დები უილიამსების დუბლი არ შედგა

AutoSharing Option
2014 წლის საჩოგბურთო სეზონის პირველი კვირა ძალიან დატვირთული აღმოჩნდა - სამ-სამი ტურნირი გაიმართა ქალთა და მამაკაცთა ტურში.

ყველაზე წარმომადგენლობითი აღმოჩნდა ბრისბენის ტურნირი ქალებს შორის, რომელშიც ერთბაშად სამი ვარსკვლავი იყო წარმოდგენილი - მოქმედი ჩემპიონი სერენა უილიამსი, ვიქტორია აზარენკა და მარია შარაპოვა. ამერიკელს ორივე კონკურენტთან მოუწია თამაში: ჯერ ნახევარფინალში ორ სეტში მოუგო შარაპოვას, შემდეგ კი ასევე ორ პარტიაში სძლია აზარენკას - 6:4, 7:5.

ფინალში უილიამსმა შედარებით იოლად მოიგო პირველი სეტი, მეორეში კი დიდი ხანი ბელარუსი ჩოგურთელი ლიდერობდა, მაგრამ 5:4-ზე ზედიზედ სამი გეიმი
წააგო და საათსა და 39 წუთში დამარცხდა. სერენამ სეზონში პირველი და კარიერაში 58-ე ტიტული მოიპოვა, რამაც მას 196 670 დოლარი მოუტანა.

გასულ კვირას, შეიძლებოდა გვეხილა დები უილიამსების დუბლი, რადგან ოკლენდის ტურნირის ფინალში გავიდა უფროსი უილიამსი, თუმცა ვინუსმა წააგო გადამწყვეტი შეხვედრა სერბ ანა ივანოვიჩთან - 2:6, 7:5, 2:6. სერბისთვის ეს იყო მხოლოდ მეორე მოგება უფროსი უილიამსის წინააღმდეგ ჩატარებულ ათ შეხვედრაში.

მესამე ტურნირი ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, იქ იოლად დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ჩინელმა ნა ლიმ. მან გადამწყვეტ მატჩში საათსა და 49 წუთში დაამარცხა თანამემამულე შუაი პენგი - 6:4, 7:5. ორივე ჩოგბურთელი არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა საკუთარ გეიმებში: ნა ლიმ ხუთი ბრეიკი გააკეთა, პენგს კი შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და სამი შანსი გამოიყენა. სხვათა შორის, ლის ამ მატჩში შვიდი ორმაგი დაუგროვდა.

ნა ლისთვის ეს იყო მერვე ტიტული კარიერაში.

ნადალმა მეშვიდე ათეული გახსნა
გამარჯვებით დაიწყო ახალი სეზონი ATP-ის პირველმა ნომერმა რაფაელ ნადალმა. ესპანელმა დოჰას ტურნირის მსვლელობისას სამი სეტი წააგო, მათ შორის, ფინალურ მატჩში, თუმცა კმაყოფილება გამოთქვა თავისი თამაშით და განაცხადა, რომ ასეთი სპორტული ფორმით ავსტრალიის ღია პირველობაზე წარმატების მიღწევის იმედი აქვს.

ნადალი გადამწყვეტ მატჩში ფრანგ გაელ მონფილს შეხვდა და მეორე სეტში ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით, დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია - 6:1, 6:7(5), 6:2. ფინალი საათი და 59 წუთი გაგრძელდა და რაფამ მონფილსთან ურთიერთშეხვედრებში 9:2 წაიყვანა ანგარიში.

ნადალისთვის ეს იყო 61-ე ტიტული კარიერაში, რითაც მან გაუსწრო ლეგენდარულ ამერიკელ ანდრე აგასის. ახლა, ესპანელზე წინ ტიტულების რაოდენობით ჯიმი კონორსი (110), ივან ლენდლი (94), როჯერ ფედერერი (77), ჯონ მაკინროი (77), ბიორნ ბორგი (64), პიტ სამპრასი (64) და გილერმო ვილასი (62) არიან.

გასულ კვირას საქმეში ვიხილეთ შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ბრისბენის ტურნირის ფინალში გააღწია და იქ უიმბლდონის ყოფილ ჩემპიონს, ავსტრალიელ ვეტერანს ლეიტონ ჰიუიტს შეხვდა. ეს ჩოგბურთელები 27-ედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ფედერერს დიდი უპირატესობა ჰქონდა ურთიერთშეხვედრებში - 18:8, მაგრამ ამჯერად, დანებება მოუწია.

ფედერერმა ერთადერთი ბრეიკი მეორე სეტში გააკეთა და 6:4 მოიგო, მაგრამ პირველ სეტში გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა, მესამეში კი ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება. საბოლოოდ, 2 საათი და შვიდი წუთი ბრძოლის შემდეგ, ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 6:1, 4:6, 6:3.

ლეიტონისთვის ეს იყო 29-ე ტიტული კარიერაში და ის მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მეოთხე ადგილზე გადავიდა. მან გაუსწრო ენდი მარეის (28) და ჩამორჩება ფედერერს, ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს (41).

* * *
გასულ კვირას, ასევე გაიმართა შერეულ წყვილთა არაოფიციალური გუნდური ჩემპიონატი, რომელსაც ჰოპმანის თასის სახელით ვიცნობთ. პირველად ეს ტურნირი საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, რომლის შემადგენლობაში ჟო-ვილფრიდ ცონგა და ალიზ კორნე თამაშობდნენ. ფინალში ფრანგებს პოლონეთის ნაკრები უპირისპირდებოდა. ცონგამ მოუგო გჟეგოჟ პანფილს, მაგრამ კორნე დამარცხდა აგნიეშკა რადვანსკასთან. ყველაფერი გადაწყვიტა მიქსტმა, რომელშიც ცონგამ და კორნემ გაანადგურეს პოლონელთა დუეტი - 6:0, 6:2.

აქამდე, საფრანგეთის ნაკრები ორჯერ იყო ჰოპმანის თასის ფინალში, მაგრამ 1988 და 2012 წლებში წააგო, შესაბამისად, სლოვაკეთთან და ჩეხეთთან.

* * *
ამასობაში, ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ბადეს ორი განთესილი ჩოგბურთელი გამოაკლდა.

მელბურნში ვერ ვიხილავთ სერბ იანკო ტიპსარევიჩს. "სერბი აგრძელებს ფეხის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს", - იტყობინებიან ავსტრალიის ღიას ორგანიზატორები. იანკოს ადგილს ძირითად ბადეში დაიკავებს ჩეხი იან ჰაიეკი.

ასევე ვერ ითამაშებს ავსტრალიის ღიაზე ავსტრიელი იურგენ მელცერი, რისი მიზეზიც მხარის დაზიანებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარია შარაპოვა მოგებით დაბრუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული