როლან გაროსი: როჯერს წასვლისკენ მიუთითეს

AutoSharing Option
როლან გაროსზე გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა. გუშინ დაიწყო მეოთხედფინალური ეტაპი და პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა მამაკაცების ბადეში. მთავარი ამბავი კი ის იყო, რომ სტენ ვავრინკამ როჯერ ფედერერს პენსიაში გასვლაზე მიუთითა...

მიუხედავად იმისა, რომ ფედერერს 16:2 მიჰყავდა ურთიერთშეხვედრებში ანგარიში ვავრინკასთან, ლეგენდა ფავორიტად მაინც ვერ ჩაითვლებოდა. სტენი როლან გაროსისთვის ბრწყინვალე ფორმაში შევიდა და ასეთ კონდიციაში ის ძალიან რთული დასამარცხებელია.

არადა, სულ რაღაც სამი კვირის წინ, რომის "მასტერსის" ნახევარფინალში ფედერერმა მხოლოდ ექვსი გეიმი მისცა თანამემამულეს. გუშინ კი ყველაფერი სულ სხვანაირად წარიმართა. ფედერერი, ფაქტობრივად,
უშანსოდ იყო, რაზეც ერთი საინტერესო სტატისტიკური ფაქტი მეტყველებს: როჯერმა 2002 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო "დიდი სლემის" ტურნირის მატჩში ბრეიკის შესრულება.

ვავრინკამ სტარტზევე მოიპოვა უპირატესობა და მესამე გეიმში ბრეიკი აიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად. ფედერერს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მეათე გეიმში ჰქონდა, მაგრამ სტენმა ეს საფრთხე მოიგერია.

მეორე სეტის პირველ ნაწილში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, რის შემდეგაც 2:3-დან მოყოლებული, ვავრინკამ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 2:0 წაიყვანა სეტებში ანგარიში. ფედერერს კარიერაში ცხრა მატჩი აქვს 0:2-დან თავის სასარგებლოდ შემოტრიალებული, მაგრამ ამჯერად შანსი არ ჰქონდა.

როჯერმა მესამე პარტიაში მხოლოდ ის მოახერხა, რომ საკუთარი გეიმი არ წააგო და ტაი-ბრეიკამდე მივიდა, მაგრამ იქაც ვერაფერს გახდა. ორ საათსა და ცხრა წუთში ვავრინკამ 6:4, 6:3, 7:6(4) მოიგო და "დიდი სლემის" ტურნირებზე პირველად დაამარცხა ფედერერი. სტენის ანგარიშზე 43 "ვინერსი" და მხოლოდ 28 უნებლიე შეცდომა იყო.

სტენ ვავრინკა წელს მეორედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში. ავსტრალიის ღიაზე მან ამ ეტაპზე ხუთ სეტში წააგო ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

* * *
გუშინ გაიხარა ფრანგულმა პუბლიკამ. ჟო-ვილფრიდ ცონგამ სამი საათი და 44 წუთი მოანდომა იაპონელი კეი ნიშიკორის დამარცხებას და ნახევარფინალში ვავრინკაზე გავიდა.

მასპინძელმა ფანტასტიკური სტარტი აიღო და 6:1, 5:2 წაიყვანა ანგარიში, რის შემდეგაც მატჩი 30 წუთით შეწყდა, რადგან ძლიერი ქარის გამო ცენტრალურ კორტზე ტაბლოს ნაწილი ჩამოიშალა და რამდენიმე მაყურებელი დააზიანა.

მატჩის განახლების შემდეგ ნიშიკორი გაცილებით ძლიერად ათამაშდა და ერთი დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ მეორე სეტის გადარჩენა ვეღარ შეძლო. სამაგიეროდ, მესამე და მეოთხე პარტიებში გამოიყენა სათამაშო უპირატესობა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მაგრამ იაპონელმა საქმე ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანა. ცონგამ მეხუთე სეტის მეხუთე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და ის ხელიდან არ გაუშვა, საკუთარი მოწოდებები შეინარჩუნა და პირველად გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში - 6:1, 6:4, 4:6, 3:6, 6:3. ფრანგის ანგარიშზე მატჩში 44 "ვინერსი" იყო.

ასე რომ, პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ვავრინკა და ცონგა აქამდე ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში თანაბარია - 3:3. ამ ექვსიდან ორი მატჩი როლან გაროსზე იყო, თანაც ორივე ხუთსეტიანი - 2011 წელს ვავრინკამ მოიგო, 2012 წელს - ცონგამ.

კაცები
1/4-ფინალი
ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 14)-კეი ნიშიკორი (იაპ, 5) 6:1, 6:4, 4:6, 3:6, 6:3; სტენ ვავრინკა (შვეიც, 8)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 6:4, 6:3, 7:6(4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული