როლან გაროსი. III დღე: ქალებში უფრო მეტი სენსაციაა

AutoSharing Option
ქალთა ტურნირზე გაცილებით მეტი მოულოდნელობა ხდება. გუშინ, დღეს სენსაციად მოინათლა კანადელი ეჟენი ბუშარის მარცხი ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩთან. თუმცა ჩრდილოამერიკელის წლევანდელი შედეგებიდან გამომდინარე, სენსაცია ხმამაღალი ნათქვამი გამოვა. ავსტრალიის ღია პირველობიდან მოყოლებული, როცა ბუშარმა მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ მარია შარაპოვასთან წააგო, კანადელმა ექვსი ტურნირი ითამაშა და აქედან ოთხჯერ პირველი წრეში გამოეთიშა ბრძოლას, თითოჯერ მეორე და მესამე რაუნდში.

მლადენოვიჩს კი ყოველთვის გამოსდის საფრანგეთის დედაქალაქში თამაში - ტოპ-ათეულის წევრებთან ყველა წინა მოგება სწორედ პარიზში ჰქონდა - პეტრა კვიტოვასთან (2013), სიმონა ჰალეპთან (2014) და ნა
ლისთან (2014).

ბუშარის წინააღმდეგ პირველი სეტის რთულ ბრძოლაში მოგების შემდეგ, მლადენოვიჩს იოლად შეეძლო საბოლოო გამარჯვებამდე მისვლა, რადგან მეორე პარტიაში 5:0 წაიყვანა ანგარიში. ბუშარი ბრძოლაში დაბრუნდა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ფრანგმა შეძლო მატჩზე ჩაწოდება და 6:4, 6:4 მოიგება.

გუშინდელი დღის კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო სერბი ელენა იანკოვიჩის წაგება ბულგარელ სესილ კარატანჩევსთან - 3:6, 4:6.

* * *
პირველი რაუნდი გაიარა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა, რომელმაც 59 წუთში მოამთავრა საქმე ანდრეა ჰლავაჩკოვას წინააღმდეგ - 6:2, 6:3. ამერიკელმა 25 "ვინერსი" მიითვალა და მხოლოდ 17 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ახლა, სერენას 59-დან 58 მოგება აქვს "დიდი სლემის" ტურნირების პირველ წრეში. ერთადერთი მარცხი სამი წლის წინ სწორედ როლან გაროსზე ჰქონდა ფრანგი ვირჟინ რაზანოსგან.

კიდევ უფრო დამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის. მან 6:3, 6:0 გაანადგურა იტალიელი კარინ კნაპი. სკანდინავიელმა მეორე სეტში თითქმის იდეალური ჩოგბურთი აჩვენა - მხოლოდ ერთი უნებლიე შეცდომა დაუშვა (სულ მატჩში - შვიდი), კნაპმა კი მთლიანად შეხვედრაში 50 უნებლიე შეცდომა დააგროვა.

ფავორიტთაგან ყველაზე მეტად პეტრა კვიტოვას გაუჭირდა. არადა, ჩეხმა დაახლოებით სამი კვირის წინ, მადრიდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე თვით სერენა უილიამსი დაამარცხა და ტიტული აიღო. ახლა კი გაუჭირდა ზელანდიელი მარინა ერაკოვიჩის დამარცხება.

შეხვედრა ორსაათნახევარი გაგრძელდა. საინტერესოა, რომ საბოლოო სტატისტიკის მიხედვით, კვიტოვამ ჯამში მეტოქეზე შვიდით ნაკლები ქულა აიღო. მაგრამ მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი გადამწყვეტ მომენტებში ახერხებდა კარგ თამაშს. ჩეხმა მატჩის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში მოუმატა, როცა მესამე სეტში 3:3 იყო ანგარიში. პეტრამ მომდევნო ხუთი გეიმიდან ოთხი მოიგო და 6:4, 3:6, 6:4 გაიმარჯვა.

კვიტოვა როლან გაროსის 2012 წლის გათამაშების ფინალისტია, თუმცა მომდევნო ორ გათამაშებაში მესამე რაუნდიდან ეთიშებოდა ბრძოლას.

ქალები
I წრე

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ) 6:2, 6:3; ანა-ლენა ფრიდსემი (გერ)-ალექსა გლეტჩი (აშშ) 6:2, 4:6, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 10)-შელბი როჯერსი (აშშ) 6:2, 6:1; ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 3:6, 7:6(4), 6:4; სესილ კარატანჩევა (ბულ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 25) 6:3, 6:4; ირინა ფალკონი (აშშ)-მანონ არკანიოლი (საფ) 6:2, 6:0; იულია გორგესი (გერ)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:2, 5:7, 6:1; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 5)-კარინ კნაპი (იტა) 6:3, 6:0; პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 6:4, 3:6, 6:4; სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:4, 6:3; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 23)-ლარა არუაბარენა (ესპ) 6:3, 6:4; ტერეზა შმიტკოვა (ჩეხ)-ტეილორ თაუნსენდი (აშშ) 6:3, 6:4; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:3, 6:3; მედისონ კისი (აშშ, 16)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 7:6(3), 6:3; ფრანჩესკა სკიავონე (იტა)-კიან ვანგი (ჩინ) 3:6, 6:3, 6:4; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 18)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 6:1, 4:6, 6:2; ზარინა დიასი (ყაზ, 32)-დინა პფიცენმაიერი (გერ) 6:4, 6:1; ალისონ ვან უიტვანკი (ბელ)-ანა კაროლინა შმიედლოვა (სლოვაკ) 7:6(4), 7:6(7); დანკა კოვინიჩი (ჩერ)-კლარა კუკალოვა (ჩეხ) 6:3, 7:6(4); კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-ეჟენი ბუშარი (კან, 6) 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული