ქართველი ჩოგბურთელები წყვილებში ყოჩაღობენ

AutoSharing Option
პარიზში გრძელდება ჩოგბურთელთა საფრანგეთის ღია პირველობა, რომელშიც ორი ქართველიც მონაწილეობს.

უკვე გაუწყეთ, რომ ერთეულებში ანა ტატიშვილმა სტარტზევე წააგო ტურნირის რეიტინგფავორიტ სერენა უილიამსთან. სამაგიეროდ, წყვილებში იყოჩაღა: ბელორუს ოლგა გოვორცოვასთან ერთად, ფრანგები - სტეფანი გასონი და ირენა პავლოვიჩი დაამარცხა - 6:3, 6:4.

მეორე წრეში ჩვენებური მესამე ნომრად განთესილ ნადია პეტროვას (რუსეთი) და კატერინა სრებოტნიკის (სლოვენია) დუეტს დაუპირისპირდება.

თანამემამულეს მხარი აუბა ოქსანა კალაშნიკოვამ. პოლონელ ალისია როსოლსკასთან შეამხანაგებული ჩვენებური 30 მაისს ურთიერთობას არკვევდა ირინა ბურიაჩოკისა (უკრაინა) და ჰიტა უოტსონის ტანდემთან. ქართულ-პოლონურმა დუეტმა პირველი ხელი
3:6 დათმო, მეორეში 6:4 გაიმარჯვა.

მესამე სეტში ოქსანა და ალისია 0:3-ს აგებდნენ, მაგრამ შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს და 7:5 დაამარცხეს მეტოქე.

მეორე წრეში ისინი ირინა ფალკონი (აშშ)-მარიანა ჯუკიჩ-სალკიჩისა (ბოსნია-ჰერცეგოვინა) და სუ-ვეი შიე (ტაივანი)-შუაი პენის (ჩინეთი) წყვილებს შორის უძლიერესს გაუწევენ მეტოქეობას.

* * *

ჩოგბურთის ქომაგებმა იციან, რომ სოფიო შაფათავა მოსკოვის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მონაწილეობს. ერთეულთა სტარტზე მან ემილია გაჯიევას (რუსეთი) აჯობა - 6:3, 6:1, მეორე წრეში ქსენია გაიდარჟის მძლეველ მარგარიტა ლაზარევას (ორივე - რუსეთი) დაუპირისპირდება.

წყვილებში შაფათავა ბელორუს ილონა კრემენთან არის შეამხანაგებული და პირველ წრეში შახლა საიდოვას (რუსეთი) და ანა შკუდუნის (უკრაინა) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
თურქულ ადანაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ძირითად ბადეში ორი ქართველი ჩაება: მარიამ ბოლქვაძემ პირველ წრეში ანა ქადაგიძე დაამარცხა - 6:0, 6:0, მეორეში კი თავად დანებდა უკრაინელ ოლგა იანჩუკს.

ჩვენებურებმა წყვილებშიც დაამთავრეს ასპარეზობა, თანაც სტარტზევე: ანა ქადაგიძე, ანელი პოკრასი (ესტონეთი) - ოლგა იანჩუკი (უკრაინა), ზუზანა ზლოჩოვა (სლოვაკეთი) - 1:6, 0:6, მარიამ ბოლქვაძე, ჰაზალ უნლუგენკი (თურქეთი) - ანეტ მუნოზოვა (შვედეთი), აბი მაიერსი (ავსტრალია) - 4:6, 6:3, 6:10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული