ეკატერინე გორგოძემ სევილიის ტურნირის საკვალიფიკაციოს ორი ბარიერი გადალახა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელები ამ კვირასაც რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს.

ორი მათგანი უკვე ჩაება შეჯიბრებაში. ესპანურ სევილიაში, ქალთა 25.000-იანი ასპარეზობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეკატერინე გორგოძემ სტარტზე ბელგიელ ვიქტორია სმირნოვას აჯობა - 6:0, 6:4, მეორე წრეში იტალიელ მარტინა ტრევირანს სძლია - 6:1, 2:6, 7:5 და 16 მარტს სლოვენიელ ნასტია კოლარსაც თუ ჩამოიშორებს გზიდან, ძირითად ბადეში ითამაშებს. ამ უკანასკნელმა 15 მარტს არგენტინელი ტატიანა ბუა დაჯაბნა - 6:1, 6:1.

თანამემამულეს, სამწუხაროდ, მხარი ვერ აუბა სოფიო ქვაცაბაიამ. მართალია, პირველ წრეში მან ესპანელ ნადია მეჩალა გორდილოს მოუგო
(6:3, 6:2), თუმცა გუშინ ჰოლანდიელ კინდი ბურგერს დანებდა - 3:6, 3:6.

იტალიის ქალაქ სოლარონოში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ითამაშებს სოფიო შაფათავა, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი. ასპარეზობის რეიტინფგავორიტს სტარტზე კარლა ტოული (საფრანგეთი) გაუწევს მეტოქეობას. წყვილებში შაფათავა რუს ოლგა დოროშინასთან ერთად პირველი ნომერია და შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაებმება - კლაუდია კოპოლა (იტალია), მია ნიკოლ ეკლუნდსა (ფინეთი) და მარია მასინი, ფრანჩესკა პალმიჯიანოს (ორივე - იტალია) დუეტებს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

წინა კვირას შაფათავა ამავე ქალაქში გამართულ 10.000-იან ტურნირში მონაწილეობდა. პირველ წრეში მარტა ბელუკოს (იტალია) კი აჯობა, მაგრამ მე-2 წრეში მასპინძელ სტეფანია რაბინისთან დამარცხდა (1:6, 6:7).

სავარაუდოდ, შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) ქალთა 10.000-იან ტურნირში იასპარეზებს ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც კარგა ხანია, არ გამოსულა კორტებზე.

ვაჟთა შორის ანტალიაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ითამაშებს ალექსანდრე მეტრეველი. ძირითადი ბადის სტარტზე მისი მეტოქის ვინაობას დღეს შევიტყობთ.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 5.381.235) დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გერმანელ ტობიას კამკესთან მოიგო - 6:3, 6:7, 6:2, მეორე პაექრობა კი რუმინელ ვიქტორ ჰანესკუსთან დათმო - 6:3, 4:6, 6:7 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული