უიმბლდონი 2013: კაცებში ყველაფერი ლოგიკურადაა - ნოვაკ ჯოკოვიჩი წინ მიიწევს

AutoSharing Option
მამაკაცთა ბადეში ერთ-ერთი გამორჩეული მერვედფინალი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და გერმანელ ტომი ჰაასს შორის იმართებოდა. ეს უკანასკნელი თავის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. ამიტომაც ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ამ მატჩში ბრძოლას ნახავდა.

თუმცა პირველმა სეტმა ჰაასის გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა. ჯოკოვიჩმა 25 წუთში მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო 35 წლის ვეტერანს.

მაგრამ ჰაასმა ასე იოლად დანებება არ ისურვა და მეორე სეტში წარმატების რეალური შანსი მიიღო. გერმანელმა მეხუთე გეიმში ბრეიკი გააკეთა და 3:2 დაწინაურდა, მაგრამ მომდევნო ხუთი გეიმიდან ოთხი ჯოკოვიჩმა აიღო და სეტებში 2:0
დაწინაურდა.

როცა მესამე სეტში ნოვაკმა მორიგი ბრეიკი გააკეთა და 4:2 დაწინაურდა, ყველას ეგონა, რომ მატჩი ძალიან მალე დასრულდებოდა, თუმცა ჰაასმა მეათე გეიმში დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი და ნოვაკს ტაი-ბრეიკით მოუწია თამაშის დასრულება. აქ მან ოთხმაგი მატჩბოლი მიიღო და მესამე ცდაზე დაასრულა მატჩი, რომელიც ორი საათი და 12 წუთი გაგრძელდა.

ჯოკოვიჩმა 81 პროცენტი აიღო პირველი მოწოდებით, 40 "ვინერსი" შეაგროვა და 13 ეისი ჩააწოდა.

მეოთხედფინალში ნოვაკი ჩეხ ტომაშ ბერდიხზე გავიდა, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 13:2-ს უგებს, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბერდიხმა ორი თვის წინ, რომის მასტერსზე მოუგო ჯოკოვიჩს, კიდევ ერთი მოგება კი 2010 წელს იყო უიმბლდონის ნახევარფინალში.

* * *
მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ენდი მარეიმ და ფერნანდო ვერდასკომ. ბრიტანელმა ფავორიტმა მერვედფინალამდე ისე მიაღწია, რომ სეტი არ წაუგია და არც თავის გუშინდელ მეტოქეს, რუს მიხაილ იუჟნის დაუთმო პარტია. ამით ენდის მოგებათა სერია ბალახის საფარზე 15 მატჩამდე ავიდა.

მატჩის დიდი ნაწილი მარეი ძალიან საიმედოდ თამაშობდა, მაგალითად, პირველ სეტში მან მხოლოდ ოთხი უნებლიე შეცდომა დაუშვა და მესამე გეიმში გაკეთებული ბრეიკით მოიგო სეტი. მეორე სეტში კი მასპინძელს სერიოზული პრობლემები შეექმნა. 2:0 დაწინაურების შემდეგ მარეიმ ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო და განწირული ჩანდა, მაგრამ მაინც მოახერხა ტაი-ბრეიკამდე მისვლა.

ენდის იქაც ჰქონდა ერთი ჩავარდნა, რადგან იუჟნიმ 5:3 წაიყვანა ანგარიში საჩოგბურთო ლატარიაში. და აქაც, პატარა სასწაულის ხარჯზე (ზედიზედ ოთხი ქულა აიღო), ბრიტანელმა სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. იუჟნი ფსიქოლოგიურად გატყდა და მესამე სეტში წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ბრიტანელს. შეხვედრა ორი საათი და 37 წუთი მიმდინარეობდა.

წესით და რიგით, მარეის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს მეოთხედფინალში ესპანელი ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგ, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 8:1 მიჰყავს ანგარიში. 1-ელ ივლისს ვერდასკო ნაკლებად ცნობილ ფრანგს, კენი დე სხეპერსს ეთამაშებოდა და 15 საკუთარი გეიმიდან მხოლოდ ერთი დაუთმო, თავად კი სამი ბრეიკის ხარჯზე სამი სეტი ერთნაირი ანგარიშით დაასრულა - 6:4. ფერნანდო მეშვიდე ესპანელია ისტორიაში, ვინც უიმბლდონის მეოთხედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე პირველად გასასვლელად ვერდასკოს 11 ცდა დასჭირდა.

* * *
ტურნირის მეოთხე ნომერმა დავიდ ფერერმა კვლავ ვერ მოიგო მატჩი "მშრალი" ანგარიშით და კვლავ მდევრის როლში აღმოჩნდა. 56-წუთიანი პირველ სეტი ხორვატმა ივან დოდიგმა ტაი-ბრეიკზე მოიგო და მეორე პარტიაშიც დიდი ბრძოლა გაუმართა ესპანელს. მეშვიდე გეიმში დოდიგს ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა, ტაი-ბრეიკზე კი 3:1 დაწინაურდა და აქაც ესპანელის საბრძოლო ხასიათმა თქვა თავისი სიტყვა. მან გადაარჩინა მე-13 გეიმი და მეორე სეტბოლზე აიღო პარტია, რის შემდეგაც სათამაშო ინიციატივა მთლიანად მის მხარეს გადავიდა.

მესამე სეტში ესპანელს 14 "ვინერსი" და არც ერთი უნებლიე შეცდომა არ ჰქონია. ეს პარტია მან 25 წუთში სამი ბრეიკით მოიგო, მეოთხე სეტში კი ორჯერ აიღო ხორვატის მოწოდება - 6:7(3), 7:6(6), 6:1, 6:1.

ფერერის მეტოქე ხუან მარტინ დელ პოტროსა და ანდრეას სეპის შეხვედრაში ირკვეოდა. მართალია, არგენტინელმა სამ სეტში მოახერხა მოგება, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი უპირატესობა არ ჰქონია. დელ პოტრომ პირველ და მესამე სეტებში თითო ბრეიკი მიითვალა, მეორე სეტში კი ტაი-ბრეიკამდე მივიდა საქმე და მე-13 გეიმი სამხრეთამერიკელმა 7:2 მოიგო. თამაში ორი საათი და 22 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში არგენტინელს 36 "ვინერსი" ჰქონდა.

დელ პოტროს ქომაგებს ამ მატჩის წინ ჰქონდათ ნერვიულობის საბაბი, რადგან ორი დღით ადრე ხუან მარტინმა გრეგა ჟემლიას წინააღმდეგ მუხლის ტრავმა მიიღო, თუმცა 1-ელ ივლისს თამაშის დროს არგენტინელს დაზიანება არ ეტყობოდა და იმედია, ასე იქნება მეოთხედფინალში დავიდ ფერერის წინააღმდეგ. არგენტინელისა და ესპანელის ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ფერერის მხარესაა - 6:2.

* * *
უიმბლდონზე პოლონური ჩოგბურთის ახალი ისტორია დაიწერა - ამ ქვეყნის ორი წარმომადგენელი გავიდა მეოთხედფინალში. 1-ელი ივლისის დღის გმირები აღმოჩნდნენ 22 წლის იერჟი იანოვიჩი და 31 წლის ლუკაშ კუბოტი.

სხვათა შორის, ბოლო პოლონელი, ვინც უიმბლდონის მეოთხედფინალში ითამაშა, ვოიტეკ ფიბაკი იყო, რომელმაც 1980 წელს გააღწია რვა საუკეთესოთა შორის. რაც მთავარია, კუბოტი და იანოვიჩი ერთმანეთს მეოთხედფინალში ეთამაშებიან, რაც იმას ნიშნავს, პოლონეთს პირველად ეყოლება კაცი ჩოგბურთელი უიმბლდონის ნახევარფინალში.

ორივეს ხუთსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწია. იანოვიჩმა 3:6, 7:6(1), 6:4, 4:6, 6:4 მოუგო ავსტრიელ იურგენ მელცერს, კუბოტმა კი ცაცია ფრანგს, ადრიან მანარინოს აჯობა - 4:6, 6:3, 3:6, 6:3, 6:4.

უიმბლდონი 2013
1/8-ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ტომი ჰაასი (გერ, 13) 6:1, 6:4, 7:6(4); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 7:6(4), 6:7(5), 6:4, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ივან დოდიგი (ხორ) 6:7(3), 7:6(6), 6:1, 6:1; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-ანდრეას სეპი (იტა, 23) 6:4, 7:6(2), 6:3; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-ადრიან მანარინო (საფ) 4:6, 6:3, 3:6, 6:3, 6:4; იერჟი იანოვიჩი (პოლ, 24)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 3:6, 7:6(1), 6:4, 4:6, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-კენი დე სხეპერი (საფ) 6:4, 6:4, 6:4; ენდი მარეი (ბრიტ, 2)-მიხაილ იუჟნი (რუს, 20) 6:4, 7:6(5), 6:1.

1/4-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ბერდიხი (7); ფერერი (4)-დელ პოტრო (8); კუბოტი-იანოვიჩი (24); ვერდასკო-მარეი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარეი და დანარჩენები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული