სოფიო ქვაცაბაიამ პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელებმა - მარიამ ბოლქვაძემ და სოფიო ქვაცაბაიამ გასულ კვირას წარმატებით იასპარეზეს ისრაელსა და პოლონეთში.

ბოლქვაძემ აშქელონის 10.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგის ზედიზედ ორი წრის გავლის შემდეგ მეოთხედფინალში ბელორუს სადაფმოხ ტოლუბოვას სძლია - 4:6, 6:4, 6:3 და ნახევარფინალში გავიდა, იქ კი რეიტინგფავორიტ დენიზ ხაზანიუკთან (ისრაელი) დამარცხდა - 2:6, 5:7.

სამაგიეროდ, მარიამმა წყვილებში იყოჩაღა - უნგრელ ნაომი ტოტკასთან ერთად პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველ ადგილზეც გავიდა: ქართულ
-უნგრულ დუეტს მეოთხედფინალში სოფია დმიტრიევას (რუსეთი) და ოლექსანდრა პისკუნის (უკრაინა) ტანდემი არ გამოუცხადდა, ნახევარფინალში მასპინძლებს - ოფსი ლანკრისა და ვალერია ნიკოლაევას აჯობა - 6:2, 7:6, გადამწყვეტ პაექრობაში კი იოლად დაჯაბნა ლაურა დოგმანი (დიდი ბრიტანეთი), ჰელენ შოლსენი (ბელგია) - 6:0, 6:2 და მთავარი პრიზი მოიპოვა.

პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა სოფიო ქვაცაბაია. მესამე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა მეოთხედფინალში ტურნირის მე-6 ნომერი ტერეზა მალიკოვა (ჩეხეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:4, მერე მეორე ნომერ ზუზანა ზლონოვას (სლოვაკეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:3, 6:4, ფინალში კი ნატალია სიედლისკას (გერმანია) მოუგო - 6;1, 6:1.

ქვაცაბაია პოლონეთში რჩება და ახალ 10.000-იან ტურნირში ჩაებმება.

მიმდინარე კვირას ქართველი ჩოგბურთელები სხვა ტურნირებშიც მოსინჯავენ ძალებს. საფრანგეთის 50.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ პირველ წრეში ფრანგი თან ჰერმანი დაამარცხა - 1:6, 7:6, 3:0, მეორეში კი ასევე მასპინძელ ჟედ სუვრისთან წააგო - 3:6, 4:6.

წყვილებში სლოვაკ იანა გეპელოვასთან ერთად მესამე ნომრადაა განთესილი და შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან აიღებს სტარტს. ქართულ-სლოვაკური დუეტი კარენ ბარბატი (დანია), ლარა მიხელისა (შვეიცარია) და ტატიანა ბუა (არგენტინა), დანიელა სეგულის (ჩილე) ტანდემებს შორის უძლიერესს გაუწევს მეტოქეობას.

ტუნისის 25.000-იან ტურნირში ითამაშებს სოფიო შაფათავა, ხოლო შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) 10.000-იან შეჯიბრებაში - თამარ ჭალაგანიძე.

* * *
დიდი ორთაბრძოლებია მოსალოდნელი პანტიანის კორტებზე. ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ძირითად ბადეში სამი მასპინძელი დაუპირისპირდება სტუმრებს.

გიორგი ცივაძე სტარტზე რეიტინგფავორიტ ბენჟამენ ბალეტერს (ჩერნოგორია) შეხვდება, გიორგი ჯავახიშვილი გზიდან ილია ლებედევის (რუსეთი) ჩამოშორებას შეეცდება, ხოლო ირაკლი მეტრეველი ასპარეზობის მეორე ნომერ პედრო საკამოტოს (ბრაზილია) გაუწევს მეტოქეობას.

კვალიფიკაციაში ექვსი ჩვენებური ჩაება. გიორგი რევაზიშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში დიმიტრი ვორონინთან გაარკვევს ურთიერთობას, გუგა თავაძემ სტარტზე გიორგი ლოქაფიშვილი ჩამოიშორა გზიდან (6:4, 6:1) და ძირითად ბადეში მოსახვედრად დავიდ იედიგარიანის (სომხეთი) წინააღმდეგობა უნდა დაძლიოს.

ალექსანდრე ანდღულაძემ რომან ჟურბინთან (რუსეთი) წააგო - 0:6, 1:6, ხოლო გიორგი ბუზალაძე ფილიპ სმალიანისთან დამარცხდა - 1:6, 5:7.

დღეს თბილისელი კარენ კირაკოსიანი რუს შალვა ჯანაშიას დაუხვდება.

წყვილებში ითამაშებენ: გიორგი ჯავახიშვილი, ირაკლი მეტრეველი და იმრან ასვატი (დიდი ბრიტანეთი), ფილიპ სმალიანი (რუსეთი); გიორგი ცივაძე, ვიქტორ გურევიჩი (აშშ) და ალექსანდრ ბობორიკინი, ტიმურ კიუამოვი (ორივე - რუსეთი); გიორგი რევაზიშვილი, თარაშ კიკალიშვილი (რუსეთი) და ანტონ გალკინი, ილია ლებედევი (ორივე - რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული