როჯერ ფედერერს საბოლოო დაცემას უწინასწარმეტყველებენ

AutoSharing Option
წარსულში ცნობილი ფრანგი ჩოგბურთელი სედრიკ პიოლინი მიიჩნევს, რომ ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის დრო გავიდა.

წლევანდელი სეზონი არ შეიძლება როჯერის აქტივში უნდა ჩაიწეროს. მას 2013 წელს მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ტურნირი აქვს მოგებული, ახლა კი ზურგის ტრავმამ შეაწუხა და ამის გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებს მონრეალის მასტერსში, რომელიც ამ კვირას გაიმართება. სხვათა შორის, ჩოგბურთელს არ დაუზუსტებია, რომ სწორედ ამ მიზეზით არ ჩავიდა კანადაში სათამაშოდ. პიოლინი ამბობს, რომ ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და კიდევ სხვა მიზეზები არ მისცემს შვეიცარიელს საშუალებას მოიგოს "დიდი სლემის" კიდევ
ერთი ტურნირი.

"მე ვერ ვხედავ ისეთ ფედერერს, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვახარებს "დიდი სლემის" რომელიმე ტურნირის მოგებით. იმ დონის გათვალისწინებით, რომელზეც ახლა ენდი მარეი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი იმყოფებიან, ასევე იმ ფიზიკური პრობლემების გამო, რომელიც მას გააჩნია, როჯერი ვეღარ იპოვნის საკმარის ენერგიას იმისთვის, რომ დიდ გამარჯვებას მიაღწიოს. ეს არის რამდენიმე ფაქტორის ნაზავი: ის თითქმის 32 წლისაა, ბერდება, მას ოჯახი ჰყავს და მწვერვალზე 10 წელი ყოფნის შემდეგ, მოტივაციაც ნაკლები დარჩა", - მიიჩნევს პიოლინი.

სედრიკის აზრით, გასაკვირი არაფერი იქნება იმაში, თუ შვეიცარიელი 2014 წლის ბოლოს დაასრულებს თავი კარიერას.

"დღეს ფედერერი თანდათან თმობს თავის პოზიციებს და მან ეს შესანიშნავად იცის. პრესაც ახორციელებს მასზე ზეწოლას, ეს ყველაფერი კი გონებაში ირევა. არ ვიცი, როდის გაჩერდება როჯერი, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წელი დარჩება პროფესიულ ტურში, მაგრამ პირადად მე მისგან 2014 წლის ბოლოს ველოდები კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას", - ამბობს ფრანგი ჩოგბურთელი.

ვიქტორია აზარენკა: ერთი საფეხურით ზემოთ
კარლსბადის ტურნირის ფინალში ერთმანეთს ხვდებოდნენ ბელარუსი ვიქტორია აზარენკა და ავსტრალიელი სამანტა სტოსური. გადამწყვეტი მატჩის შედეგის მიუხედავად, ორშაბათს გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, აზარენკა რუს მარია შარაპოვას გაუსწრებს და ისევ მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდება.

ვიქტორიამ ნახევარფინალში ანა ივანოვიჩი სამ სეტში დაამარცხა და ამით 320 სარეიტინგო ქულა მიიღო, ტურნირის დაწყებამდე კი ბელარუსს შარაპოვა 185 ქულით უსწრებდა. ახალ რეიტინგში პირველი ნომერი კვლავაც ამერიკელი სერენა უილიამსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როჯერ ფედერერი: 17 დიდ სლემზე არ გავჩერდები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული