1 - როჯერ ფედერერმა ფინალამდე მხოლოდ ერთი გეიმი წააგო საკუთარ მოწოდებაზე.
1 - სიმონა ჰალეპი პირველ ადგილზე გადავიდა WTA-ს ჩემპიონთა რბოლაში.
1 - მილოშ რაონიჩმა კარიერაში პირველად დაამარცხა რაფაელ ნადალი.
1 - ლესია ცურენკო პირველი უკრაინელია, ვინც ინდიან უელსის ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა.
1 - სიმონა ჰალეპმა კარიერაში ყველაზე პრესტიჟული ტიტული მოიგო. მანამდე მას მოგებული ჰქონდა "პრემიერის" კატეგორიის ორი ტურნირი.
1 - ბელინდა ბენჩიჩმა კარიერაში პირველად დაამარცხა TOP5-ის წარმომადგენელი. მან კაროლინ ვოზნიაცკის მოუგო.
2 - ენდი მარეიმ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად "მასტერსის" სერიის ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწია. ბოლოს ის უძლიერესთა ოთხეულში 2013 წელს მაიამიში მოხვდა.
3 - ჰალეპი პირველი ჩოგბურთელია 2015 წელს, ვინც სამი ტიტული მოიგო.
3 - მილოშ რაონიჩი 90-იან წლებში დაბადებული მესამე ჩოგბურთელია, რომელმაც ნადალის დამარცხება შეძლო. მანამდე ახალი თაობიდან ეს გამოუვიდათ ნიკ კირგიოსსა და ბორნა ჩორიჩს.
3 - სამი კვირა დარჩა ნოვაკ ჯოკოვიჩს იმისთვის, რომ გაუსწროს რაფაელ ნადალს ATP-ის რეიტინგის სათავეში ყოფნის ხანგრძლივობით. ჯოკოვიჩი ჯამში 138 კვირაა ლიდერობს კლასიფიკაციას.
ჯოკოვიჩი საერთო სიაში მეშვიდე ადგილზეა:
1. როჯერ ფედერერი 302 კვირა
2. პიტ სამპრასი 286
3. ივან ლენდლი 270
4. ჯიმი კონორსი 268
5. ჯონ მაკინროი 170
6. რაფაელ ნადალი 141
7. ნოვაკ ჯოკოვიჩი 138
4 - ჯოკოვიჩი, ფედერერი, ნადალი და მარეი ახლოს იყვნენ იმასთან, რომ სრული შემადგენლობით დაეკომპლექტებინათ ნახევარფინალური ეტაპი. ბოლოს "დიდი ოთხეულის" წევრებმა ერთად ნახევარფინალში 2012 წელს, ავსტრალიის ღიაზე ითამაშეს.
4 - ჯოკოვიჩმა მეოთხე ტიტული მოიპოვა ინდიან უელსში და დაეწია ამ მაჩვენებლით როჯერ ფედერერს. სერბი და შვეიცარიელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები არიან ისტორიაში.
5 - ელენა იანკოვიჩსა და სიმონა ჰალეპს შორის ხუთივე შეხვედრა სამ სეტში დასრულდა.
7 - სიმონა ჰალეპს 2015 წელს შვიდიდან შვიდი სამსეტიანი მატჩი აქვს მოგებული.
8 - მილოშ რაონიჩმა "მასტერსის" სერიის ბოლო ცხრა ტურნირიდან რვაჯერ გააღწია მინიმუმ მეოთხედფინალამდე.
9 - ნადალმა პირველად წააგო ინდიან უელსის ტურნირის მეოთხედფინალში. მეცხრე მატჩი ამ სტადიაზე ესპანელისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
11 - სიმონა ჰალეპმა კარიერაში მე-11 ტიტული მოიგო. ყველა ეს გამარჯვება ორ წელიწადში ჩაეტია.
12 - ჰიზერ უოტსონმა მეთორმეტე ცდიდან მოუგო TOP10-ის წევრს. ინდიან უელსში მისი მსხვერპლი გახდა აგნიეშკა რადვანსკა.
15 - სერენა უილიამსი ჯერაც დაუმარცხებელია 2015 წელს. ამერიკელს ზედიზედ 15 მატჩი აქვს მოგებული.
15 - სერენა უილიამსთან მატჩამდე ტიმეა ბაშჩინსკისაც 15-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.
20 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველმა მოიგო სეზონში 20 მატჩი.
20 - ელენა იანკოვიჩმა ფინალში გასვლით დაიბრუნა ადგილი რეიტინგის TOP20-ში.
21 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა 21-ე ტიტული მოიგო "მასტერსის" სერიის ტურნირებზე.
საერთო სიაში სერბი მესამე ადგილზეა:
1. რაფაელ ნადალი 27
2. როჯერ ფედერერი 23
3. ნოვაკ ჯოკოვიჩი 21
4. ანდრე აგასი 17
5. პიტ სამპრასი 11
38 - ნოვაკ ჯოკოვიჩთან დაპირისპირებები რეკორდებს ამხობს. ნოვაკი და რაფაელ ნადალი ინარჩუნებენ პირველობას - ისინი 42-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ფედერერთან სერბს 38 მატჩი აქვს. ფედერერი და ნადალი 33-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
40 - "დიდი ოთხეულის" მოთამაშეებმა ბოლო 44 "მასტერსიდან" 40 მოიგეს. გამონაკლისები გახდნენ: სტენ ვავრიკა, დავიდ ფერერი, რობინ სიოდერლინგი და ჟო-ვილფრიდ ცონგა.
50 - ჯოკოვიჩი მე-12 მოთამაშეა ისტორიაში, ვინც კარიერაში 50 ტიტული მოიგო.
50 - როჯერ ფედერერმა 50-ე მატჩი მოიგო ინდიან უელსში, რაც ტურნირის რეკორდია.
497 - ენდი მარეიმ გაუსწრო ტიმ ჰენმანს ტურში მოგებების რაოდენობით. ასე რომ, მარეი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი ჩოგბურთელია ისტორიაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"