მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიელმა ლეგენდამ სამ სეტში დაამარცხა მარსელ გრანოლერსი, სერიოზული ბრძოლა დასჭირდა მესამე რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად. ესპანელი მეორე და მესამე სეტებში ბრეიკით იყო დაწინაურებული - 4:2 და 2:0, მაგრამ როჯერმა ორივე შემთხვევაში შეძლო პარტიის გადარჩენა.
მეორე სეტში, როცა ფედერერს პარტიის წაგების სერიოზული საფრთხე დაემუქრა, მხოლოდ ორი ქულა დათმო საკუთარ მოწოდებაზე, მესამე სეტში
ფედერერმა 38 "ვინერსით" დაასრულა შეხვედრა და 6:2, 7:6(1), 6:3 გაიმარჯვა. მესამე წრეში მისი მეტოქე ბოსნიელი დამირ ძუმჰური იქნება, რომელმაც ოთხ სეტში დაამარცხა კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი.
* * *
ასევე რთული სამსეტიანი მატჩი ჰქონდა მეხუთე ნომრად განთესილ კეი ნიშიკორის. გრუნტის ოსტატ ტომაშ ბელუჩისთან შეხვედრაში იაპონელს ყველაზე მეტად პირველ სეტში გაუჭირდა, როცა 4:4-ზე ოთხი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა ბრაზილიელს, მაგრამ ზედიზედ ხუთი ქულის აღებით გადაარჩინა გეიმი და სეტი. მეორე პარტიაში ნიშიკორი 4:0 დაწინაურდა და ბელუჩიმ ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ბოლოს ისევ წააგო სეტი. მესამეში კეიმ ერთი ბრეიკის ხარჯზე მოიგო და 2 საათისა და 15 წუთი ბრძოლის შემდეგ მესამე წრეში ბენჯამინ ბეკერზე გავიდა. გერმანელს გუშინ ურთულესი მატჩი ჰქონდა ფერნანდო ვერდასკოსთან - ბოლო სეტი 18 გეიმამდე გაიწელა და ბეკერმა 10:8 მოიგო.
ბელუჩიმ, რომელმაც 43 უნებლიე და 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ზედიზედ მეათედ წააგო ტოპ-ათეულის წევრებთან.
* * *
საინტერესო იყო ჩეხური დერბი ტომაშ ბერდიხსა და რადეკ შტეპანეკს შორის. ბერდიხს კარგად გამოსდის თანამემამულეების წინააღმდეგ თამაში და მათთან მოგებათა სერია 10 მატჩამდე აიყვანა. თუმცა 36 წლის შტეპანეკი უშანსოდ არ ყოფილა - მან ცხრა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, ოღონდ მხოლოდ ერთი შანსის გამოყენება მოახერხა, ბერდიხმა კი 14 ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გარდასახა მომგებიან ქულაში.
ფედერერს მიბაძა და მესამე წრეში გავიდა მეორე შვეიცარიელი ფავორიტი სტენ ვავრინკა. მას ისევ ოთხსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწია, ამჯერად, სერბი დუშან ლაიოვიჩის წინააღმდეგ. 2 საათი და 37 წუთი ბრძოლის შემდეგ სტენმა ასეთი ანგარიშით მოიგო - 6:3, 6:4, 5:7, 6:3. მისი შემდეგი მეტოქე ამერიკელი სტივ ჯონსონი იქნება. მანაც ოთხ სეტში მოიგო უკრაინელი სერგეი სტახოვსკის წინააღმდეგ.
* * *
წარმატებული დღე ჰქონდათ გუშინ ფრანგ ჩოგბურთელებს - ოთხი მათგანი გავიდა მესამე რაუნდში. გაელ მონფილს ხუთსეტიანი მარათონი ჰქონდა არგენტინელი დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ და ის 68 "ვინერსის" წყალობით მოიგო. ფრანგისთვის ეს იყო 24-ე ხუთსეტიანი მატჩი კარიერაში (14 მოგება-10 წაგება) და მე-100 მოგება გრუნტზე. მონფილსი მესამე რაუნდში ბოლო დროს პროგრესირებად ურუგვაელ პაბლო კუევასს შეხვდება, რომელმაც ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა ოთხ სეტში.
ჟო-ვილფრიდ ცონგამ 12 ბრეიკ-პოინტიდან ექვსი გამოიყენა, ჟილ სიმონმა 11-დან შვიდი და მათ, შესაბამისად, დუდი სელა და მარტინ კლიჟანი გამოთიშეს ბრძოლას.
მეოთხე ფრანგი, ვინც მესამე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა, ბენუა პერი იყო. მან ამ სეზონში გრუნტზე რაფაელ ნადალის ორჯერ მომგები ფაბიო ფონინი გაამგზავრა შინ.
კაცები
I წრე
ჟილ მიულერი (ლუქ)-პაოლო ლორენცი (იტა) 4:6, 4:6, 7:6(1), 7:6(5); 6:4.
II წრე
კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 7:5, 6:4, 6:4; ბენჯამინ ბეკერი (გერ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 32) 6:4, 0:6, 1:6, 7:5, 10:8; ლუკაშ როსოლი (ჩეხ)-რობერტო ბაუტისტა აგუტა (ესპ, 19) 6:4, 6:2, 6:2; თეიმურაზ გაბაშვილი (რუს)-ხუან მონაკო (არგ) 6:3, 6:4, 6:2; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 14)-დუდი სელა (ისრ) 6:4, 6:1, 6:1; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 22)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 1:6, 6:7(5), 6:3, 6:3, 4:2 შეწყდა; ბენუა პერი (საფ)-ფაბიო ფონინი (იტა, 28) 6:1, 6:3, 7:5; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:3, 6:7(7), 6:3, 6:3; სტენ ვავრინკა (შვეიც, 8)-დუშან ლაიოვიჩი (სერ) 6:3, 6:4, 5:7, 6:3; სტივ ჯონსონი (აშშ)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 2:6, 6:3, 7:6(5), 7:6(6); ნიკოლა მაუ (საფ)-ერნესტ გულბისი (ლატ, 24) 6:3, 3:6, 7:5, 6:3; ჟილ სიმონი (საფ, 12)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 7:5, 6:2, 6:3; გაელ მონფილსი (საფ, 13)-დიეგო შვარცმანი (არგ) 4:6, 6:4, 4:6, 6:2, 6:3; პაბლო კუევასი (ურუ, 21)-დომინიკ ტიმი (ავსტრია) 7:6(7), 7:5, 6:7(5), 7:5; დამირ ძუმჰური (ბოს)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:4, 6:3, 4:6, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:2, 7:6(1), 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"