ინდიან უელსი: ფედერერის იუბილე, ენდის რეკორდი

AutoSharing Option
ინდიან უელსის "მასტერსზე" გადამწყვეტი მატჩების დრო დგება. გუშინ იქ მერვედფინალების დღე იყო, რომელმაც თითქმის მოულოდნელობის გარეშე ჩაიარა.

საიუბილეო 50-ე მოგება ჰქონდა ამ ტურნირზე როჯერ ფედერერს, რომელმაც 6:3, 6:2 სძლია ამერიკელ ჯეკ სოკს. აღნიშნულ მატჩზე ბევრის მოყოლა არ ღირს - შვეიცარიელმა ლეგენდამ საათსა და ცხრა წუთში გაანადგურა მეტოქე და მეოთხედფინალში ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდება, რომელმაც თანამემამულე ლუკაშ როსლოს სამ სეტში მოუგო - 6:2, 4:6, 6:4.

მეტ-ნაკლებად სერიოზული გამოცდა მოუწყო ამერიკელმა ჯონ ისნერმა მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს. ჩოგბურთელები მოწოდებებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
ისნერს, მართალია, მისთვის უჩვეულოდ ცოტა - რვა ეისი ჰქონდა, მაგრამ მეტოქეს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელიც ჯოკოვიჩმა გამოიყენა და ამის ხარჯზე მოიგო პირველი სეტი, მეორე პარტიაში კი ბრეიკები არ ყოფილა და ტაი-ბრეიკზე ნოვაკმა 7:5 გაიმარჯვა.

ისნერმა ზედიზედ მეთერთმეტედ წააგო ტოპ-ათეულის წარმომადგენელთან, ჯოკოვიჩი კი მეოთხედფინალში ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს შეხვდება.

ამ უკანასკნელს ავსტრალიური დერბი ჰქონდა ტანასი კოკინაკისთან და პირველ მოწოდებაზე 74 პროცენტი ქულების აღებით 6:4, 4:6, 6:4 გაიმარჯვა, რითაც კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - პირველად გავიდა "მასტერსის" სერიის ტურნირის მეოთხედფინალში. ცნობისთვის, ჯოკოვიჩი ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს უგებს ტომიჩს, თუმცა ისინი 2012 წლის შემდეგ არ დამდგარან კორტზე ერთმანეთის პირისპირ.

ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ინდიან უელსში რაფაელ ნადალმა და ამ "მასტერსზე" მეცხრედ გავიდა მეოთხედფინალში. ესპანელმა 78 წუთში გაანადგურა ჟილ სიმონი - 6:2, 6:4, თუმცა უფრო დამაჯერებლად გამარჯვება შეეძლო, მაგრამ მეორე სეტში 5:2-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა და რამდენიმე წუთით გადადო მეოთხედფინალში გასვლა. ნადალი ახლა 7:1-ს უგებს სიმონს ურთიერთშეხვედრებში, სულ კი ფრანგ ჩოგბურთელებთან 14-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

შემდეგ ეტაპზე რაფას სერიოზული მეტოქე ელოდება, მილოშ რაონიჩის სახით. კანადელმა კარგი ფორმა ესპანელი ტომი რობრედოს ზუსტად ერთ საათში განადგურებით დაადასტურა - 6:3, 6:2.

გუშინდელი დღის ერთადერთი მოულოდნელობა კი ფელისიანო ლოპესის გამარჯვება იყო კეი ნიშიკორიზე. 33 წლის ესპანელმა 12 ეისი ჩააწოდა და ორიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა - 6:4, 7:6(2). ლოპესი პირველად ითამაშებს ინდიან უელსის "მასტერსის" მეოთხედფინალში. აქ მას დაუპირისპირდება ბრიტანელი ენდი მარეი, რომელმაც 6:3, 6:3 დაამარცხა მოულოდნელი მერვედფინალისტი ადრიან მანარინო.

ენდისთვის ეს იყო 496-ე მოგება პროფესიულ ტურში და ამით ყველაზე წარმატებული ბრიტანელი გახდა ისტორიაში. მან ტიმ ჰენმანის რეკორდი გააუმჯობესა.

კაცები
1/8-ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ჯეკ სოკი (აშშ) 6:3, 6:2; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 12)-კეი ნიშიკორი (იაპ, 5) 6:4, 7:6(2); რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-ჟილ სიმონი (საფ, 13) 6:2, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჯონ ისნერი (აშშ, 18) 6:4, 7:6(5); ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 32)-ტანასი კოკინაკისი (ავსტრა) 6:4, 4:6, 6:4; ენდი მარეი (ბრიტ, 4)-ადრიან მანარინო (საფ) 6:3, 6:3; მილოშ რაონიჩი (კან, 6)-ტომი რობრედო (ესპ, 17) 6:3, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 9)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ, 27) 6:2, 4:6, 6:4.

1/8-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ტომიჩი (32); მარეი (4)-ლოპესი (12); რაონიჩი (6)-ნადალი (3); ბერდიხი (9)-ფედერერი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული