ანა ტატიშვილი ვაშინგტონის ტურნირის სტარტზევე დამარცხდა

AutoSharing Option
ვაშინგტონში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი), რომლის ძირითად ბადეში ჩაება თბილისელი ანა ტატიშვილი.

30 ივლისს ჩვენებური ფრანგ კაროლინ გარსიას შეხვდა. პირველი ხელი ანამ ნახევარ საათში მშრალი ანგარიშით (6:0) მოიგო.

მეორეში 3:0 რომ დაწინაურდა, ეტყობა, საქმე მომთავრებულად მიიჩნია და მოეშვა, რითაც ისარგებლა მეტოქემ და ჯერ ანგარიში გაათანაბრა (4:4), მერე სულაც სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა 7:6.

ფრანგმა მესამე სეტშიც იყოჩაღა და 6:4 გაიმარჯვა.

წყვილებში ტატიშვილი
და ჰიზერ უოტსონი (ბრიტანეთი) მე-3 ნომრად არიან განთესილი. ისინი სტარტზე მონა ბარტელისა (გერმანია) და ალიზ კორნეს (საფრანგეთი) ჩამოშორებას შეეცდებიან.

წარმატების შემთხვევაში მე-2 წრეში ეუჟინ ბუშარისა (კანადა) და ტეილორ თაუსენის (აშშ) დუეტი ელით. კანადურ-ამერიკულმა ტანდემმა გუშინ ჯენიფერ ელი და ლენა ლიტვაკი (ორივე - აშშ) დაჯაბნა - 6:1, 6:0.

* * *

დონეცკის (უკრაინა) ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 75.000 დოლარი) ძირითადი ბადის სტარტზე სოფიო შაფათავამ მე-6 ნომრად განთესილ კრისტინა პლისკოვას (ჩეხეთი) სამ სეტში აჯობა - 2:6, 7:5, 6:3 და მეორე წრეში ნიგინა აბდურაიმოვას (უზბეკეთი) მძლეველ (6:4, 1:6, 6:0) ალექსანდრა კრუნიჩს (სერბეთი) დაუპირისპირდება.

შაფათავამ წყვილებშიც სცადა ბედი მასპინძელ ალონა ფომინასთან ერთად, მაგრამ მე-2 ნომრად განთესილ იულია ბეიგელციმერთან (უკრაინა) და რენატა ვორაკოვასთან (ჩეხეთი) ვერაფერს გახდა - 2:6, 3:6 დამარცხდა.

გერმანიის 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში ჩაება ეკატერინე გორგოძე, რომელიც მე-16 ნომერია. პირველ წრეში მან ალემანი კაროლინ უებელჰოერი ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:4. მეორე წრეში მე-4 ნომერ მექსიკელს - მარსელა ზაკარიასს გაუწევს მეტოქეობას ძირითად ბადეში გასასვლელად.

იზმირის 10.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში ცდიდა ძალებს თამარ ჭალაგანიძე. როგორც გაუწყეთ, ჩვენებურმა ერთი შეხვედრა ესტონელ მეტოქესთან მოიგო, ხოლო ავსტრალიელ ბოიანოვთან დამარცხდა.

წყვილებში ია-შუან ლიისთან (ტაივანი) ერთად დღეს ითამაშებს ვიოლეტა დექტიარევას (რუსეთი) და ვლადისლავა ზანოსიენკოს (უკრაინა) დუეტთან, რომელიც ტურნირზე მეოთხეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"