ნადალმა. ესპანელის მორიგი მეტოქე იყო გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი. ამ მატჩში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. ესპანელმა თავის მოწოდებაზე ქულების 80 პროცენტი აიღო და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს, თავად კი სამჯერ მოიგო კოლშრაიბერის გეიმი. შეხვედრა 81 წუთი გაგრძელდა.

26 წლის
ნადალმა მონტე კარლოში ზედიზედ მოგებათა რაოდენობა 44 მატჩამდე აიყვანა. მას აქ ერთადერთი წაგება აქვს – 2003 წლის ტურნირის მესამე წრეში არგენტინელ გილერმო კორიასთან.

რაფას შემდეგი მეტოქე იქნება ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი. მარია შარაპოვას ბოიფრენდმა იანკო ტიპსარევიჩის დამარცხების შემდეგ ძალიან იოლად სძლია გერმანელ ფლორიან მაიერს - 6:2, 6:4. 21 წლის ბულგარელი კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის სერიის ტურნირის მეოთხედფინალში. ნადალი და დიმიტროვი მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს – ოთხი წლის წინ მათ როტერდამში ითამაშეს და მაშინ ესპანელმა გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში გავიდა ჟო-ვილფრიდ ცონგა. აქაც ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. 57 წუთში ფრანგმა მხოლოდ 10 ქულა დათმო თავის მოწოდებაზე, ოთხი ბრეიკი გააკეთა და 6:3, 6:0 გაიმარჯვა, რითაც ავსტრიელის წინააღმდეგ ურთიერთშეხვედრებში 3:0 გახადა ანგარიში.

სხვათა შორის, ცონგა მატჩის წინა დღეს 28 წლის გახდა და ახლა საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა. ჟომ გაიმეორა შარშანდელი შედეგი, როცა მეოთხედფინალში გავიდა და იქ თანამემამულე ჟილ სიმონთან დამარცხდა.

ზედიზედ მეორე მატჩში წააგო პირველი სეტი ნოვაკ ჯოკოვიჩმა, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვიდა შეხვედრაში. ასე მოხდა მიხაილ იუჟნისთან მატჩში და ასე იყო 18 აპრილს, არგენტინელ ხუან მონაკოსთან დაპირისპირებაში - 4:6, 6:2, 6:2. ამ შეხვედრებს შორის მსგავსება ისიც იყო, რომ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ოთხჯერ წააგო საკუთარი მოწოდება.

აგრძელებს კარგი ფორმის დემონსტრირებას ფრანგი რიშარ გასკე, რომელმაც საათსა და 40 წუთში დაამარცხა მარინ ჩილიჩი - 7:5, 6:4. მეშვიდე ნომრად განთესილმა გასკემ ხუთი ბრეიკი გააკეთა და თავად სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება.

სენსაციების დღე
დღეს სენსაციების გარეშე არ ჩაუვლია. პირველი მოულოდნელობა გახდა ტურნირის მეოთხე ნომრის, ტომაშ ბერდიხის მარცხი იტალიელ ფაბიო ფონინისთან, თანაც 79 წუთში – 2:6, 4:6. ეს იყო იტალიელისთვის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება – მან მხოლოდ მეორედ დაამარცხა კარიერაში ტოპ-ათეულის წევრი – მანამდე, 2010 წლის უიმბლდონზე სძლია მაშინ მსოფლიოს მეცხრე ნომერს ფერნანდო ვერდასკოს.

კიდევ უფრო დიდი სენსაცია იყო ენდი მარეის წაგება შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკასთან. ეს უკანასკნელი ხელწამოსაკრავი მეტოქე არ გახლავთ და ელიტის წევრი არაერთხელ დაუმარცხებია; უბრალოდ, ძალიან გასაკვირი იყო ანგარიში, რომლითაც ვავრინკამ ბრიტანელი დაამარცხა - 6:1, 6:2. სტანისლასმა თავის გეიმებზე ქულების 75 პროცენტი აიღო და ხუთჯერ გააკეთა ბრეიკი. ეს იყო შვეიცარიელის მეხუთე მოგება მარეისთან მე-13 შეხვედრაში.

ენდი ამ წაგებით რეიტინგში 90 ქულას დაკარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორშაბათიდან დათმობს მეორე ადგილს და წინ გაუშვებს როჯერ ფედერერს, რომელიც მონაკოში საერთოდ არ ჩასულა.

დღის ბოლო სენსაცია გახდა 31 წლის ფინელი იარკო ნიემინენის გამარჯვება ხუან მარტინ დელ პოტროზე. ძალიან დაძაბული შეხვედრა ორი საათი და 38 წუთი გაგრძელდა. ნიემინენმა მატჩპოინტი ვერ გამოიყენა მესამე სეტში 5:4-ზე, მაგრამ ტაი-ბრეიკზე მაინც მიიყვანა საქმე ბოლომდე - 6:4, 4:6, 7:6(4). ფინელი 2006 წლის შემდეგ პირველად გავიდა მასტერსის სერიის ტურნირის მეოთხედფინალში.

1/8-ფინალი
გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:2, 6:4; იარკო ნიემინენი (ფინ)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 5) 6:4, 4:6, 7:6(4); ფაბიო ფონინი (იტა4)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4) 6:4, 6:2; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 6:3, 6:0; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ხუან მონაკო (არგ, 14) 4:6, 6:2, 6:2; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 13)-ენდი მარეი (ბრიტ, 2) 6:1, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 16) 6:2, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 7)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 9) 7:5, 6:4.

1/4-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ნიემინენი; გასკე (7)-ფონინი; ნადალი (3)-დიმიტროვი; ვავრინკა (13)-ცონგა (6).

საჩუქარი პოლიციისგან
მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ფრანგული პოლიციისგან სპეციალური სამკერდე ნიშანი მიიღო. ჩოგბურთელს ეს ჯილდო 18 აპრილს მონტე კარლოში პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გადასცა.

"მე ფრანგული პოლიციისგან სამკერდე ნიშანი მივიღე! მადლობა!" - დაწერა თავის "ფეისბუქზე" ნადალმა.

ეს ჟესტი უკავშირდება შარშანდელ შემთხვევას. 2012 წელს, როლან გაროსის მსვლელობისას, რაფაელის ნომრიდან მოიპარეს 300 ათასი ევროს ღირებულების მაჯის საათი. საფრანგეთის პოლიცია სწრაფად გაერკვა ინციდენტში, რამდენიმე დღეში დაუბრუნა საათი მფლობელს და დააპატიმრა სასტუმროს თანამშრომელი, რომელმაც აღიარა, რომ ბოროტად ისარგებლა სამსახურებრივი უფლებამოსილებით.

ესპანელმა ჩოგბურთელმა შეაქო საფრანგეთის პოლიცია ოპერატიულობისთვის. "საფრანგეთის პოლიციამ კარგად შეასრულა თავისი სამუშაო. არც სასტუმროზე შემიძლია აუგის თქმა. რვა წლის განმავლობაში მისი მომსახურე პერსონალი პატივისცემას ამჟღავნებდა ჩემ მიმართ. შემდეგ ჯერზეც აქ გავჩერდები", - განაცხადა გასული წლის ივნისში ნადალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მონაკოს "მასტერსი" - რაფაელ ნადალის ზედიზედ 43-ე გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული