ნოვაკ ჯოკოვიჩის ქორწილი ერთი წლის შემდეგ

AutoSharing Option
სასიხარულო ინფორმაცია შეიტყვეს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის თაყვანისმცემლებმა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი თავის შეყვარებულზე - ელენა რისტიჩზე დაქორწინებას აპირებს.

ნოვაკისა და ელენას ურთიერთობა დაახლოებით რვა წელია გრძელდება. სავარაუდოდ, ქორწილი 2014 წლის ბოლოს შედგება, ცერემონიის ჩატარების ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის. "დიახ, ისინი დანიშნულები არიან. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია. მე მათ ბედნიერებას ვუსურვებ", - განაცხადა ჯოკოვიჩის დედამ.

"ელენა - მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულია. ის ამბიციური და ძლიერი გოგონაა. როჯერ ფედერერმა გააუმჯობესა თავისი თამაში და ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადი გახდა მას შემდეგ, რაც
მიროსლავა ვავრინეცზე იქორწინა. ჩემი დროც დადგება
", - თქვა ამას წინათ ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

რაფამ აბუ დაბი დაადასტურა
მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი მონაწილეობას მიიღებს აბუ დაბის საგამოფენო ტურნირში, რომელიც ამ წლის ბოლო დღეებში გაიმართება.

ნადალის გარდა, საემიროების დედაქალაქში გამოსვლა დაადასტურა რეიტინგის ტოპ-სამეულის ორმა სხვა წევრმა – სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ბრიტანელმა ენდი მარეიმ. ექვსკაციანი ტურნირის კიდევ სამი მონაწილე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"წარუმატებელი გასული წლის შემდეგ მე დაპირება მივეცი არაბ გულშემატკივრებს, რომ აბუ დაბიში კიდევ დავბრუნდებოდი. კარგია, რომ ეს ასე მალე მოხდება. ეს იქნება აქ ჩემი მეხუთე გამოსვლა. ვფიქრობ, აბუ დაბის ტურნირი სეზონის წინ მზადყოფნის შემოწმების კარგი შესაძლებლობაა. დარწმუნებული ვარ, ბრძოლა დაძაბული იქნება და იმედია, ამ ტიტულს მესამედ მოვიგებ. აბუ დაბიში ატმოსფერო ყოველთვის შთამბეჭდავია", - ამბობს ნადალი.

ტრადიციული საგამოფენო ტურნირი Mubadala World Tennis Championships 26-28 დეკემბერს გაიმართება. ადრე ნადალს აბუ დაბი 2010 და 2011 წლებში აქვს მოგებული. შარშან ტურნირის ჩემპიონი გახდა ჯოკოვიჩი.

ჩილიჩმა უიმბლდონზე იცრუა
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ხორვატმა მარინ ჩილიჩმა გამოიგონა მუხლის ტრავმა უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას იმის გამო, რომ დაემალა ნეგატიური ინფორმაცია დადებით დოპინგ-სინჯზე. შეგახსენებთ, რომ მაშინ ჩილიჩი არ გავიდა მეორე წრის მატჩზე ფრანგი კენი დე შეპერის წინააღმდეგ.

როგორც იცით, ხორვატი ჩოგბურთელი ცხრა თვით არის დისკვალიფიცირებული დოპინგის მიღებისთვის. დადებითი შედეგი აჩვენა სინჯმა, რომელიც მისგან მიუნხენის ტურნირზე აიღეს. ორგანიზმში აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატის – ნიკეტამიდის კვალი, რომელიც სტიმულატორის ფუნქციას ასრულებს.

დისკვალიფიკაცია ძალაში 2013 წლის პირველ მაისს შევიდა და ის 2014 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული