"ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ..." - ანა ტატიშვილი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
აშშ-ის სახელით მოასპარეზე ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა 30 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

"გამუდმებული ტრავმების გამო ჩემი სხეული არ მაძლევს საშუალებას, რომ მაღალ დონეზე ვითამაშო და მეტოქეებს კონკურენცია გავუწიო.

როგორც აღმოჩნდა, პროფესიული ჩოგბურთი არა მხოლოდ კორტზე ბრძოლაა, არამედ ამავდროულად, ტრავმებთან შებრძოლებაც.

რაც უნდა მტკივნეული იყოს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ აქტიური სპორტული კარიერა დავასრულო და ცხოვრება კორტს მიღმა გავაგრძელო.

ჩოგბურთი ყველაფერზე მეტად მიყვარს, მან ყველაფერი მომცა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. არასდროს დამავიწყდება ის დიდებული მოგონებები,
რაც ჩოგბურთმა დამიტოვა", - წერს ტატიშვილი.

ანა ტატიშვილის რეიტინგის მაქსიმალური მაჩვენებელი 50-ე პოზიცია გახლდათ, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში დააფიქსირა.

WTA-ს ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ქართველმა კარიერაში 1,609,016 დოლარი გამოიმუშავა. საინტერესოა, რომ მას WTA-ში ერთეულებში ტიტული არასდროს მოუგია, შედარებით დაბალი რანგის ITF-ის რანგის ტურნირებზე კი 11-ჯერ იმარჯვა.

ანა ტატიშვილი 7 წლიდან აშშ-ში, კრის ევერტის აკადემიაში ვარჯიშობდა. ის თავდაპირველად საქართველოს სახელით ასპარეზობდა, თუმცა 2014 წელს აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო და აქედან მოყოლებული, ამ ქვეყნის ღირსებას იცავდა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
რაცა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო ჩოგბურთი აღარ უთამაშია.დაიკიდა.მთავარი მიზანი ალბათ მოქალაქეობის მიღება იყო,წარმატებები.
gocha
18:20 27-03-2020
0

სიახლეები პოპულარული