წელს ინდიან უელსის "მასტერსზე" ტოპ-ათეულის ყველა წევრს ვიხილავთ, განთესილთა სიას კი სათავეში უდგას მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
ნოვაკი წელსაც გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მისი პირველი მეტოქე კვიპროსელ მარკოს ბაღდატისსა და ჩეხ ირჟი ვესელის შორის მატჩში გაირკვევა. მესამე რაუნდში სერბის მოწინააღმდეგე შეიძლება გახდეს ფრანგი ჟულიენ ბენეტო, მეოთხეში კი, შესაძლოა, ამერიკელ ჯონ
მეოთხედფინალში ნოვაკის სავარაუდო მეტოქედ ესპანელი დავიდ ფერერი მოჩანს, რომელმაც განთესვის მერვე ნომერი მიიღო და წელს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული. დავიდი მეორე რაუნდში ხორვატ ივან დოდიგსა და პორტუგალიელ ჟოაო სოუზას შორის მოგებულს შეხვდება.
ამავე მეოთხედშია აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, ხორვატი მარინ ჩილიჩი, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება კორტს.
* * *
ბადის მეორე მეოთხედში აშკარა ფავორიტები არიან შოტლანდიელი ენდი მარეი და იაპონელი კეი ნიშიკორი. მეოთხე ნომრად განთესილი მარეი სტარტს აიღებს კანადელ ვაშეკ პოსპიშილთან ან ყაზახ მიხაილ კუკუშკინთან მატჩით. ნიშიკორის პირველი მეტოქე კი გაირკვევა ამერიკელების - რაიან ჰარისონისა და მარდი ფიშის შეხვედრაში. ეს უკანასკნელი სერიოზული ავადმყოფობის შემდეგ დაბრუნდა პროფესიულ ტურში.
მარეისა და ნიშიკორის მეოთხედფინალს, შესაძლოა, ხელი შეუშალონ ლატვიელმა ერნესტ გულბისმა, იტალიელმა ფაბიო ფონინიმ ან ურუგვაელმა პაბლო კუევასმა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდნენ ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი და გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი.
* * *
მესამე მეოთხედში მთელი ყურადღება მიპყრობილი იქნება ესპანელი რაფაელ ნადალისკენ. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა არ აიღო პაუზა ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ბუენოს აირესის ტურნირი მოიგო და ნახევარფინალამდე მიაღწია რიო-დე-ჟანეიროში.
ინდიან უელსში ნადალის პირველი მეტოქე იქნება ჰოლანდიელი იგორ სისლინგი ან კვალიფიკაციიდან ძირითად ბადეში მოხვედრილი ჩოგბურთელი. ესპანელის პირველი სერიოზული მოწინააღმდეგე უნდა გახდეს ფრანგი ჟილ სიმონი ან მისი თანამემამულე რიშარ გასკე. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რაფას დაუპირისპირდება კანადელი მილოშ რაონიჩი ან ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი.
მილოში მეექვსე ნომრად არის განთესილი და სასტარტო მეტოქეს იტალიელი სიმონე ბოლელისა და ბრაზილიელი ტომაშ ბელუჩის მატჩში დაელოდება. დიმიტროვს კი მოუწევს მატჩი ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან ან ამერიკელ დენის კუდლასთან.
* * *
ბოლო მეოთხედში მთავარ პრეტენდენტებად მიიჩნევიან შვეიცარიელები - როჯერ ფედერერი და სტენ ვავრინკა, მაგრამ მათ ბრძოლაში ჩარევა შეუძლიათ ჩეხ ტომაშ ბერდიხს და ხორვატ ივო კარლოვიჩს.
ფედერერიც სტარტს მეორე რაუნდიდან აიღებს და შეხვდება არგენტინელ დიეგო შვარცმანს ან პოლონელ იერჟი იანოვიჩს. მეოთხე რაუნდში ლეგენდა შეიძლება შეხვდეს ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს.
ამავდროულად, ვავრინკა სასტარტო მატჩში უნდა დაუპირისპირდეს ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს ან კვალიფიკაციაგამოვლილ რომელიმე ჩოგბურთელს. კარლოვიჩს ან ბერდიხს შვეიცარიელი მეოთხე წრემდე არ შეხვდება.
საინტერესოა, რომ ამავე მეოთხედშია იტალიელი ანდრეას სეპი, რომელმაც ავსტრალიის ღიაზე როჯერ ფედერერი დაამარცხა.
* * *
ბოლო 11 წელია ინდიან უელსის მასტერსზე როჯერ ფედერერის, რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ჰეგემონია მხოლოდ ივო კარლოვიჩმა დაამხო 2010 წელს, თუმცა ახლა გამარჯვებაზე პრეტენდენტთა რიცხვი გაცილებით ფართოა და გულშემატკივრებს ძალიან საინტერესო ტურნირი ელოდებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"