მიზეზი მარცხენა მხრის ტრავმა გახლავთ, რომლის გამოც მან მონაწილეობა ვერ მიიღო ტორონტოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირში.
"მარია შარაპოვამ ოფიციალურად თქვა უარი აშშ-ის ღია პირველობაში თამაშზე, - განაცხადა ტურნირის დირექტორმა დევიდ ბრიუერმა. - ჩვენ მას მალე გამოჯანმრთელებასა და მომავალ წელს აქ დაბრუნებას ვუსურვებთ".
შეგახსენებთ, რომ ივნისიდან მოყოლებული, როცა შარაპოვამ უიმბლდონის საწყის რაუნდში განიცადა მარცხი, რუსმა ვარსკვლავმა მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა
სწორედ ამ მატჩის შემდეგ შეწყვიტა მან ურთიერთობა ახალ მწვრთნელ ჯიმი კონორსთან. მათი თანამშრომლობა მხოლოდ თვე-ნახევარი გაგრძელდა.
მარცხენა მხრის ტრავმა შარაპოვასთვის ქრონიკული დაზიანებაა. ამ მიზეზით მას ცხრა თვე გაუცდა 2008 წელს და შემდეგ დიდი ხანი დასჭირდა ელიტაში დასაბრუნებლად.
ამ უარის გამო შესამჩნევად შეირყევა მარიას პოზიციები WTA-ს კლასიფიკაციაში, რადგან ის შარშან, აშშ-ის ღიაზე ნახევარფინალში გავიდა და ახლა ძალიან ბევრ სარეიტინგო ქულას დაკარგავს.
მარიას არყოფნაში ტურნირის მესამე ნომერი გახდება პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა, მის ქვემოთ მყოფი განთესილი ჩოგბურთელები კი ერთი საფეხურით მაღლა აიწევენ და 32 განთესილს შორის შევა რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა.
* * *
22 აგვისტოს კიდევ ერთი დანაკლისის შესახებ გახდა ცნობილი. მამაკაცთა ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს ამერიკელი მერდი ფიში.
31 წლის ჩოგბურთელის უარის მიზეზი გახდა გულთან დაკავშირებული ძველი პრობლემები.
"სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს აშშ-ის ღიაზე გამოსვლის საშუალებას.
ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის", - დაწერა ფიშმა თავის "ტვიტერზე".
ფიშს გულის ავადმყოფობა გასული წლის გაზაფხულზე დაუდგინეს და ამის გამო ამერიკელს ამ სეზონში "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის გამოტოვება მოუწია, სულ კი წელს მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა და სამში მოიპოვა გამარჯვება.
მსოფლიოს ყოფილი მეშვიდე ნომერი ამჟამად 173-ე ადგილს იკავებს ATP-ის კლასიფიკაციაში.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე აშშ-ის ჩემპიონატს გამოაკლდა ორი ფრანგი ჩოგბურთელი - ჟო-ვილფრიდ ცონგა და ჟილ სიმონი. ასევე, ვერ ვიხილავთ ნიუ იორკში ხორვატ მარინ ჩილიჩს, რომელიც დოპინგის მიღების გამოა დისკვალიფიცირებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"