ისინი ლონდონში მიდიან

AutoSharing Option
პარიზში მიმდინარე მასტერსზე მერვედფინალური ეტაპის შემდეგ გაირკვა წლის შემაჯამებელი ტურნირის ყველა მონაწილე. ბოლო ორი ჩოგბურთელი, რომელმაც ლონდონში გასამგზავრებელი საგზური მოიპოვა, ფრანგი რიშარ გასკე და შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა გახდნენ.

გასკემ და ვავრინკამ სეზონის ბოლო ტურნირში თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც მერვედფინალში კანადელმა მილოშ რაონიჩმა 6:7, 4:6 წააგო ჩეხ ტომაშ ბერდიხთან. იმისთვის, რომ ლონდონში გამგზავრების უფლება მიეღო, რაონიჩს პარიზში ფინალში გასვლა სჭირდებოდა.

გასკემ, რომელიც მეცხრე ადგილს იკავებს "ჩემპიონთა რბოლაში", ლონდონში მოხვედრა ბრიტანელი ენდი მარეის ტრავმის წყალობით შეძლო. ენდის გარანტირებული ჰქონდა წლის
შემაჯამებელ ტურნირზე გამოსვლა, მაგრამ ზურგის ტრავმის გამო თქვა უარი თამაშზე.

ფრანგი მეორედ ითამაშებს წლის დასკვნით ტურნირში, ვავრინკას კი დებიუტი ექნება. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ATP-ის შემაჯამებელ ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვეს: ესპანელმა რაფაელ ნადალმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ესპანელმა დავიდ ფერერმა, არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა.

საინტერესოა, რომ პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში წლის შემაჯამებელი ტურნირის რვავე მონაწილე გავიდა, ასე რომ, საფრანგეთის დედაქალაქში ლონდონის ერთგვარ რეპეტიციას ვიხილავთ.

წილისყრა კალიარიში
იტალიის ქალაქ კალიარიში გაიმართა ქალთა შორის მსოფლიოს არაოფიციალური გუნდური ჩემპიონატის - ფედერაციის თასის წილისყრა. გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც იტალია რუსეთს უმასპინძლებს, ამ უქმეებზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ იტალია ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს, იმ დროს, როცა რუსების განაცხადში WTA-ის ტოპ-ასეულის ვერც ერთ წევრს ვერ ვხედავთ.

ფინალის განრიგი ასეთია:
2 ნოემბერი, შაბათი
რობერტა ვინჩი-ალექსანდრა პანოვა
სარა ერანი-ირინა ხრომაჩოვა

3 ნოემბერი, კვირა
სარა ერანი-ალექსანდრა პანოვა
რობერტა ვინჩი-ირინა ხრომაჩოვა
კნაპი/პენეტა-გასპარიანი/კლეიბანოვა

მარეი ისევ ორჭოფობს
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი ზურგის ოპერაციის შემდეგ. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა - კორტზე მაშინ დაბრუნდება, როცა ასი პროცენტით იქნება მზად.

26 წლის მარეი 2013 წლის სეზონის დასკვნით ნაწილს ტრავმის გამო ტოვებს. მაისში, ბრიტანელი იძულებული იყო უარი ეთქვა როლან გაროსზე, სექტემბერში კი წარუმატებლად გამოვიდა აშშ-ის ღია პირველობაზე. მარეის, რომელსაც სექტემბერში ოპერაცია გაუკეთეს, ვერ ვიხილავთ წლის შემაჯამებელ ტურნირზე და არ არის გამორიცხული, მან გამოტოვოს 2014 წელს "დიდი სლემის" პირველი ჩემპიონატი - ავსტრალიის ღია პირველობა.

"ავსტრალიის ღია პირველობის გამოტოვება დიდი იმედგაცრუება იქნება, რადგან ეს არის წლის ერთ-ერთი მთავარი ტურნირი, - ამბობს მარეი Sky Sports-თან კომენტარში. - მაგრამ, როცა გრანდიოზულ გეგმებს ისახავ, განსაკუთრებით ზურგზე ოპერაციის შემდეგ, მაქსიმალურად წინდახედული უნდა იყო. არ ღირს ავსტრალიაში ერთი მატჩისთვის წასვლა.

როცა კორტზე დავბრუნდები, მინდა ისეთ ფორმაში ვიყო, რომელიც საკმარისი იქნება ტურნირზე გამარჯვებისთვის. შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას? ეს ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული. არ ვარ მზად პროგნოზების გასაკეთებლად, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. უახლოეს დღეებში ვაპირებ ორი-სამი მსუბუქი ვარჯიშის ჩატარებას ჩოგნით, რათა გავიგო, როგორ მიდის აღდგენითი პროცესი".

თუ მოვლენები სასურველი სცენარით განვითარდება, მარეი დეკემბერში გეგმავს საგამოფენო ტურნირში გამოსვლას, რომელსაც ბარბადოსი უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერენა უილიამსის 10 გაელვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული