მაიამის "მასტერსი": და მაინც, ნოვაკი!

AutoSharing Option
როჯერ ფედერერის არყოფნისა და რაფაელ ნადალის ნაადრევად გავარდნის გათვალისწინებით, მაიამის "მასტერსზე" მაყურებელმა ოპტიმალური ფინალური წყვილი მიიღო: ნოვაკ ჯოკოვიჩი ენდი მარეის წინააღმდეგ.

რთული მისახვედრი იყო - როგორ განვითარდებოდა მოვლენები ფინალში. ორი კვირის წინ, ინდიან უელსის "მასტერსის" ნახევარფინალში სერბმა ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა მარეი - 6:2, 6:3, მაგრამ მაიამიში მსოფლიოს პირველ ჩოგანს რამდენიმე რთული მატჩის გადატანა მოუწია, რაც მის დაღლილობასა და მცირედით ფორმიდან ამოვარდნაზე მიანიშნებდა. ასევე გასათვალისწინებელი იყო ერთი ფაქტორი:

2013 წლის უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩის
დამარცხების შემდეგ, მარეიმ ზედიზედ ექვსი მატჩი წააგო სერბთან და მის მიმართ აშკარა კომპლექსი გამოუმუშავდა.

პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ ფინალი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართებდა. თავდაპირველად უპირატესობა მარეის ჰქონდა, რომელსაც პირველივე გეიმში შეეძლო ბრეიკის შესრულება, მაგრამ ეს საქმე მესამე გეიმისთვის გადადო. თუმცა ენდიმ ორჯერ ვერ შეინარჩუნა ბრეიკიანი უპირატესობა - 2:1-ზე და 4:3-ზე.

ამან ჯოკოვიჩს თამაშში გარდატეხის შეტანის საშუალება მისცა. ნოვაკმა ათი გათამაშებიდან ცხრა აიღო, თუმცა მარეიმ ტაი-ბრეიკამდე მაინც მიაღწია. მე-13 გეიმში ნოვაკი ოდნავ კოჭლობდა, მაგრამ ენდის ახსოვდა ავსტრალიის ღიას ფინალი და მეტოქის სავარაუდო პროვოკაციას არ წამოეგო. მიუხედავად ამისა, ბრიტანელმა ტაი-ბრეიკი ჩააგდო - ხუთი (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა და მათი უმრავლესობა გაუმართლებელი იყო.

ჯოკოვიჩს მეორე სეტის სტარტზევე კომფორტული უპირატესობის მოპოვების საშუალება ჰქონდა, მაგრამ ორმაგი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარი მოწოდებებს. ფსიქოლოგიურად მარეი უკეთ გამოიყურებოდა. მე-10 გეიმში მან მიღებაზე გაიბრძოლა, რამდენჯერმე კარგად დაიცვა თავი და მატჩი მესამე სეტში გადაიყვანა.

ნოვაკი იმდენად განაწყენდა, რომ უწმაწური ფრაზა ესროლა ერთ-ერთ გულშემატკივარს. მიუხედავად ამისა, მან გადამწყვეტ სეტში მოახერხა ნერვების მოთოკვა. ისევე, როგორც ავსტრალიის ღიას ფინალში, ბოლო პარტიაში ბრძოლა არ შედგა. მარეი დაღლილს არ ჰგავდა, მაგრამ გადამწყვეტ ბურთებზე სიზუსტე არ ჰყოფნიდა. პირველ სამ გეიმში "მეტი-ნაკლები" გათამაშდა და სამივე ჯოკოვიჩმა მოიგო. ბრიტანელის კიდევ რამდენიმე შეცდომამ მესამე სეტში "მშრალი" ანგარიში მოიტანა - 7:6(3), 4,6, 6:0.

შეხვედრა ორი საათი და 46 წუთი გაგრძელდა. ჯოკოვიჩს 18 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და აქედან ხუთი გამოიყენა. სხვათა შორის, გადამწყვეტი სეტის 6:0-ით მოგების მიუხედავად, სერბმა მარეიზე მხოლოდ შვიდით მეტი ქულა აიღო. ამ მატჩის შემდეგ ჩოგბურთელებს ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 18:8 გახდა, ნოვაკის სასარგებლოდ.

ამასობაში, ჯოკოვიჩის ლიდერობა ATP-ის კლასიფიკაციაში 141 კვირამდე ავიდა და ამ მაჩვენებლით ნოვაკი რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა.

ჯოკოვიჩის ყველა ტიტული (51)
2015 - მაიამი, ინდიან უელსი, ავსტრალიის ღია;
2014 - წლის შემაჯამებელი, პარიზი, პეკინი, უიმბლდონი, რომი, მაიამი, ინდიან უელსი;
2013 - წლის შემაჯამებელი, პარიზი, შანხაი, პეკინი, მონტე კარლო, დუბაი, ავსტრალიის ღია;
2012 - წლის შემაჯამებელი, შანხაი, პეკინი, ტორონტო, მაიამი, ავსტრალიის ღია;
2011 - აშშ-ის ღია, მონრეალი, უიმბლდონი, რომი, მადრიდი, ბელგრადი, მაიამი, ინდიან უელსი, დუბაი, ავსტრალიის ღია;
2010 - პეკინი, დუბაი;
2009 - პარიზი, ბაზელი, პეკინი, ბელგრადი, დუბაი;
2008 - წლის შემაჯამებელი, რომი, ინდიან უელსი, ავსტრალიის ღია;
2007 - ვენა, მონრეალი, ეშტორილი, მაიამი, ადელაიდა;
2006 - მეცი, ამერსფორტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული