ნოვაკ ჯოკოვიჩი: შესაძლოა, მოთხილამურე გამოვსულიყავი

AutoSharing Option
დუბაიში ATP-ის ტურნირი დაიწყო, სადაც თითქმის ყველა ვარსკვლავმა მოიყარა თავი.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ პირველად გავა კორტზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მანამდე კი სერბი მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდა. საუბარი საკმაოდ უჩვეულო გამოვიდა, რადგან მთავარი თემა ჩოგბურთი არ ყოფილა...

- უკვე შვიდი წელია უწყვეტად ხართ მსოფლიო რეიტინგის სათავეში. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ენდი მარეის დამარცხების შემდეგ სამი კვირა გავიდა, ამასთან, ამ დღეებში ოთხი თვის გახდა თქვენი ვაჟი. შეიძლება იმის თქმა, რომ ამ მომენტში ყველაფერი ისე აეწყო, როგორც თავად
ისურვებდით?
- ალბათ, ასეა. დღეს მართლაც არ მაქვს საბაბი ბედის გამო დავიჩივლო. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში იოლად ვერაფერს მოიპოვებ. ჩვენი თამაში იცვლება, ბოლო წლებში გაცილებით მეტი მოთხოვნაა ფიტნესის მხრივ, ამიტომაც ბევრი მუშაობა მიწევს. მაგრამ არ ვმალავ: ამ მომენტისთვის ვამაყობ საკუთარი მიღწევებით.

როცა ჩოგბურთში მოვედი, არ მიფიქრია, რომ 27 წლისთვის ამდენს მივაღწევდი. თუმცა მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. უდიდესი სურვილი მაქვს კიდევ რამდენიმე წელი ასე გავაგრძელო და რაც შეიძლება მეტი მოვიგო. მიმაჩნია, რომ ჩემი თავი, ხელები და ფეხები მზად არის ამისთვის.

- მამობა გაძლევთ აღმაფრენას ახალი სპორტული გმირობებისთვის?
- რა თქმა უნდა! შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის შემოდგომაზე ჩვენს ცხოვრებაში დაიწყო ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. და მინდა გამარჯვებებით გავახარო საკუთარი შვილი, როცა ის ოდნავ წამოიზრდება და მიხვდება, რა საქმით არის დაკავებული მამამისი. ალბათ, თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარ საქმეში წარმატების მისაღწევად დრო და დრო ახალი მოტივაცია სჭირდება. ამ მხრივ, მე დღეს გამიმართლა, რადგან ხელოვნურად არაფრის ძებნა არ მჭირდება. თანამედროვე ჩოგბურთში კონკურენცია უმაღლეს დონეზეა და მართალია, შესანიშნავად ვიცი, რომ იდეალის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ყოველდღიურად ვცდილობ საკუთარი თამაშის სრულყოფას.

- საინტერესოა, გახსოვთ საკუთარი თავი ადრეულ ასაკში?
- რა თქმა უნდა, ოღონდ არა ოთხი თვის ასაკიდან (იცინის). მას შემდეგ, რაც ოთხი წლის ასაკში პირველად ავიღე ჩოგანი ხელში, ჩოგბურთი ძალიან მალე გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა მარტო ჩოგბურთით არ ამოიწურება ჩემი საყვარელი სპორტის სახეობების სია. ჩვენს ოჯახს ყოველთვის მოსწონდა მთებში დროის გატარება, ამიტომაც ჩემი მეორე სპორტული გატაცება - სამთო თხილამურებია. მეტსაც გეტყვით - რომ არა ჩოგბურთი, შეიძლება სამთო მოთხილამურე გავმხდარიყავი.

- რაიმე ტურნირში მიგიღიათ მონაწილეობა?
- დიახ, მაგრამ ძალიან ადრეულ ასაკში - 10-11 წლის.

- საბოლოო პროფესიულ არჩევანში მშობლები დაგეხმარნენ?
- რა თქმა უნდა, თუმცა არავის უცდია ჩემზე ზეწოლა. ნებისმიერ საკითხში ბოლო სიტყვა ყოველთვის ჩემზე იყო. მათ ასე მიაჩნდათ: შვილმა გააკეთოს ის, რაც ყველაზე მეტად სურს. თუმცა მამაჩემი ძალიან გახარებული დარჩებოდა, სამთო თხილამურები რომ ამერჩია.

- რომელმა არგუმენტმა გადაწონა ჩოგბურთის სასარგებლოდ?
- სერბეთი არ არის სამთო თხილამურების ქვეყანა. ჩვენთან ცოტაა სამთო კურორტი, შესაბამისად, რთულია ვარჯიშებისთვის შესაფერისი პირობების მონახვა. ამავდროულად, მესმოდა, რომ ჩოგბურთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისას, სერიოზულ რისკზე მივდიოდი - პირველ რიგში, ამ სპორტში სერიოზული კონკურენციის გამო. მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს კორტზე ჩემი ნიჭი და დაარწმუნეს მშობლები, რომ სწორედ ჩოგბურთია ჩემი მისწრაფება.

- რამდენად ხშირად შეგიძლიათ საკუთარ თავს თხილამურებზე დადგომის უფლება მისცეთ? თქვენს სამედიცინო დაზღვევაში აუცილებლად იქნება შესაბამისი პუნქტი.
- დიახ, ვიცი. პრაქტიკულად აღარ ვსრიალებ, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში. შარშან მქონდა ასეთი შესაძლებლობა, წელს, ჯერჯერობით არა. ამ შემთხვევაში ვერაფერს გავაწყობ - მინიმუმამდე უნდა დავიყვანო შესაძლო რისკი.

რაც არ უნდა იყოს, ლაპარაკია არა მხოლოდ ჩემზე, არამედ კიდევ დიდი რაოდენობით ადამიანებზე, რომლებიც, ასე თუ ისე, დამოკიდებულნი არიან ჩემს ჯანმრთელობაზე, რადგან უშუალოდ ჩემთან მუშაობენ. კარიერის დასრულების შემდეგ იმედია შევძლებ მთებში დაკარგული დროის კომპენსირებას, მაგრამ ჯერჯერობით საკუთარი სურვილების შეზღუდვა მიწევს.

- როგორ ფიქრობთ, როდის ეყოლება სერბეთს საკუთარი ოლიმპიური ჩემპიონი სამთო თხილამურებში?
- ჩვენ ჯერ ჩოგბურთშიც არ მოგვიგია ოლიმპიადა (იცინის). ეს მაქვს გონებაში და ვეცდები ერთხელ გავახარო საკუთარი გულშემატკივრები. რაც შეეხება სამთო თხილამურებს, ამაზე ფიქრით თავს არ ვიღლი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ აქაც მივაღწევთ იმ სიმაღლეებს, რაც ჩოგბურთში გვაქვს.

- გყოფნით თუ არა დღეს დრო სხვა რამეზე გარდა პროფესიული და ოჯახური ვალდებულებებისა?
- დიახ, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ამჟამად დაინტერესებული ვარ ნიკოლა ტესლას ბიოგრაფიით. ეს იყო ბრწყინვალე გამომგონებელი და ფიზიკოსი. ეს ადამიანი, რომელსაც მთელს მსოფლიოში იცნობენ, შესაძლოა, ყველაზე სახელგანთქმული სერბია ისტორიაში. ასევე ვოცნებობ ოდესღაც მაღალ დონეზე ვისწავლო საქსოფონზე დაკვრა, მაგრამ, პირველ რიგში, მინდა ხელი შევუწყო იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში გამოჩდნენ ახალი კარგი ჩოგბურთელები.

- დავუბრუნდეთ თქვენი კარიერის ამჟამინდელ ეტაპს. საბოლოოდ როდის მიხვდით, რომ მწვრთნელად ბორის ბეკერის არჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო?
- ეს მოხდა გასულ წელს, ჩვენი ერთობლივი მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში. მაშინ, სეზონის არც ისე კარგი სტარტის შემდეგ ისევ დავიწყე მოგება. ბორისმა, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ჩემს წარმატებას.

ის განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად დამეხმარა, რადგან თავის დროზე თავად მოიგო ბევრი ტიტული და პირველი იყო მსოფლიოში. ანუ ისეთივე სიტუაციაში იმყოფებოდა, როგორშიც ახლა ვარ. ჩემი და მისი კარიერა ბევრი რამით მსგავსია. თანაც ბორისი მამა დაახლოებით ასეთივე ასაკში გახდა. გასაკვირი არ არის, რომ მან მომცა ბევრი რჩევა - როგორ მომეწყო ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება უფრო უკეთ, რადგან ბავშვებს დიდი ყურადღება სჭირდებათ.

თუმცა როჯერ ფედერერს არა ერთი, არამედ ოთხი შვილი ჰყავს და ამ საკითხში გაცილებით კომპეტენტურია. მე და ბორისმა უკვე მოვიგეთ "დიდი სლემის" ორი ტურნირი და ვიყავით როლან გაროსის ფინალში. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ გზის დასაწყისში ვიმყოფებით. იმედია, მისი დახმარებით კიდევ ბევრი გამარჯვება მექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული