გილერმო ოლასო: რუსული მაფიის მსხვერპლი ვარ

AutoSharing Option
ესპანელმა ჩოგბურთელმა გილერმო ოლასომ ჟურნალისტებს მოუყვა თავისი დისკვალიფიკაციის შესახებ, რომელიც მან ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობისთვის მიიღო.

25 დეკემბრის ნომერში ვწერდით, რომ ორგანიზაცია Tennis Integrity Unit-მა (TIU), რომელიც ჩოგბურთში ჩაწყობილ თამაშებს ებრძვის, ოლასოს მონაწილეობა გარიგებულ შეხვედრებში 2010 წელს გამოავლინა. მსოფლიოს რეიტინგის 236-ე ნომერმა ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

"2010 წელს რუსული მაფიის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, რომლებიც სპორტულ მოვლენებზე ფსონების ჩასვლაში სპეციალიზდებიან. შუამავალი იყო სერბი ჩოგბურთელი დავიდ სავიჩი. მე გავლენა უნდა მომეხდინა ასტანაში "ჩელენჯერის" ტურნირის პირველ წრეში ყაზახ დანილ ბრაუნთან მატჩის შედეგზე.

ამ წინადადებამ ძალიან იმოქმედა
ჩემზე. განადგურებული ვიყავი და კორტზე შესაბამისი განწყობით გავედი. მე არ მივიღე მათი წინადადება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხა შემომთავაზეს. არასოდეს მიმიღია მონაწილეობა ჩაწყობილ თამაშებში. ვხვდები, რომ ეს რთული სიტუაციაა. აუცილებელია გავაგებინოთ დანარჩენ მოთამაშეებს, რომ მსგავსი შეთავაზების შემთხვევაში, მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ ATP-ის სპეციალურ ორგანოებს.

მე მემუქრება ჩოგბურთიდან სამუდამოდ მოკვეთა და მსხვილი ფულადი ჯარიმა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გავაპროტესტებ ამ დისკვალიფიკაციას ლოზანას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან ფული არ ამიღია და საკუთარ თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ
", - განაცხადა ოლასომ.

ასტანაში ოლასოსა და ბრაუნის მატჩი 6:3, 6:3 დასრულდა ყაზახი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული