მონტე კარლოს მასტერსი: ფედერერი მონაკოდან გააძევეს

AutoSharing Option
გუშინ მონტე კარლოს "მასტერსზე" მერვედფინალების დღე იყო და მოხდა პირველი სენსაცია - ფრანგმა გაელ მონფილსმა, რომელსაც დიდი ხანია სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია, მსოფლიოს მეორე ჩოგანი როჯერ ფედერერი გამოთიშა ბრძოლას - 6:4, 7:6(5).

პირველ სეტში მონფილსმა შვეიცარიელზე ერთით მეტი ბრეიკი შეასრულა, მეორეში კი ახლოს იყო წაგებასთან, როცა ტაი-ბრეიკზე 3:5 ჩამორჩა, მაგრამ ზედიზედ ოთხი ქულის აღებით სეტი და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. ფრანგის ანგარიშზე 22 "ვინერსი" მოდის, ფედერერმა კი აქტიური მოქმედებით 17 ქულა აიღო და მისთვის არადამახასიათებლად ძალიან ბევრი - 38 უნებლიე
შეცდომა დაუშვა.

მონფილსის შემდეგი მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იქნება, რომელმაც მოულოდნელად ძალიან იოლად მოუგო მოქმედ ჩემპიონ სტენ ვავრინკას - 6:1, 6:2. შვეიცარიელს ამ მატჩში ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა, დიმიტროვმა კი ცხრიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გარდასახა მომგებიან ქულაში. შეხვედრა 55 წუთი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ვავრინკამ შარშან სწორედ მონტე კარლოში მოიგო კარიერაში პირველი "მასტერსი", როცა როჯერ ფედერერი დაამარცხა ფინალში.

* * *
სერიოზული ტესტის ჩაბარება მოუწია გუშინ "გრუნტის მეფეს", რაფაელ ნადალს. ესპანელს დიდი წინააღმდეგობა გაუწია ამერიკელმა ჯონ ისნერმა. პირველ პარტიაში ნადალს ორი სეტბოლის მოგერიება მოუწია და ტაი-ბრეიკზე მაინც გატეხა ისნერის წინააღმდეგობა. მეორე პარტიაში ამერიკელმა 0:40-დან გადაარჩინა საკუთარი გეიმი, შემდეგ ბრეიკი გააკეთა და სეტზეც წარმატებით ჩააწოდა, თუმცა ნადალის კლასმა მესამე სეტში თავისი სიტყვა თქვა. ესპანელი თავიდანვე დაწინაურდა ბრეიკით - 4:1 და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

რაფა მეოთხედფინალში თანამემამულე დავიდ ფერერს შეხვდება.

* * *
ნადალისგან და ფედერერისგან განსხვავებით, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს. სერბმა მონტე კარლოში მეორე მატჩი ჩაატარა და ორივე შემთხვევაში ერთ სეტს "მშრალი" ანგარიშით იგებდა. ამჯერად, ნოვაკის მსხვერპლი ავსტრიელი ანდრეას ჰაიდერ-მაურერი გახდა. 53 წუთში ანგარიში იყო 6:4, 6:0. სერბის მოგებათა სერია 14 მატჩამდე ავიდა, სულ კი ამ სეზონში ჯოკოვიჩმა 28 მატჩიდან 26 მოიგო.

მსოფლიოს პირველი ჩოგანის მორიგი მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩი იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებში სერბს 11:0 მიჰყავს ანგარიში. ჩილიჩმა ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან შეხვედრაში ძალიან დამაჯერებლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს - 6:3, 7:6(5) 74 წუთის შემდეგ.

* * *
კანადელი მილოშ რაონიჩი ზედიზედ მეორედ გავიდა მონტე კარლოს "მასტერსის" მეოთხედფინალში. მან საათსა და 41 წუთში 35 "ვინერსი" შეასრულა და ესპანელი ტომი რობრედო დაამარცხა - 6:3, 3:6, 6:3. კიდევ უფრო მეტი, 41 "ვინერსი" ჰქონდა რაონიჩის შემდეგ მეტოქეს, ტომაშ ბერდიხს ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის წინააღმდეგ. ჩეხმა სამიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და შეხვედრა საათსა და 39 წუთში ორ სეტში - 7:6, 6:4 მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული