პატ კეში: რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერს სჯობს

AutoSharing Option
უიმბლდონის 1987 წლის ჩემპიონმა, ავსტრალიელმა პატ კეშმა ესპანელი რაფაელ ნადალისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის საინტერესო შედარება გააკეთა:

"ეჭვგარეშეა, რომ დღეს ნადალი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელია. იმაშიც არავის ეპარება ეჭვი, რომ 2013 წლის ბოლოს ის მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება. შესაძლოა, ის უფრო შორს წავიდეს და დაამხოს როჯერ ფედერერის რეკორდი "დიდი სლემზე" მოპოვებული ტიტულების რაოდენობით. თუმცა მიმაჩნია, რომ მთელს ამ რე
კორდებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

სტატისტიკის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ნადალს აქვს ოლიმპიადის ოქრო, დევისის თასი და "დიდი სლემის" ყველა ტიტული.
ეს საკმაოდ სოლიდური არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ როგორც მოთამაშე, ის უკეთესია, ვიდრე ფედერერი. მით უმეტეს, რომ რაფა მუდმივად ამარცხებს როჯერს. მათი ურთიერთდაპირისპირებიდან აშკარაა, რომ ნადალი უკეთესია.

სხვა საქმეა, ვისი თამაშია უფრო სასიამოვნო სანახავია? ვის უფრო დიდი ოსტატობა აქვს? ამაზე დავა მეორედ მოსვლამდე შეიძლება.

ფედერერის თამაშის ყურება ყველაზე მეტად მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ რაფასა და ნოვაკის ბრძოლებიც ბრწყინვალეა. მათი მეტოქეობა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ისინი ერთ სტილში თამაშობენ, თითქმის იდენტურად. უკანა ხაზზე თამაშში მათ ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ პირადად მე მრავალფეროვნება მიყვარს.

ადამიანებს საერთოდ უყვართ მრავალფეროვნება. არ მოგვწონს ერთნაირი მატჩების ყურება ერთნაირი დარტყმებით. მოთამაშეებმა უნდა შეძლონ თამაშის ვარირება, მათ კი თითქმის ყველას ერთნაირი ტაქტიკა აქვთ - უბრალოდ, ერთნი მას უკეთ იყენებენ, მეორენი – უარესად. ნადალისა და ჯოკოვიჩის მატჩები - ეს შესანიშნავია, მაგრამ საჭიროა თამაშს უფრო მასშტაბურად შეხედონ".

ესპანეთი მოიას ჩააბარეს
წარსულში ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი, როლან გაროსის 1998 წლის გათამაშების ჩემპიონი და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, 37 წლის კარლოს მოია 2014 წლის სეზონიდან დევისის თასზე ესპანეთის ნაკრების ახალი კაპიტანი გახდება. რაც შეეხება გუნდის ამჟამინდელ დამრიგებელს ალექს კორეჩას, ის ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციაში გააგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ წელს ესპანეთმა ჩააგდო დევისის თასის გათამაშება - წააგო პირველივე ეტაპი და ცოტა ხნის წინ, პლეი ოფის თამაში მოუწია მსოფლიოს ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად. ამ შეხვედრაში პირენეელებმა რაფა ნადალის დახმარებით 5:0 სძლიეს უკრაინას.

2014 წელს, ესპანეთი დევისის თასის გათამაშებას გერმანიასთან მერვედფინალით დაიწყებს.

ჯერ გოგო, ახლა ბიჭი
ყოფილმა ბელგიელმა ჩოგბურთელმა, აშშ-ის ღია პირველობის სამგზის ჩემპიონმა კიმ კლაისტერსმა ვაჟი გააჩინა. ამის შესახებ მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა თავისი "ტვიტერის" მეშვეობით შეატყობინა თაყვანისმცემლებს. კიმისთვის ეს მეორე შვილია - პირველი გოგონაა, რომელსაც ჯადა ჰქვია.

"ჯეკ ლეონ ლინჩი დაიბადა! ის საღამოს შვიდ საათზე მოევლინა სამყაროს. თავს კარგად ვგრძნობთ. მისი უფროსი და, დედა და მამა ძალიან ამაყები და ბედნიერები არიან", - იტყობინება კლაისტერსი.

კიმმა კარიერის დასრულების შესახებ 2012 წელს მიიღო გადაწყვეტილება.

თამაშების ჩამწყობი თინეიჯერი
18 წლის იტალიელი ჩოგბურთელი კლაუდია კოპოლა (WTA-ის რეიტინგის 869-ე ნომერი) ნახევარი წლით არის დისკვალიფიცირებული ჩაწყობილი მატჩების ორგანიზებისთვის. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ჩოგბურთელმა უკვე აღიარა დანაშაული. კლაუდიას აღიარებით, ის სხვა მოთამაშეებს მიმართავდა წინადადებით, რომ მის წინააღმდეგ მთელი ძალით არ ეთამაშათ.

დისკვალიფიკაციის გარდა, კოპოლას დაუწესეს ჯარიმა 4 ათასი დოლარის ოდენობით, რომელიც შეიძლება 3 ათასამდე შემცირდეს, თუ იტალიელი სპეციალურ ანტიკორუპციულ ტრენინგს გაივლის.


დავამატებთ, რომ კოპოლამ კარიერაში 57 მატჩი ჩაატარა და 8 301 დოლარი გამოიმუშავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული