დავიდ ნალბანდიანი ჩოგბურთიდან წავიდა

AutoSharing Option
ცნობილმა არგენტინელმა ჩოგბურთელმა დავიდ ნალბანდიანმა პროფესიული კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ მან სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

31 წლის ჩოგბურთელის თქმით, მან ბოლომდე ვერ შეძლო მხრის ტრავმის მორჩენა, რომელიც მთელი წელია აწუხებს და კორტზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. ნალბანდიანი საჩოგბურთო პუბლიკას 23 ნოემბერს გამოეთხოვება, როცა ბუენოს აირესში ჩაატარებს საგამოფენო შეხვედრას ესპანელი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ.

"ახლა მე რთული პერიოდი მიდგას, - განაცხადა ნალბანდიანმა. - მხარი ინტენსიური ვარჯიშის საშუალებას არ მაძლევს, ამ სიტუაციაში კი უაზრობაა კორტზე დაბრუნებაზე ფიქრი. ჩემთვის ეს უმძიმესი დღეა, რადგან
კარიერის დასრულების შესახებ უნდა გამოვაცხადო".

ნალბანდიანი ATP-ის ტურში 2000 წლიდან გამოდიოდა. მას ერთეულთა თანრიგში მოგებული აქვს 11 ტურნირი, მათ შორის, 2005 წელს სეზონის შემაჯამებელი ჩემპიონატი. რეიტინგში მისი საუკეთესო პოზიცია მესამე ადგილი იყო - ეს 2006 წლის სეზონში მოხდა.

"დიდი სლემის" ტურნირებზე დავიდს გამარჯვებისთვის არ მიუღწევია, თუმცა 2002 წელს უიმბლდონის ფინალამდე მიაღწია, სადაც ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან დამარცხდა. გარდა ამისა, არგენტინელმა ორჯერ ითამაშა ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში. მის მიერ კორტზე გამომუშავებულმა საერთო ჰონორარმა 11 114 000 დოლარი შეადგინა.

ჯოკოვიჩი მწვრთნელს შეიცვლის?
არ არის გამორიცხული, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მომავალი სეზონის წინ მწვრთნელი შეიცვალოს.

ფრანგულ გამოცემა "ეკიპს" მოჰყავს ჩოგბურთელის მეგობრისა და ყოფილი სპარინგ-პარტნიორის, დუშან ვემიჩის სიტყვები, საიდანაც ვიგებთ, რომ ნოვაკი უკმაყოფილია იმით, თუ როგორ ჩაიარა 2013 წლის სეზონმა მარიან ვაიდას ხელმძღვანელობით.

მიმდინარე წელს ნოვაკმა "დიდი სლემის" ტურნირებზე სამიდან ორ ფინალი წააგო, თანაც, ორივე შემთხვევაში რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

"მე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე მისი გარემოცვის სხვა წევრებმა, მაგრამ ყველა საიდუმლოს არ გავამხელ. თუ ნოვაკი დარწმუნდება, რომ რაღაც შესაცვლელია, ის ამას აუცილებლად გააკეთებს. ის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის მომავალი სეზონი წარმატებული იქნება. ჯოკოვიჩი უკვე მუშაობს ამისთვის", - განაცხადა ვემიჩმა.

ჯოკოვიჩმა, ისევე, როგორც რაფაელ ნადალმა, უკვე გაინაღდა ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში.

რეკორდი 3 მილიონით გაიზარდა
ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა კვლავ გაზარდეს ტურნირზე საპრიზო ფონდი - წლევანდელთან შედარებით, 2014 წელს მელბურნის კორტებზე 3 მილიონი დოლარით მეტი გათამაშდება.

ამა წლის იანვარში ავსტრალიაში "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში სარეკორდო საპრიზო ფონდი გათამაშდა - ჩოგბურთელებს ჯამში 30 მილიონი დოლარი გადაუხადეს. 2014 წელს ეს თანხა 33 მილიონს გაუტოლდება. ასე რომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ავსტრალიის ღიას ორგანიზატორებმა საერთო საპრიზო ფონდი ჯამში 7 მილიონით გაზარდეს.

"ჩვენ ამის შესახებ ერთი წლის წინ ვლაპარაკობდით და ახლა მიცემულ სიტყვას ვასრულებთ. ეს ბრწყინვალე ჩოგბურთელები მათთვის გადახდილ თითოეულ ცენტს იმსახურებენ, ჩვენ კი ვაგრძელებთ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ პროფესიონალი მოთამაშეების ცხოვრება კიდევ უფრო მეტად შეესაბამებოდეს მათ სტატუსს.

"დიდი სლემის" ტურნირები განსაზღვრავს
ჩოგბურთის მომავალს, მაგრამ ჯერჯერობით ყველა საჩოგბურთო გაერთიანება არ გვიდგას გვერდში", - განაცხადა ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კრეიგ ტაილიმ.

2013 წელს, ავსტრალიის ღია პირველობა ერთეულთა თანრიგში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ბელორუსმა ვიქტორია აზარენკამ მოიგეს. ამისთვის თითოეულმა 2.5 მილიონი დოლარი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნადალი და ნალბანდიანი დაძმობილდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული