"მანჩესტერ სიტი" - არგამართლება არ (გ)ამართლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ სიტის" ბოლოდროინდელი არადამაჯერებელი თამაში ძვირად დაუჯდა. მანუელ პელეგრინის გუნდმა "კრისტალ პალასთან" საგარეო მატჩი წააგო და მე-4 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

"ქალაქელებმა" თამაშით მეტოქეზე უკეთ ითამაშეს და მომენტებიც მრავლად ჰქონდათ, მაგრამ ეს გასამართლებელი საბუთი არ არის. "სიტიმ" ბურთი ძელსაც გაარტყა, ფერნანდინიოს დარტყმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს და ხულიან სპერონიმაც მოიგერია რამდენიმე რთული ბურთი... მარტო იაია ტურეს გოლი კი მანჩესტერელებს არ ეყოთ.

თანაც, ბოლო წლებში მანჩესტერელები "კრისტალ პალასს" სისტემატურად უგებდნენ, მაგრამ ალან პარდიუმ ამ ტენდენციას წერტილი დაუსვა.

"არწივები" კი საბოლოოდ მოსწყდნენ გასავარდნ ზონას, ისინი
მე-18 ადგილს მთელი 13 ქულით უსწრებენ. მეტიც, ახლა ისინი ათეულს უმიზნებენ, რომელთანაც 3 ქულა აშორებთ. ალბათ, ისიც იცით, რომ პარდიუ ცხრილში თავის ყოფილ გუნდზე წინ არის.

ამასობაში "სიტის" თანაქალაქელმა "მანჩესტერ იუნაიტედმაც" გაასწრო და "არსენალმაც". პელეგრინის მე-4 ადგილიც დასაცავი აქვს. მართალია, "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს" 7 ქულით უსწრებს, ხოლო "საუთჰემპტონს" - 8-ით, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ შემდეგ ტურში "სიტის" ქალაქური დერბი ელოდება კარგ ფორმაში შესულ "მანჩესტერთან".

წინა სეზონში "ეტიჰადის" ბინადრებს სწორედ იმას ედავებოდნენ, რომ "ქალაქელები" ქალაქგარეთ კარგად ვერ თამაშობდნენ. ეს ჩემპიონატი კი ისე დაიწყო, რომ "სიტის" შინ უფრო უჭირდა ქულების დაგროვება, მაგრამ ახლა "საგარეო მატჩების კომპლექსმა" ისევ იჩინა თავი. ჩილელი სპეციალისტის გუნდმა ჯერ "ლივერპულთან" წააგო სტუმრად, მერე "ბარნლისთან" დამარცხდა "ტარფ მურზე" და ახლა "არწივებთანაც" დაეცა ბრძოლის ველზე.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბრიტანული მასმედია გაათკეცებული მონდომებით იუწყება, ეს პელეგრინის ბოლო სეზონია "ეტიჰადზეო", თავად ჩილელი იხტიბარს არ იტეხს და არსად წასვლას არ აპირებს. იგი უკვე მომავალსაც კი გეგმავს და გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ ზაფხულში "ქალაქელები" სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურებენ - ერთ მსოფლიო დონის, დიდ ფეხბურთელს ვიყიდით, თანაც ინგლისელსო...

"შედეგით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ, მაგრამ თამაშით - არა. ბურთი გვეჭირა, ვდომინირებდით და ბევრი მომენტიც შევქმენით, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. მსაჯებმა შეცდომები დაუშვეს, პირველი გოლი თამაშგარედან გავიდა და იყო არდანიშნული თერთმეტმეტრიანის მომენტიც. თუმცა ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება, ხან შენ სასარგებლოდ ცდებიან, ხან შენ საზიანოდ.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ საკმარისი მომენტი გვქონდა იმისთვის, რომ მაინც მოგვეგო და ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოვახერხეთ. ახლა დარჩენილ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ" - თქვა პელეგრინიმ.

ალან პარდიუ: "ჩემი ბიჭების შემართებით აღფრთოვანებული ვარ, მათ ბოლომდე იბრძოლეს და ის დაიმსახურეს, რასაც მიაღწიეს. შევეცდებით, სეზონი ათეულში დავასრულოთ და თუ ამას მოვახერხებთ, მშვენიერი შედეგი იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული