ATP-ის ახალი შეფი, ახალი მიზნები

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ყოფილი დირექტორი, ბრიტანელი ფუნქციონერი კრის კერმოდი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ახალი პრეზიდენტი გახდა. ბრიტანული პორტალის, The Tennis Space-ის მიმომხილველი საიმონ კემბერსი ასახელებს ხუთ პრიორიტეტსა და მიზანს, რომელიც მამაკაცთა ჩოგბურთის ახალი ხელმძღვანელის წინაშე დგას.

კორტის საფარის სისწრაფის გაზრდა
ბოლო წლებში მოედნის საფარის უნივერსალიზაციამ, ჩოგნების ტექნოლოგიათა ზრდასთან ერთად, მოთამაშეთა შესაძლებლობების სერიოზული ამაღლება გამოიწვია. ამასთან, ასევე გაიზარდა მატჩების ხანგრძლივობა, ხოლო თამაშის სტილი - "ჩაწოდება-ბადესთან გასვლა", პრაქტიკულად, ისტორიას ჩაბარდა.

თუ გვსურს ჩოგბურთისადმი ინტერესის გაზრდა, აუცილებელია სათამაშო სტილის გამრავალფეროვნება.
ასე რომ, საკმარისია გაიზარდოს ჰარდის კორტების საფარის სისწრაფე და მივიღებთ სწრაფ და ლამაზ გათამაშებებს; აგრეთვე, შემცირდება მატჩების ხანგრძლივობა.

ტელევიზიას ეს უნდა მოეწონოს, ისევე, როგორც ჩოგბურთელებს, რადგან მათ ორგანიზმზე დატვირთვა შემცირდება. თავის მხრივ, ეს გამოიწვევს სეზონის ხანგრძლივობის შემცირების შესახებ მუდმივი მსჯელობისა და მოთხოვნების შეწყვეტას.

ანტისადოპინგო პროგრამის დაფინანსების გაზრდა
ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ჩოგბურთში, მას ეცოდინება, რომ დოპინგთან ბრძოლის პროგრამის დაფინანსება მიზერულია იმ თანხებთან შედარებით, რომელიც ATP-ში შედის სპონსორებისგან და რომელსაც ჩოგბურთელებს უხდიან ჰონორარის სახით. თავის დროზე, ენდი მარეი სთავაზობდა, ATP-ის საპრიზო თანხებიდან ფიქსირებული პროცენტი გამოეყო დოპინგთან საბრძოლველად, მაგრამ მამაკაცთა ტურს ისედაც შეუძლია თავად დააფინანსოს საკმაოდ ეფექტური კამპანია.

ნოვაკ ჯოკოვიჩის ამასწინანდელმა კრიტიკამ, ვიქტორ ტროიცკის საქმესთან დაკავშირებით, გარკვეული შედეგი მოიტანა. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია მოთამაშეებს საშუალებას მისცემს, ტესტების ჩაბარების დროს კონსულტაციისთვის მიმართონ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენლებს, რათა თავიდან აიცილონ სავარაუდო პრობლემები.

მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. როცა წამყვანი ჩოგბურთელი ხმამაღალ განცხადებას აკეთებს და ამასთან, ეყრდნობა მხოლოდ თავისი მეგობრის სიტყვებს, ეს გულშემატკივარმა შეიძლება აღიქვას, როგორც ჭეშმარიტება ბოლო ინსტანციისგან.

მოთამაშეები უკეთ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ანტისადოპინგო სისტემების მუშაობის შესახებ, მაგრამ, ამასთან, კერმოდი საკმარისად ძლიერი უნდა იყოს იმისთვის, რომ მიუთითოს ჩოგბურთელებს მათი არასწორი პოზიციის შესახებ. თუ ის მოახერხებს სხვადასხვა წყაროდან ტესტების მონაცემთა სინქრონიზაციას, ამით ყველა მხოლოდ მოგებული დარჩება.

მეტი იფიქროს "პატარა ადამიანებზე"
"დიდი სლემის" ტურნირების ორგანიზატორებმა თავიანთი სვლა გააკეთეს. ახლა ჯერი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციაზეა. მანაც უნდა იფიქროს საპრიზო თანხების გაზრდაზე. ამასთან, ლაპარაკია არა მხოლოდ ტოპ-მოთამაშეებზე, არამედ ჩოგბურთელებზე, რომლებიც რეიტინგის საუკეთესო ასეულს მიღმა იმყოფებიან და უჭირთ თანამედროვე ჩოგბურთში თავის გატანა.

"ჩელენჯერების" დონეზე კერმოდმა უნდა იპოვოს საპრიზო თანხის გაზრდის საშუალება. თუ ეს ნიშნავს ტურნირების რაოდენობის შემცირებას - დაე, იყოს ასე. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ამოქმედდეს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაც, რომლის ტურნირებზე საპრიზო ფონდი 1998 წლის შემდეგ არ შეცვლილა. დღეისთვის, მოთამაშეთა უმრავლესობა ვერ ახერხებს ღირსეული თანხების გამომუშავებას.

არ შეუშინდეს სერიოზულ ცვლილებებს
ასეთ მაღალ თანამდებობაზე ახალი ადამიანის მისვლა თითქმის ყოველთვის მნიშვნელოვან გარდაქმნებს ნიშნავს. კერმოდმა, ალბათ, უნდა იფიქროს წესებში რამდენიმე ცვლილებაზე. თუ ის შეწუხებულია მატჩების ხანგრძლივობის ზრდით, მაშინ უნდა დააჯარიმოს მოთამაშეები გეიმების მსვლელობისას პირსახოცის გაუთავებელი გამოყენებისთვის. თუ სურს თამაშისადმი ინტერესის გაზრდა, უნდა დაავალდებულოს ტოპ-მოთამაშეებს წყვილთა თანრიგში გამოსვლა და ა. შ.

ასე რომ, კერმოდს მოუწევს აქტიური მუშაობა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან და "დიდი სლემის" ტურნირების ხელმძღვანელებთან.

პრესასთან ურთიერთობის გაუმჯობესება
როცა 2011 წლის ბოლოს ადამ ჰელფანტი წავიდა ATP-ის ხელმძღვანელის პოსტიდან, მისმა მემკვიდრემ ბრედ დრიუიტმა გადაწყვიტა, რომ არ საჭიროებს სპეციალურ განყოფილებას პრესასთან მუშაობის მიმართულებით. შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს სრული ვაკუუმი საინფორმაციო მენეჯმეტის სფეროში. ურთიერთობა ძალიან დაბალ დონეზეა. იმედია, კერმოდი მოიწვევს კომპეტენტურ სპეციალისტს, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, დაალაგებს მასმედიასთან მუშაობას.

ნადალი - ყველა დროის საუკეთესო
საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა ესპანურმა გაზეთმა "მარკამ". მან თავისი მკითხველების მეშვეობით გამოავლინა ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენი.

პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა. მან უკან ჩამოიტოვა ლეგენდარული ველომბროლელი, ტურ დე ფრანსის ხუთგზის ჩემპიონი მიგელ ინდურაინი და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელი პაუ გასოლი.

ნადალის გარდა, ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულზე პრეტენზიას კიდევ ხუთი ჩოგბურთელი აცხადებდა: მანუელ ორანტესი, მანუელ სანტანა, ლილი ალვარესი, კონჩიტა მარტინესი და არანჩა სანჩეს-ვიკარიო.

აღნიშნული გამოკითხვა მიეძღვნა გაზეთ "მარკას" დაარსების 75 წლისთავს. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გასოლმა წარმატება მიულოცა თავის მეგობარს: "უნდა განვაცხადო, რომ რაფა აბსოლუტურად დამსახურებულად აღიარეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენად. ვულოცავ მას! რაფა, შენ საუკეთესო ხარ!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი მაგრად ერთობიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული