ინდიან უელსი: პირველი ნახევარფინალი: სერენა vs სიმონა

AutoSharing Option
ამასობაში, ქალთა ტურნირზე პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ფინალის საგზურს სერენა უილიამსი და სიმონა ჰალეპი გაითამაშებენ.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გუშინ შეწყვიტა 27-ე ნომრად განთესილი ტიმეა ბაშჩინსკის 15-მატჩიანი მოგებათა სერია, რომელიც ორ ტურნირზე (მონტერეისა და აკაპულკოში) გამარჯვებას მოიცავდა.

პირველი ბრეიკი მატჩში სწორედ შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა შეასრულა და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ძალიან მალე სერენამ თამაშში გარდატეხა შეიტანა და ინიციატივა ბოლომდე აღარ გაუშვია ხელიდან - 7:5, 6:3. საინტერესოა, რომ ახლა თავად უილიამსს აქვს 15-მატჩიანი მოგებათა სერია ტურში.

ბაშჩინსკი ნაკლებს ცდებოდა და 22 უნებლიე შეცდომა დაუშვა
მეტოქის 31-ის წინააღმდეგ, მაგრამ უილიამსი უფრო აგრესიული იყო და 12-ით მეტი "ვინერსი" დააგროვა.

სიმონა ჰალეპის მეტოქე მეოთხედფინალში ესპანელი კარლა სუარეს ნავარო იყო, რომელმაც ფანტასტიკურად დაიწყო მატჩი და 4:0 წაიყვანა ანგარიში, თუმცა ამას ჰალეპმა ასევე ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით უპასუხა - 4:4. 5:5-ზე სუარეს ნავარომ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი - ზედიზედ ორი გეიმის აღებით 7:5 მოიგო სეტი.

მაგრამ ამით ესპანელის გმირობები დასრულდა. რუმინელმა მომდევნო ორი სეტის მოგებას 63 წუთი მოანდომა და ერთნაირი ანგარიში დააფიქსირა - 6:1, 6:1.

უილიამსი ჰალეპს 4:1-ს უგებს ურთიერთშეხვედრებში. ეს ერთადერთი მარცხი ამერიკელს კარგად უნდა ახსოვდეს. შარშან, წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სიმონამ 6:0, 6:2 გაანადგურა სერენა, მაგრამ შემდეგ ფინალში ამერიკელმა რევანში აიღო - 6:3, 6:0.

ქალები
1/4-ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 12) 5:7, 6:1, 6:1; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 27) 7:5, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული