ავსტრალიის ღია პირველობა: მარიას თრილერი და დიდი სენსაცია კაცების ბადეში

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა მეორე წრე და გაირკვა ყველა მეთექვსმეტედფინალისტი.

სათამაშო დღე გამორჩეული იყო ბევრი საინტერესო მომენტით. დღის მოვლენად კი შეიძლება მოვნათლოთ 42-გრადუსიანი სიცხე, რის გამოც ორგანიზატორებმა ადგილობრივი დროით 14 საათზე ორი მთავარი კორტი მოძრავი სახურავით გადახურეს, დანარჩენ მოედნებზე კი მატჩები 16 საათისთვის გადადეს. მოგვიანებით მელბურნში გაწვიმდა და ამ მიზეზით შეხვედრების განახლება კიდევ ორი საათით გადაიდო. ამიტომაც სათამაშო დღე ღამის ორ საათამდე გაგრძელდა.

დღის მატჩი
ძალიან რთული გამარჯვება მოიპოვა 16 იანვარს რუსმა მარია შარაპოვამ, რომელიც მსოფლიოს 44-ე ჩოგანს, იტალიელ კარინ
კნაპს ხვდებოდა. მარია მხოლოდ მეორე ტურნირს ატარებს ხუთთვიანი პაუზის შემდეგ და სათამაშო პრაქტიკა აკლია, რაც კარგად გამოჩნდა გუშინდელ მატჩში. შეხვედრა 40-გრადუსიან სიცხეში სამი საათი და 28 წუთი გაგრძელდა. ორგანიზატორებმა კორტის გადახურვა მაშინ მოიფიქრეს, როცა მესამე სეტი იწყებოდა.

"მე მოვიგე პირველი სეტი, ბრეიკი შევასრულე და წინ გავედი მეორეში. უბრალოდ, მომდევნო გეიმის მოგება მჭირდებოდა"
, - დანანებით აღნიშნა მატჩის შემდეგ შარაპოვამ.

მეორე პარტიის წაგების შემდეგ რუსს სამი მატჩბოლი ჰქონდა 5:4-ზე, მაგრამ კნაპმა ჯერ ხაზზე დასვა ბურთი მარცხნიდან დარტყმით, მეორე ჯერზე ბრწყინვალე ფორჰენდი შეასრულა, მესამე მატჩბოლზე კი შარაპოვამ ბადეს მოარტყა ბურთი. იტალიელმა ანგარიში გაათანაბრა - 5:5. ბრძოლა ძალიან დაძაბული იყო და კნაპი ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდა მეტოქეს.

და მაინც, მე-17 გეიმში შარაპოვამ ბრეიკი გააკეთა, რის შემდეგაც შეინარჩუნა საკუთარი მოწოდება და მესამე რაუნდში ფრანგ ალიზ კორნეზე გავიდა - 6:3, 4:6, 10:8.

დღის სენსაცია
ავსტრალიის ღია პირველობას არ შეიძლება ეწოდოს ხუან მარტინ დელ პოტროს საყვარელი ტურნირი. არგენტინელი მელბურნში არასოდეს გასულა მეოთხედფინალზე შორს, მაგრამ არც ისე მომხდარა, რომ მეორე წრის მატჩი წაეგოს მსოფლიოს 62-ე ჩოგანთან.

მაგრამ 16 იანვარს ასეთი რამ მოხდა. მეხუთე ნომრად განთესილმა ოთხსაათიანი მარათონი დათმო ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან - 6:4, 3:6, 7:5, 4:6, 5:7. ეს არის ჯერჯერობით ყველაზე დიდი სენსაცია მამაკაცთა ბადეში.

ფავორიტთა გასეირნება
იოლად მოიგეს თავიანთი მატჩები რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა. ესპანელმა მხოლოდ რვა გეიმი დაუთმო 17 წლის ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისს. ფედერერმა კი ბრწყინვალე სტილში მოუგო პირველი ორი სეტი ბლაჟ კავჩიჩს, მესამეში ოდნავ მოუკლო, მაგრამ მაინც სძლია მეტოქეს ტაი-ბრეიკზე.

ძალიან ახლოს იყო ერთი სეტის წაგებასთან ენდი მარეი. ის ფრანგ ვენსან მიიოსთან მესამე სეტს 1:5-ს აგებდა, მაგრამ სეტბოლი მოიგერია და შემდეგ ზედიზედ 23 (!) გათამაშება თავის სასარგებლოდ დაასრულა.

დღის მებრძოლი
ფრანგმა ჟილ სიმონმა, რომელიც ჯერ კიდევ შაბათს ტრავმირებული კოჭის გამო ყავარჯნებით გადაადგილდებოდა, ავსტრალიის ღიაზე ზედიზედ მეორე ხუთსეტიანი მატჩი მოიგო. ორი დღის წინ მან დანიელ ბრანდსთან 16:14 იმარჯვა მეხუთე სეტში, თანაც, იმ თამაშში ჟილმა შვიდი მატჩბოლი მოიგერია. ახლა კი 3 საათი და 53 წუთი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა ავსტრალიის ღიას ყოფილი ფავორიტი მარინ ჩილიჩი - 4:6, 7:6, 6:7, 6:1, 6:2.

სიმონმა მოიგო მეორე პარტია, რომელშიც ჩილიჩი ორჯერ აწვდიდა სეტზე, მესამეში კი 0:5-დან 6:5 დაწინაურდა...
ახლა სიმონი 1/16-ფინალში თანამემამულე ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება.

დღის ციფრი
წინა დღეს ამერიკელმა სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მოგებათა რიცხვი 60-მდე აიყვანა. 16 იანვარს კი ერთგვარი იუბილე ჰქონდა როჯერ ფედერერს - სლოვენიელ ბლაჟ კავჩიჩთან მოგება 70-ე იყო შვეიცარიელისთვის "მელბურნ-პარკის" კორტებზე.

დღის კურიოზი
დღის კურიოზიც "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის გამარჯვებულს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ავსტრალიის ღიას ორგანიზატორებმა ფედერერის მატჩი არა ცენტრალურ კორტზე, არამედ მნიშვნელობით მეორე მოედანზე დანიშნეს. არადა, აქამდე როჯერს ზედიზედ 63 მატჩი ჰქონდა ჩატარებული როდ ლეივერის სახელობის ცენტრალურ კორტზე.

"ბოლოს მეორე კორტზე ათი წლის წინ ვითამაშე
, - იხსენებს ფედერერი. - ამიტომაც გასახდელიდან ადრე გამოვედი, რათა მოედნამდე მისასვლელი გზა არ ამრეოდა და მატჩზე დროულად გამოვცხადებულიყავი".

სამაგიეროდ, დაიბნენ ფედერერის მეუღლე მიროსლავა და მისი გუნდის სხვა წევრები. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ისინი როდ ლეივერის კორტზე მივიდნენ და მოგვიანებით მიხვდნენ, რომ მეორე კორტზე უნდა გადასულიყვნენ, საითკენაც გზა ნავიგატორის დახმარებით გაიკვლიეს.

"მომეწონა აქ თამაში, რადგან ეს კორტი დიდად არ განსხვავდება როდ ლეივერის არენისგან. პუბლიკაც კარგად იქცეოდა და ატმოსფეროც სასიამოვნო იყო"
, - არ გაუწყრა ორგანიზატორებს ფედერერი.

II წრე
კაცები
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ტანასი კოკინაკისი (ავსტრა) 6:2, 6:4, 6:2; გაელ მონფილსი (საფ, 25)-ჯეკ სოკი (აშშ) 7:6(2), 7:5, 6:2; დონალდ იანგი (აშშ)-ანდრეას სეპი (იტა, 24) 654, 2:6, 6:3, 4:6, 7:5; კეი ნიშიკორი (იაპ, 16)-დუშან ლაიოვიჩი (სერ) 6:1, 6:1, 7:6(3); მილოშ რაონიჩი (კან, 11)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 7:6(9), 6:4, 6:4; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 22)-იენ ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:3, 6:3, 7:6(11); ბენუა პერი (საფ, 27)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა) 6:7(5), 6:7(5), 6:4, 6:2, 6:2; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 5) 4:6, 6:3, 5:7, 6:4, 7:5; ენდი მარეი (ბრიტ, 4)-ვენსან მიიო (საფ) 6:2, 6:2, 7:5; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 26)-მიხაელ ბერერი (გერ) 6:4, 7:6(6), 6:4; სტეფან რობერი (საფ)-მიხალ პრსიეჟნი (პოლ) 7:6(3), 6:1, 6:7(3), 6:1; მარტინ კლიჟანი (სლოვაკ)-ბლაჟ როლა (სლოვენ) 6:4, 6:3, 5:7, 7:6(2); ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 10)-ტომას ბელუჩი (ბრა) 7:6(6), 6:4, 6:4; ჟილ სიმონი (საფ, 18)-მარინ ჩილიჩი (ხორ) 4:6, 7:6(3), 6:7(5), 6:1, 6:2; თეიმურაზ გაბაშვილი (რუს)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 31) 7:6(1), 3:6, 2:6, 6:4, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 6)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:2, 6:1, 7:6(4).

ქალები
ელენა იანკოვიჩი (სერ, 8)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:2, 6:0; კურუმი ნარა (იაპ)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ, 32) 6:4, 6:3; ზარინა დიასი (ყაზ)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 6:4, 6:0; სიმონა ჰალეპი (რუმ, 11)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:4, 0:6, 6:1; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 16)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 7:6(2), 3:6, 8:6; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 20)-სტეფანი ფოგელი (შვეიც) 6:0, 6:1; ალიზ კორნე (საფ, 25)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:3, 4:6, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 3)-კარინ კნაპი (იტა) 6:3, 4:6, 10:8; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:0, 7:5; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 29)-მენდი მინელა (ლუქ) 6:2, 6:2; გარბინ მუგურუსა (ესპ)-ანა შმიედლოვა (სლოვაკ) 6:3, 6:3; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:0, 1:6, 6:2; სლოუნ სტივენსი (აშშ, 13)-აილა ტომლიანოვიჩი (ხორ) 3:6, 6:2, 7:5; ელინა სვიტოლინა (უკრ)-ოლივია როგოვსკა (ავსტრა) 6:4, 7:5; ივონ მოისბურგერი (ავსტრია)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ, 33) 3:6, 6:3, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:1, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ავსტრალიის ღია პირველობა: სერენას რეკორდი და რაფტერის დაბრუნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული