ინდიან უელსი: ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეცდომებით მოიგო

AutoSharing Option
ინდიან უელსის "მასტერსზე" მესამე წრე დაიწყო. მოქმედმა ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე მატჩი მოიგო - ძალების მინიმალური დახარჯვით დაამარცხა ესპანელი ალბერტ რამოსი - 7:5, 6:3. სერბმა თითო სეტში თითო ბრეიკი იკმარა, თუმცა ბევრი წუნიც ჰქონდა - 32 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანის მომდევნო მეტოქე ამერიკელი ჯონ ისნერი იქნება. ამ უკანასკნელმა კევინ ანდერსონს ორ სეტში მოუგო - 7:6, 6:2 და მეხუთედ გავიდა ინდიან უელსის "მასტერსის" მერვედფინალში. სხვათა შორის, ისნერს ამ ტურნირზე 2012 წელს ჰყავს დამარცხებული ჯოკოვიჩი, თუმცა შარშან, ნახევარფინალში ნოვაკმა შეძლო
რევანშის აღება.

ენდი მარეიმ კარიერაში 496-ე მატჩი მოიგო და კიდევ ორი გამარჯვება სჭირდება იმისთვის, რომ თანამემამულე ტიმ ჰენმანს გაუსწროს და ყველა დროის ყველაზე წარმატებული ბრიტანელი ჩოგბურთელი გახდეს.

მარეიმ ერთადერთი ბრეიკის საშუალება მისცა ფილიპ კოლშრაიბერს და ეს მეორე სეტის წაგებად დაუჯდა, თუმცა პირველ და მესამე სეტებში ორ-ორი ბრეიკი შეასრულა და ორ საათში 6:1, 3:6, 6:1 მოიგო. ენდი მომდევნო ეტაპზე ფრანგ ადრიან მანარინოს შეხვდება.

სხვა მატჩებიდან უნდა აღვნიშნოთ კეი ნიშიკორის მოგება ფერნანდო ვერდასკოსთან, რომელიც აქამდე არასოდეს ჰყავდა დამარცხებული. იაპონელმა უბრეიკო პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე წააგო, მაგრამ შემდეგ ყველა ბრეიკ-პოინტის საფრთხე მოიგერია, თავად სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და 6:7, 6:1, 6:4 მოგებით მერვედფინალში კიდევ ერთ ესპანელ ფელისიანო ლოპესზე გავიდა.

საინტერესო წყვილი მივიღეთ მერვედფინალში. ამ ეტაპზე ორი ახალგაზრდა ავსტრალიელი - ტანასი კოკინაკისი და ბერნარდ ტომიჩი შეხვდებიან ერთმანეთს. ორივემ გამოცდილ მეტოქეს მოუგო. 18 წლის კოკინაკისმა ორი საათი 46 წუთის ბრძოლის შემდეგ 6:2, 5:7, 7:6 მოუგო არგენტინელ ხუან მონაკოს. ჩოგბურთელებს 15-15 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ და კოკინაკისმა ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, მონაკომ - ხუთჯერ.

ტომიჩს უფრო რთული მეტოქე ჰყავდა ესპანელი დავიდ ფერერის სახით, რომელიც თანდათან თმობს პოზიციებს პროფესიულ ტურში. ეს გამოჩნდა კიდეც ახალგაზრდა ავსტრალიელთან მატჩში, რომელიც 98 წუთში ორ სეტში დასრულდა - 7:5, 6:4 ტომიჩის სასარგებლოდ.

კაცები
1/16-ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 4)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 26) 6:1, 3:6, 6:1; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ალბერტო რამოსი (ესპ) 7:5, 6:3; ადრიან მანარინო (საფ)-ერნესტ გულბისი (ლატ, 14) 6:4, 6:4; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 12)-პაბლო კუევასი (ურუ, 20) 6:2, 4:6, 6:3; კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 28) 6:7(6), 6:1, 6:4; ჯონ ისნერი (აშშ, 18)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 16) 7:6(6), 6:2; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 32)-დავიდ ფერერი (ესპ, 8) 7:5, 6:4; ტანასი კოკინაკისი (ავსტრა)-ხუან მონაკო (არგ) 6:2, 5:7, 7:6(5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული