დიდი მატჩი როჯერ ფედერერმა მოიგო

AutoSharing Option
როჯერ ფედერერმა დუბაის ტურნირის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა. 33 წლის ლეგენდამ დუბაიში მეშვიდე ტიტული მოიგო - იმდენი, რამდენიც უიმბლდონზე აქვს.

სწორედ ასეთ ფინალზე ოცნებობდნენ დუბაის ტურნირის ორგანიზატორები და ჩოგბურთის მოყვარულები. სერბისა და შვეიცარიელის დაპირისპირება დიდი ხანია ერთ-ერთ მთავარ სპორტულ მოვლენად იქცა. ისინი 37-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და როჯერს მცირე უპირატესობა ჰქონდა - 19:17. ბოლო შეხვედრა ფედერერს ჰქონდა მოგებული - შარშან შემოდგომაზე შანხაის "მასტერსის" ფინალში.

ფინალამდე გზა როჯერმა უფრო იოლად გაიარა, ვიდრე ნოვაკმა, მაგრამ
ამის გამო შვეიცარიელის ფავორიტად გამოცხადება არ შეიძლებოდა. ჯერერთი, მეოთხედფინალში ფრანგმა რიშარ გასკემ ტრავმით ითამაშა და მხოლოდ ერთი სეტი ჩაატარა და მეორე: ნახევარფინალში ფედერერს ერგო 18 წლის ხორვატი ბორნა ჩორიჩი, ამბიციური ბიჭი, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს კარერას. პარალელურად, ჯოკოვიჩს მოუწია ჩეხ ტომაშ ბერდიხთან თამაში, რომელმაც ერთი სეტი აართვა სერბს.

მოკლედ, ფინალს უნდა ეჩვენებინა - ამ კონკრეტულ მომენტში ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი. ამის გარკვევას მხოლოდ საათი და 24 წუთი დასჭირდა.

პირველი პარტიის განმავლობაში ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიების შემდეგ, ფედერერმა მერვე გეიმში აიღო ჯოკოვიჩის მოწოდება და პირველი სეტი 6:3 მოიგო. მეორე სეტის მეექვსე გეიმში ისტორიული მოვლენა ვიხილეთ - მატჩში მეხუთე ეისის ჩაწოდების შემდეგ, როჯერი მეოთხე ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვისაც კარიერაში 9 ათასი ეისი დაუგროვდა. მასზე წინ მხოლოდ ხორვატები გორან ივანიშევიჩი (10 183), ივო კარლოვიჩი (9365) და ამერიკელი ენდი როდიკი (9074) არიან.

მეორე სეტში ჯოკოვიჩს სიტუაციის გათანაბრების არაერთი შანსი ჰქონდა. მერვე და მეათე გეიმებში ფედერერის მოწოდებაზე 15:40 იყო ანგარიში, მაგრამ როჯერი გადარჩა, თან მეორე შემთხვევაში ნოვაკმა ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა. და მალე ყველაფერი გაირკვა: მე-11 გეიმში 40:0-დან ჯოკოვიჩმა საკუთარი მოწოდება წააგო, მე-12 გეიმში კი ფედერერმა ჯერ პირველი მატჩბოლი ვერ გამოიყენა, შემდეგ მეტოქის მე-7 ბრეიკ-პოინტი მოიგერია და მეორე ცდიდან დაასრულა მატჩი - 6:3, 7:5. ეს ფედერერისთვის 84-ე ტიტული იყო კარიერაში.

დუბაი (საამიროები
ფინალი
როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 6:3, 7:5.

* * *
მექსიკის აკაპულკოს ტურნირის მთავარი ვარსკვლავები იყვნენ - დავიდ ფერერი, კეი ნიშიკორი და გრიგორ დიმიტროვი. ბულგარელი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას, ესპანელმა და იაპონელმა კი ფინალამდე მიაღწიეს, თან გზად ჯამში მხოლოდ სამი სეტი წააგეს.

ფერერი მეხუთედ თამაშობდა აკაპულკოს ფინალში და მეოთხე ტიტული მოიპოვა. პირველ პარტიაში ის უფრო სტაბილურად მოქმედებდა და მერვე გეიმში აღებული ბრეიკით მოიგო სეტი. მეორე პარტიაც თითქმის იგივე სცენარით ვითარდებოდა - ესპანელმა 4:4-ზე აიღო ბრეიკი, მაგრამ მატჩზე ვერ ჩააწოდა. იქვე იაპონელმა კიდევ ერთი შანსი მისცა მეტოქეს და ესპანელმა ის გამოიყენა. ეს დავიდისთვის სეზონში მესამე ტრიუმფია.

აკაპულკო (მექსიკა)
ფინალი
დავიდ ფერერი (ესპ, 2)-კეი ნიშიკორი (იაპ, 1) 6:3, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული