რაფაელ ნადალის ზღაპარი დაიწყო

AutoSharing Option
რაფაელ ნადალმა თავის საყვარელ გრუნტზე პირველი ტურნირი ითამაშა. ესპანელი რიო-დე-ჟანეიროში ჩავიდა, სადაც ელიტის მოთამაშეების უმეტესმა ნაწილმა გამოსვლა არ მოისურვა. რვა განთესილიდან ექვსი ესპანეთს წარმოადგენდა და გამონაკლისები მხოლოდ იტალიელი ფაბიო ფონინი და არგენტინელი ხუან მონაკო იყვნენ.

რა თქმა უნდა, საყოველთაო ყურადღება ნადალისკენ იყო მიპყრობილი. პირველ მატჩში მან ერთი ბრეიკი დათმო, მაგრამ ორ სეტში მოუგო დანიელ ხიმენო-ტრავერს (6:3, 7:5). მომდევნო ორ შეხვედრაში კი მხოლოდ ოთხი გეიმი გაიმეტა ალბერტ მონტანიესისა (6:1, 6:2) და ჟოაო სოუზასთვის (6:1, 6:0).

ამით ნადალის იოლი ცხოვრება რიოში დასრულდა.
რაფას მომდევნო მეტოქე იყო ბრწყინვალე ფორმაში მყოფი პაბლო ანდუხარი. მან ტურნირის სტარტი ტომი რობრედოს 6:1, 6:1 განადგურებით დაიწყო, შემდეგ კი ნადალს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. პირველ სეტში რაფაელმა მთლიანად დათმო ინიციატივა და თამაშში მხოლოდ მეორე სეტში დაბრუნდა. თუმცა ანდუხარი მაინც კარგად აწვდიდა და რაფას მთელ მატჩში მხოლოდ ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მის მეტოქეს - 14 (!).

მატჩის ბედი მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც 12:10 დასრულდა ნადალის სასარგებლოდ. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მხოლოდ საკუთარი საბრძოლო ჟინის ხარჯზე გაიმარჯვა - 2:6, 6:3, 7:6.

ფინალში ნადალი უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს გადაეყარა. ამ უკანასკნელმა 2012 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ATP-ის ტურნირის ფინალში თამაშის უფლება. მან ფინალამდე TOP20-ის სამი წარმომადგენელი დაამარცხა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ნახევარფინალში დავიდ ფერერთან იოლი გამარჯვება - 6:4, 6:4, არადა, მანამდე დოლგოპოლოვს რვიდან შვიდი შეხვედრა ჰქონდა წაგებული ამ ესპანელთან.

უკრაინელი არც ფინალში გამოიყურებოდა ცუდად, კარგად აწვდიდა და გრძელ გათამაშებებშიც ხანდახან ამარცხებდა ესპანელს, მაგრამ, საერთო ჯამში, რაფა აკონტროლებდა კორტზე სიტუაციას და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა - 6:3, 7:6(3).

ასე რომ, ნადალმა კარიერაში 62-ე ტიტული გაიფორმა, გრუნტზე კი ეს მისი 43-ე ტრიუმფი იყო.

* * *
ერთადერთი ტურნირი ევროპაში საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაიმართა და იქ ადგილობრივ ჩოგბურთელებს დაერია ლატვიელი ერნესტ გულბისი. მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ნიკოლა მაუ, რიშარ გასკე და ჟო-ვილფრიდ ცონგა. ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო მარსელში კარიერაში მესამე ტიტულის მოპოვება.

საინტერესოა, რომ 2014 წლის კალენდარში მცირე ცვლილების გამო მარსელის ტურნირი დელრეი ბიჩის ტურნირს დაემთხვა, რომელზეც შარშან გულბისმა მთავარი პრიზი მოიპოვა და იქიდან დაიწყო მისი აღმასვლა რეიტინგის მეორე ასეულიდან.

* * *
დელრეი ბიჩში კი ამჯერად მარინ ჩილიჩმა იმარჯვა. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ხორვატი ჩოგბურთელი ბრწყინვალედ გამოიყურება. მან მოიგო საშინაო ტურნირი ზაგრებში, წააგო ფინალი როტერდამში, როცა ჩეხ ტომაშ ბერდიხთან დამარცხდა; ახლა კი დელრეი ბიჩში იყო ყველაზე ძლიერი.

ნახევარფინალში მარინი დამაჯერებლად გაუსწორდა ჯონ ისნერს, რის შემდეგაც გატეხა კევინ ანდერსონის წინააღმდეგობა და კარიერაში მე-20 ტიტული მოიპოვა.

რიო-დე-ჟანეირო
ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 6:3, 7:6(3).

მარსელი
ფინალი
ერნესტ გულბისი (ლატ, 3)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 2) 7:6(5), 6:4.

დელრეი ბიჩი
ფინალი
მარინ ჩილიჩი (ხორ, 7)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 4) 7:6(6), 6:7(7), 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული