ბათუმში ერთეულებს მხოლოდ სოფიო შაფათავა შემორჩა

AutoSharing Option
ბათუმში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) სასტარტო შეხვედრები გაიმართა.

ერთეულებში ოთხი ქართველი ჩაება და პირველი წრის შემდეგ ასპარეზობას მხოლოდ ერთი შემორჩა - სოფიო შაფათავა, რომელიც მე-6 ნომრადაა განთესილი.

თბილისელმა სპორტსმენმა კვალიფიკაციიდან აღზევებული გერმანელი ქრისტინა შაკოვეცი დაამარცხა 2 სეტში - 6:3, 6:2 და მეორე წრეში ასევე ალემანს - ანა ცაიას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა 17 სექტემბერს მარგალიტა ჩახნაშვილს აჯობა - 6:4, 7:5.

სოფიო ქვაცაბაიამ მე-5 ნომერ ილონა კრემენთან (უკრაინა) წააგო - 2:6, 3:6, ხოლო ეკატერინე გორგოძე სამსეტიანი პაექრობის შემდეგ
დანებდა რუს მარგარიტა ლაზარევას - 6:4, 3:6, 3:6.

წყვილებში მარგალიტა ჩახნაშვილმა და სოფიო ქვაცაბაიამ სტარტზე მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) და ლაურა პიკოშის (ბრაზილია) აჯობეს - 6:4, 7:6, სოფიო შაფათავას და ეკატერინე გორგოძის დუეტმა კი მე-4 ნომრად განთესილი ირინა ხრომაჩევას და ეკატერინა იაშინას (ორივე - რუსეთი) ტანდემი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:4.

მეოთხედფინალში ქართველთა წყვილები გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

ტურნირში მონაწილეობდა თამარ ჭალაგანიძისა და ბაბილინა მაჩაიძის დუეტიც, რომელმაც უშანსოდ წააგო მე-3 ნომერ იაპონელებთან - მისა ეგუჩისა და აკიკო ომაესთან - 1:6, 0:6.

მარიამ ბოლქვაძე ამინა ანშბასთან (რუსეთი) ერთად იბრძოდა მეოთხედფინალში გასასვლელად, მაგრამ ალონა ფომინასა (უკრაინა) და ქრისტინა შაკოვეცთან (გერმანია) ვერაფერი გააწყო - 2:6, 2:6.

ანა ტატიშვილი, რომელიც რეიტინგში 227-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, 18 სექტემბრიდან აბლუკერკის (აშშ) ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) ჩაებმება.

სტარტზე იგი მე-4 ნომერ ამერიკელ მარია სანჩესს შეხვდება. წყვილებში ანა და ირინა ფალკონი (აშშ) პირველ ნომრად არიან განთესილნი და შეჯიბრებას ჰსუსა და მელიჩარის (აშშ) გამოცდით დაიწყებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული