მონაკოს "მასტერსი" - რაფაელ ნადალის ზედიზედ 43-ე გამარჯვება

AutoSharing Option
რაფაელ ნადალი ტრიუმფით დაბრუნდა მონტე კარლოში. "გრუნტის მეფემ" ჩაატარა პირველი მატჩი მონაკოში მომდინარე მასტერსზე და ამ ტურნირზე ზედიზედ 43-ე (!) შეხვედრა მოიგო.

ნადალს რთული მეტოქე არ ჰყოლია - ავსტრალიელი მარინკო მატოშევიჩი, რომელმაც წინა წრეში ესპანელი ფერნანდო ვერდასკო გამოთიშა ბრძოლას. რაფამ ძალიან მძლავრად დაიწყო შეხვედრა - ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და მხოლოდ ამის შემდეგ დაუთმო მეტოქეს ერთი გეიმი. პირველი სეტი ესპანელმა 6:1 მოიგო.

მაგრამ, მოულოდნელად, ნადალს პრობლემები შეექმნა მეორე პარტიის სტარტზე. მატოშევიჩმა ბრეიკი გააკეთა და 2:0 დაწინაურდა, მესამეში კი ორმაგი ბრეიკ-პოინტი
ჰქონდა, თუმცა ესპანელი დროულად მოეგო გონს, გეიმი გადაარჩინა და ამის შემდეგ, ზედიზედ ექვსი გეიმის აღებით, მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:1, 6:2. შეხვედრა მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა.

ნადალს მიმდინარე სეზონში ზედიზედ 15 მოგება დაუგროვდა. შეგახსენებთ, რომ ის პროფესიულ ტურს თებერვალში დაუბრუნდა და ოთხ ტურნირში მიიღო მონაწილეობა: ვინია დელ მარში ფინალი წააგო არგენტინელ ორასიო სებალიოსთან, შემდეგ კი სამი ტურნირი მოიგო - სან პაულუში (ფინალში მოუგო დავიდ ნალბანდიანს), აკაპულკოში (დავიდ ფერერი) და ინდიან უელსში (ხუან მარტინ დელ პოტრო).

* * *
ჩაება ბრძოლაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბი რუს მიხაილ იუჟნის ხვდებოდა და გვარიანად ანერვიულა თავისი გულშემატკივარი. როგორც ჩანს, ჯოკოვიჩს ჯერაც აწუხებს ის ტრავმა, რომელიც მან დევისის თასზე მიიღო. სხვანაირად რთულია იმის ახსნა, რომ პირველმა ნომერმა პირველი სეტი დაუთმო მეტოქეს. თუმცა მეორე და მესამე პარტიებში ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ჯოკოვიჩმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც გააღწია მესამე წრეში - 4:6, 6:1, 6:4. შეგახსენებთ, რომ ნოვაკს ორჯერ უთამაშია მონაკოს მასტერსის ფინალში (2009, 2010) და ორივეჯერ რაფა ნადალთან დამარცხდა.

სხვა მატჩებიდან უნდა გამოვყოთ იარკო ნიემინენის გამარჯვება მილოშ რაონიჩის წინააღმდეგ. ვეტერანმა ფინელმა გასაღები მოარგო ახალგაზრდა კანადელის მოწოდებებს და ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის შესაშური პროცენტი დააფიქსირა - რვიდან ექვსი ასეთი შანსი გამოიყენა და სამ სეტში მოიგო - 6:3, 1:6, 7:6(3). ახლა, სკანდინავიელს მესამე წრეში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან მოუწევს შეხვედრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოთელვა მონაკოს მასტერსის წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული