ნოვაკ ჯოკოვიჩი: დევისის თასის მოგებას ვერაფერი შეედრება

AutoSharing Option
დევისის თასის ფინალში გასვლის შემდეგ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამ ტურნირის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

როგორც იცით, სერბეთმა კვირას, კანადასთან ურთულესი ნახევარფინალის შემდეგ გაინაღდა ფინალში თამაში. ჯოკოვიჩმა იმ შეხვედრაში ორი ერთეულთა მატჩი მოიგო: პარასკევს დაამარცხა ვაშეკ პოსპიშილი, კვირას - მილოშ რაონიჩი. ორივე მატჩში ნოვაკმა სამ სეტში გაიმარჯვა.

"2010 წელს, დევისის თასზე გამარჯვებამ ჩვენი გუნდის ყველა წევრს უდიდესი პროგრესი მოუტანა მომდევნო სეზონში და ეს კარგად აისახა ATP-ის ტურში გამოსვლისას. ამიტომაც უჭირავს დევისის თასს განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. "დიდი სლემის" რამდენიმე ტურნირი მაქვს
მოგებული, მაგრამ არაფერი შეედრება იმ გამარჯვების სიხარულს, რომელსაც პარტნიორებთან ერთად იზიარებ.

ვფიქრობ, კანადასთან მატჩში შესანიშნავად წარმოვაჩინე თავი, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ღიას შემდეგ კორტის საფარისა და საათობრივი სარტყელის შეცვლა მომიწია. გულშემატკივრების დახმარებამ დამატებითი ძალა მომცა. რაონიჩთან შეხვედრაში ვცდილობდი, ის ხანგრძლივ გათამაშებებში გამომეწვია, რადგან ამ შემთხვევაში თუნდაც გამოცდილების ხარჯზე უპირატესობა მექნებოდა"
, - ამბობს ჯოკოვიჩი ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე.

* * *
ამასობაში ლატვიელმა ერნესტ გულბისმა არცთუ ისე კორექტულად ილაპარაკა მსოფლიოს პირველ ჩოგანზე. ბალტიისპირელმა აღნიშნა, რომ ჯოკოვიჩი ძალიან შეცვალა წარმატებამ. გულბისის აზრით, დიდმა ფულმა და ტიტულებმა გააფუჭეს მსოფლიოს კლასიფიკაციის ლიდერი.

"დიდად არ მომწონს ჯოკოვიჩი, - აცხადებს პრესასთან კომენტარში გულბისი. - მე მას 12 წლის ასაკიდან ვიცნობ. ადრე ნოვაკი ნორმალური ბიჭი იყო, მაგრამ იმ წარმატებებმა, რომლებსაც მან მიაღწია, ძალიან შეცვალა ის. არა, ჩვენ არასოდეს გვიჩხუბია. უბრალოდ, ასეთი ტიპის ადამიანები არ მომწონს. მე მიყვარს ადამიანები ძლიერი ხასიათით, რომლებიც არ იცვლებიან მას შემდეგ, რაც წარმატებას მიაღწევენ ან დიდ ფულს იშოვიან. მაგალითად, მე ვცდილობ, არ შევიცვალო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: ნოვაკ ჯოკოვიჩის 14 ნახევარფინალი
მკითხველის კომენტარები / 1 /
გულბისს სადღაც ვეთანხმები! - მარტო ნოვაკი კი არა მთელი ოჯახი გაბლატავდა და დაიწყეს ფედერერის და ნადალის ძაგება! - არასოდეს არ ყოფილა რომ თავისი ზეობის დროს ნადალს და მის ბიძას რამე აუგად ეთქვა ფედერერზე! - პირიქით ფედერერს რომ უარყოფითი ბალანსი აქვს ნადალთან, ამასტან დაკავშირებით ტონი ნადალი იძახდა რომ ეგ არაფერს ნიშნავს ფედერერი მაინც პირველიაო - რაფასაც უარყოფითი ბალანსი აქვს დავიდენკოსთან, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ დავიდენკო ჯობიაო!
brola
13:16 18-09-2013
0

სიახლეები პოპულარული