როლან გაროსი: ივანოვიჩის დიდი დაბრუნება

AutoSharing Option
ასევე პირველი ნახევარფინალური წყვილი შედგა ქალთა ტურნირზე. 2008 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში ანა ივანოვიჩი.

სერბმა 37 "ვინერსის" წყალობით 75 წუთში შეაჩერა უკრაინელი სენსაციის, ელინა სვიტოლინას ბრწყინვალე სვლა - 6:3, 6:2.

ივანოვიჩმა ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი ერთხელ არ დათმო საკუთარი მოწოდება. სერბს ყველაზე კარგად ფორჰენდიდან დარტყმა გამოსდიოდა - 37 "ვინერსიდან" 30 სწორედ მარჯვნიდან დარტყმაზე მოდის.

როგორც გითხარით, ივანოვიჩი ბოლოს "დიდ სლემზე" ნახევარფინალში 2008 წელს იყო. სწორედ მაშინ მოიგო მან როლან გაროსი, როცა ფინალში რუსი დინარა
საფინა დაამარცხა.

* * *
ივანოვიჩის მეტოქე ნახევარფინალში ლუსი საფაროვა იქნება, რომელმაც წინა დღეს მარია შარაპოვას ძლევის შემდეგ, ესპანელი გარბინ მუგურუსა გამოთიშა ბრძოლას. ეს უკანასკნელი ზედიზედ მეორედ თამაშობდა როლან გაროსის მეოთხედფინალში და ისევ ვერ გაიარა ეს ბარიერი.

პირველი სეტი ტაი-ბრეიკამდე აბსოლუტურად თანაბარი გამოვიდა და ქალთა ჩოგბურთისთვის არადამახასიათებელი სურათი ვიხილეთ - არც ერთი ბრეიკი არ დაფიქსირებულა, შემოკლებულ გეიმში კი საფაროვამ ორჯერ გააკეთა მინი-ბრეიკი და ამის ხარჯზე გაიმარჯვა.

მეორე სეტის მეორე გეიმში საფაროვამ პირველად აიღო მეტოქის მოწოდება და 2:0 წაიყვანა ანგარიში, თუმცა იქვე, მუგურუსამ დაიბრუნა დაკარგული გეიმი. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეექვსე გეიმი, რომელშიც საფაროვამ მეორე ბრეიკი შეასრულა და ეს საბოლოო გამარჯვების მომტანი ქულა აღმოჩნდა, რადგან ჩეხმა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა საკუთარი მოწოდებები - 7:6(3), 6:3.

ამ მოგებით ლუსი კარიერაში პირველად შეაღწევს კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში, ხოლო "დიდი სლემის" ტურნირებზე მეორედ ითამაშებს ნახევარფინალში. პირველად ეს შარშან, უიმბლდონზე შეძლო.

რაც შეეხება საფაროვასა და ივანოვიჩის ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას, ჩეხი წინ არის - 5:3, თუმცა ბოლო მატჩი სერბმა მოიგო - შარშან, ტოკიოს ტურნირზე.

ქალები
1/4-ფინალი

ანა ივანოვიჩი (სერ, 7)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 19) 6:3, 6:2; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 13)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 21) 7:6(3), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
. სერბს ყველაზე კარგად ფორჰენდიდან დარტყმა გამოსდიოდა - 37 "ვინერსიდან" 30 სწორედ მარჯვნიდან დარტყმაზე მოდის.

ფორჰენდი მარჯვნიდან დარტყმაა? :D :D :D
მარცხნიდან არა ხდება ფორჰენდის გამოყენება?
:D :D :D
papu
08:13 03-06-2015
0
რა არის აქ სასაცილო? დიახ მარჯვნიდან დარტყმას ჰქვია ფორჰენდი, მარცხნიდან დარტყმას კი ბექჰენდი. მე ასე ვიცი და... :D :D
fraternity
11:54 03-06-2015
0

სიახლეები პოპულარული