ჩოგბურთში გრუნტის სეზონი დაიწყო

AutoSharing Option
მონტე კარლოში მიმდინარე "მასტერსზე" უკვე ყველა ფავორიტი ვიხილეთ საქმეში. ერთი დღით ადრე მოიპოვა მესამე რაუნდში თამაშის უფლება სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც 6:1, 6:4 სძლია ესპანელ ალბერტ რამოსს. გუშინ კი სხვა ფავორიტების დრო დადგა.

რაფაელ ნადალმა, რომელსაც მონტე კარლოში 51 მოგება და 3 წაგება აქვს, 69 წუთში გაანადგურა ახალგაზრდა ფრანგი ლუკას პუიე. ნადალმა შვიდიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და საკუთარ გეიმებზე ქულების 75 პროცენტი აიღო.

ნადალი 2005-12 წლებში ზედიზედ რვაჯერ გახდა ამ ტურნირის ჩემპიონი, მაგრამ 2013 წელს მას ფინალში ჯოკოვიჩმა მოუგო, შარშან
კი მეოთხედფინალში დამარცხდა დავიდ ფერერთან.

რაფას შემდეგი მეტოქე ჯონ ისნერი იქნება, რომელმაც 7:6(4), 7:6(5) მოუგო ვიქტორ ტროიცკის.

* * *
გუშინ ყველაზე სწრაფად მერვედფინალში თამაშის უფლება როჯერ ფედერერმა მოიპოვა. 55 წუთში ის ფრანგ ჟერემი შარდის გაუსწორდა - 6:2, 6:1. შვეიცარიელმა 19 "ვინერსი" მიითვალა და მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ამით როჯერმა რევანში აუღო ფრანგს შარშან, რომის "მასტერსზე" განცდილი მარცხისთვის.

მომდევნო რაუნდში ფედერერი ფრანგ გაელ მონფილს შეხვდება.

* * *
წარმატებით დაიწყო შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა სტენ ვავრინკამ. შვეიცარიელი საკმაოდ დამაჯერებელი იყო ხუან მონაკოსთან მატჩში - 6:1, 6:4. ვავრინკამ 14 ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გამოიყენა და 72 წუთში გაიმარჯვა, რითაც მერვედფინალში გააღწია და ძალიან რთული მეტოქე ჰყავს გრიგორ დიმიტროვის სახით.

დაბოლოს, ასევე ორ სეტში მოიგო ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა, თუმცა საათი და 44 წუთი მოანდომა უკრაინელი სერგეი სტახოვსკის ძლევას. ბერდიხის მომდევნო მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული