მოკრძალებული შემადგენლობა შეიკრიბა პორტუგალიის ოეირაშში, სადაც ტოპ-ათეულის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ ვიხილეთ. განთესვის ლიდერებმა სასტარტო მატჩები წააგეს: ფელისიანო ლოპესი დამარცხდა რობინ ჰაასესთან, კევინ ანდერსონი - გილერმო გარსია ლოპესთან.
ტურნირის მთავარი სენსაცია აღმოჩნდა ნიკ კირგიოსი, რომელმაც ავსტრალიის ღიაზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და მისგან წარმატებას არავინ ელოდა, მით უმეტეს, გრუნტზე. პირველ მატჩში ნიკმა გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკი მოუგო ალბერტო რამოსს, შემდეგ კი მოულოდნელად იოლად ამარცხებდა მეტოქეებს. ნახევარფინალში
აქ კირგიოსის მეტოქე ფრანგი რიშარ გასკე იყო. ამ უკანასკნელს, ალბათ, კარგად ახსოვდა შარშანდელ უიმბლდონზე კირგიოსთან მატჩში ცხრა გამოუყენებელი მატჩბოლი. ამჯერად, გასკემ სტაბილური ჩოგბურთი აჩვენა, რასაც ვერ ვიტყვით ავსტრალიელზე. კირგიოსმა მხოლოდ ორი ეისი ჩააწოდა და არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. შესაბამისად, გასკემ კარიერაში იოლად მოიგო მე-12 ტიტული.
* * *
როჯერ ფედერერმა კარგი საჩუქარი გაუკეთა თურქულ პუბლიკას. ლეგენდა სტამბოლის სადებიუტო ტურნირის მთავარი ვარსკვლავი იყო და დიდი გაჭირვებით მოიპოვა კარიერაში 85-ე ტიტული. დანიელ ხიმენ-ტრავერმა და დიეგო შვარცმანმა ძალიან დაღალეს ვეტერანი. ყველა მატჩში, ფინალის გარდა, აშკარა იყო, რომ შვეიცარიელს მოტივაციის პრობლემა ჰქონდა. წესით, ტურნირის მშვენება უნდა ყოფილიყო როჯერისა და გრიგორ დიმიტროვის დაპირისპირება, მაგრამ ბულგარელმა მხოლოდ ნახევარფინალამდე მიაღწია. დიმიტროვისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა პაბლო კუევასი. ურუგვაელმა უბრალოდ გაანადგურა ტოპ-ათეულის წევრი - 6:4, 6:2.
კუევასმა ფედერერსაც გაუმართა ბრძოლა. თუ პირველ პარტიაში ფავორიტმა ერთი ბრეიკის წყალობით მოიგო, მეორეში იწვალა. როჯერი ბრეიკით 4:3 დაწინაურდა, მაგრამ კუევასმა საპასუხო ბრეიკი შეასრულა და შემდეგ ტაი-ბრეიკზე სამი სეტბოლი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ფედერერის კლასმა მაინც თავისი გაიტანა და მეხუთე მატჩბოლიდან მოიგო სეზონში მესამე და კარიერაში 85-ე ტიტული. სხვათა შორის, თურქეთი მე-12 ქვეყანაა, სადაც როჯერს ტიტული აქვს აღებული.
ეშტორილი (პორტუგალია)
ფინალი
რიშარ გასკე (საფ, 5)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 7) 6:3, 6:2.
სტამბოლი (თურქეთი)
ფინალი
როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-პაბლო კუევასი (ურუ, 3) 6:3, 7:6(11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"