ნადალსა და სტენ ვავრინკას შორის მეოთხედფინალი ტურნირის მშვენება გახდა. ესპანელმა კარგად დაიწყო და პირველი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ მომდევნო გეიმში საკუთარი მოწოდება წააგო. 3:3-ზე ჩოგბურთელებმა ისევ გაცვალეს ბრეიკები, შემდეგ კი დამაჯერებლად აწვდიდნენ და ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ. ნადალი ვალდებული იყო, მოეგო შემოკლებული გეიმი - 6:2 წაიყვანა ანგარიში და ოთხმაგი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ მოახერხა ტაი-ბრეიკის წაგება - 7:9!
მეორე სეტში ვავრინკა 5:1 დაწინაურდა და მიიყვანა
* * *
ამ სტატუსის მფლობელი, სავარაუდოდ, გუშინდელ ფინალს უნდა გაერკვია. 39-ედ ხვდებოდნენ პროფესიულ ტურში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი.
როჯერი ნადალის მძლეველ ვავრინკას ხვდებოდა ნახევარფინალში და თავიდან 0:3 ჩამორჩა, მაგრამ მალე იპოვა თამაშის რიტმი და გაათანაბრა ანგარიში - 3:3. გადამწყვეტი დარტყმა კი თანამემამულეს 4:4-ზე მიაყენა, როცა მეორე ბრეიკი აიღო და შემდეგ სეტზე წარმატებით ჩააწოდა.
მეორე სეტში კი ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. ფედერერმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, 5:1 დაწინაურდა და მალე ფინალში თამაშის უფლება გაიფორმა. როჯერს ვავრინკასთან ურთიერთშეხვედრებში 16:2 მიჰყავს ანგარიში.
მეორე ნახევარფინალში ჯოკოვიჩი დავიდ ფერერს ხვდებოდა და პირველად ამ ტურნირზე, ორ სეტში ჩაეტია. მანამდე ალმაგროსთან, ბელუჩისთან და ნიშიკორისთან სერბი ერთ პარტიას უთმობდა მეტოქეს, რაც მის არაოპტიმალურ ფორმაზე მიუთითებდა.
ამ მატჩამდე ჯოკოვიჩს ზედიზედ რვაჯერ ჰყავდა დამარცხებული ფერერი და ესპანელმა "სერბის კომპლექსი" ვერც ამჯერად მოიცილა თავიდან. პირველ სეტში ნოვაკმა მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკი. 5:4-ზე, როცა მსოფლიოს პირველი ჩოგანი სეტზე აწვდიდა, ფერერმა გაიბრძოლა და ერთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.
მეორე სეტში კი გადამწყვეტი აღმოჩნდა ბრეიკი 4:4-ზე. საათსა და 35 წუთში ჯოკოვიჩმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ეს იყო მისი ზედიზედ 21-ე გამარჯვება მიმდინარე სეზონში.
* * *
ჯოკოვიჩის ბოლო წაგება 28 თებერვლით თარიღდება, როცა დუბაის ტურნირის ფინალში დამარცხდა ფედერერთან. როჯერს კარიერაში დიდი ტურნირებიდან ორი არ აქვს მოგებული - მონტე კარლოსა და რომში. იტალიის დედაქალაქში ის მეოთხედ თამაშობდა ფინალში. წინა სამ შემთხვევაში ლეგენდა ორჯერ დამარცხდა ნადალთან და ერთხელ ფელიქს მანტიიასთან.
ფინალმა დიდად არ გაამართლა მაყურებლის მოლოდინი. მატჩი საათსა და 15 წუთში დასრულდა. ნოვაკმა მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს, რომელიც ფედერერმა ვერ გამოიყენა, თავად კი 5 ბრეიკ-პოინტიდან ორი აიღო - თითო პარტიაში თითოჯერ გამოიჩინა თავი: პირველ სეტში 5:4-ზე და მეორე სეტის სტარტზე.
ჯოკოვიჩმა 21:18 წაიყვანა ანგარიში ფედერერთან დაპირისპირებაში. სერბმა მეოთხედ მოიპოვა ტიტული რომში, ამ სეზონში კი 35 მოგება და ორი წაგება აქვს. 2015 წელს მის ანგარიშზეა გამარჯვებები ავსტრალიის ღიაზე, ინდიან უელსში, მაიამიში, მონტე კარლოსა და რომში.
და კიდევ, ჯოკოვიჩმა კარიერაში "მასტერსის" სერიის 24-ე ტიტული მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ფედერერს. სერბი მხოლოდ ნადალს (27 ტიტული) ჩამორჩება, რომელსაც ამ კატეგორიის ტურნირებზე შარშანდელი გაზაფხულის შემდეგ არ მოუგია.
1/4-ფინალი
დავიდ ფერერი (ესპ, 7)-დავიდ გოფენი (ბელ) 6:2, 4:6, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 6:3, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კეი ნიშიკორი (იაპ, 5) 6:3, 3:6, 6:1; სტენ ვავრინკა (შვეიც, 8)-რაფაელ ნადალი (ესპ, 4) 7:6(7), 6:2.
1/2-ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დავიდ ფერერი (ესპ, 7) 6:4, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 8) 6:4, 6:2.
ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 6:4, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"