ჟო-ვილფრიდ ცონგას დაბრუნება გაუფუჭეს

AutoSharing Option
დევისის თასის მატჩების შემდეგ განახლდა ჩვეულებრივი ცხოვრება ATP-ის ტურში: გასულ კვირას გაიმართა ATP250-ის კატეგორიის ორი ტურნირი.

ერთ-ერთს მასპინძლობდა რუსეთის ქალაქი სანკტ-პეტერბურგი, სადაც ბევრ ცნობილ ჩოგბურთელს გაუმარჯვია, მათ შორის, ბრიტანელ ენდი მარეის. თუმცა ამჯერად სატურნირო ბადის შემადგენლობა ძლიერი არ ყოფილა.

ადგილობრივ პუბლიკას საკუთარი ჩოგბურთელების წარმატების იმედი ჰქონდა, მაგრამ მეორე წრის შემდეგ ტურნირზე რუსეთი მხოლოდ დმიტრი ტურსუნოვით იყო წარმოდგენილი. ძალიან შორს წასვლა ვერც მან შეძლო და ნახევარფინალში გადასასვლელი მატჩი წააგო პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან. ეს უკანასკნელი კარიერაში პირველად გავიდა ATP-ის ტურნირის ნახევარფინალში.

სოუზამ
ვერ შეძლო შემდეგი ბარიერის გავლა - წააგო მიხაილ იუჟნის მძლეველ გილერმო გარსია ლოპესთან. ესპანელი წელს მეორედ გავიდა ფინალში. მისი პირველი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა - მან ბუქარესტში წააგო გადამწყვეტი მატჩი ჩეხ ლუკაშ როსოლთან.

ბადის ზედა ნახევარში ტურნირის პირველი ნომრის, ფაბიო ფონინის გამოთიშვის შემდეგ ფავორიტის სტატუსი ერნესტ გულბისმა მოიპოვა. ლატვიელს მხოლოდ ესტონელ იურგენ ზოპთან მატჩში გაუჭირდა, დანარჩენ შეხვედრებში კი ძალების ზედმეტი დაძაბვის გარეშე გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ მატჩში გულბისი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა. ის ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და უსაფუძვლოდ არ ფიქრობდა სეზონში მეორე და კარიერაში მეოთხე ტიტულის მოპოვებას. ფინალმა გაამართლა მაყურებლის მოლოდინი. გარსია ლოპესი პირველ პარტიაში კარგად იცავდა თავს და მეტოქის შეცდომების ხარჯზე მიიწევდა წინ. გილერმომ სამი ბრეიკი გააკეთა, რასაც გულბისმა ერთით უპასუხა.

მეორე სეტში გაგრძელდა ესპანელის კარგი თამაში და როცა ის 4:1 დაწინაურდა, ფინალის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა. იმ მომენტში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გარსია ლოპესი დარჩენილ დროში ვერც ერთ გეიმს ვერ აიღებდა, მაგრამ თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა.

ლატვიელმა ჯერ ნულზე მოიგო თავისი მოწოდება, შემდეგ კი მაქსიმალური სარგებელი ნახა მეტოქის შეცდომებზე. ესპანელმა მოულოდნელად დაუჯერებელი რაოდენობის შეცდომების დაშვება დაიწყო, თანაც საკმაოდ უბრალო სიტუაციებში. გულბისმა 1:4-დან ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და მოიგო მეორე სეტი.

მესამე სეტში კი კორტზე მხოლოდ ერნესტს ვხედავდით, რომელმაც ზედიზედ მოგებული გეიმების რაოდენობა 11-მდე აიყვანა – 3:6, 6:4, 6:0. როგორც გითხარით, ლატვიელმა ამ სეზონში მეორე ტიტული მოიგო. პირველად ეს თებერვალში დელრეი ბიჩში გააკეთა.

* * *
გასული კვირის მეორე ტურნირს საფრანგეთის ქალაქი მეცი იღებდა. ორგანიზატორებმა სცადეს შეეკრიბათ ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელები, მაგრამ რიშარ გასკე ვერ დაითანხმეს.

ტურნირის მთავარი ინტრიგა იყო ჟო-ვილფრიდ ცონგას გამოსვლა, რომელიც პირველად გავიდა კორტზე უიმბლდონის შემდეგ. ტრავმით გამოწვეულმა ორთვიანმა პაუზამ, ბუნებრივია, სერიოზულად იმოქმედა ფრანგის მზადყოფნაზე, თუმცა მეცში ჟო თანდათანობით შედიოდა ფორმაში. ფინალამდე ბოლო ორი რაუნდი მან გერმანელების - ტობიას კამკესა და ფლორიან მაიერის წინააღმდეგ ჩაატარა და ორივეში სამ სეტში მოიგო.

ტურნირის პირველი ნომრის მეტოქე ფინალში მეორე ნომერი – ჟილ სიმონი გახდა. მან, ჟოსგან განსხვავებით, ფინალამდე ყველა მატჩი ორ სეტში მოიგო. ფრანგულ დაპირისპირებაში ბრძოლა არ გამოვიდა. სიმონი საათსა და 11 წუთში გაუმკლავდა ნომინალურ ფავორიტს – 6:4, 6:3. რა თქმა უნდა, ცონგა შორს არის ოპტიმალური ფორმისგან და ასეთი თამაშით მას გაუჭირდება წლის შემაჯამებელი ტურნირის საგზურის მოპოვება.

რაც შეეხება ფინალის მსვლელობას, ცონგა ძალიან ბევრს ცდებოდა, ამასთან, აგრესიული თამაში არ შველოდა მას მიღებაზე - მხოლოდ ერთი ბრეიკი გააკეთა ჩოგბურთელთან, რომლის ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა მოწოდება. სიმონმა კარიერაში მე-11 ტიტული მოიპოვა, 2013 წელს კი ეს მისთვის პირველი გამარჯვება იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ტრავმიანობა ბალახის ბრალი არ არის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული