ერთეულთა თანრიგის სტარტზე, როგორც გაუწყეთ, იოლად სძლია კარენ ხაჩანოვს (რუსეთი) - 6:1, 6:4, შემდეგ ტურნირის რეიტინგფავორიტი ნილს დესეინი (ბელგია) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3. მეოთხედფინალში ჩვენებურს ვერც ჩეხმა მარეკ მიხალიკამ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა - 6:7, 3:6. ნახევარფინალში ბასილაშვილმა ასეთივე ანგარიშით მოუგო ბულგარელ დიმიტარ კუტკოვსკის.
26 იანვარს გადამწყვეტი პაექრობის პირველი სეტი მე-2 ნომრად განთესილ მილოსლავ მეჩირთან (სლოვაკეთი) ბასილაშვილმა 2:6 წააგო,
ქართველი ჩოგბურთელის სარეიტინგო მონაგარი 27 ქულით გაიზრდება. სავარაუდოდ, ბასილაშვილი ისევ გერმანიაში რჩება და სამშაბათიდან ახალ, 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.
* * *
დეიტონა ბიჩის (აშშ) ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) პირველ ნომრად იყო განთესილი თბილისელი ანა ტატიშვილი. რეიტინგფავორიტის სტატუსის შესაბამისად, ქართველმა სპორტსმენმაც ზედიზედ ჩამოიშორა გზიდან დია ევტიმოვა (ბულგარეთი, 5:0, მერე ტრავმის გამო მეტოქემ პაექრობა ვერ განაგრძო), ასია მუჰამადი (აშშ, 6:0, 6:4), ტეილორ თაუსენდი (აშშ, 7:5, 6:1), ნახევარფინალში ლაურა ზიგმუნდს (გერმანია, 2:6, 6:3, 6:2) გადაუღობა კვარცხლბეკისკენ მიმავალი გზა, ხოლო 26 იანვარს, ფინალში მე-4 ნომრად განთესილ 18 წლის ამერიკელს, რეიტინგით 255-ე ადგილზე მყოფ ალი კიიკს დაუპირისპირდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტი პაექრობაც ჩვეული ოსტატობით წარმართა და ოთხი წლით უმცროს მეტოქეს წარმატების ყოველგვარი იმედი გადაუწურა - ორ სეტში სძლია მას 6:1, 6:3 და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საკლასიფიკაციო მსოფლიო რეიტინგს 50 ქულით გაიმდიდრებს.
* * *
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ცდიდა ძალებს თამარ კუტუბიძე. წინა კვირას მან, ეკატერინა კუნინასთან ერთად, წყვილებში აბუ დაბის ახალგაზრდული ტურნირი მოიგო. ამჯერად მსგავს წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ არც ცუდად უასპარეზია.
წყვილებში აინურ სულეიმენოვასთან (ყაზახეთი) ერთად მეორე წრეში რუსებთან - ანასტასია ხიკალკინასა და რალინა კალიმულინასთან დამარცხდა - 2:6, 6:4, 9:11. სამაგიეროდ, ერთეულებში ნახევარფინალს უწია: სტარტზე ამინა ანშბას (რუსეთი) სძლია - 6:2, 6:2, მერე მე-5 ნომერი ალინა ზუბკოვა (ბელორუსი) დაამარცხა - 6:4, 6:7, 6:3, მის გზას გაუყენა მე-4 ნომრად განთესილი ინდოელი სანჯაია შუდჰირი - 2:6, 6:2, 6:3, ნახევარფინალში კი ედენ რიჩარდსონთან (დიდი ბრიტანეთი) წააგო - 4:6, 4:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"