როლან გაროსი: ჯოკოს დამსხვრეული ოცნებები

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მესამედ წააგო როლან გაროსის ფინალი და კვლავ მომავლისთვის გადადო კარიერული "დიდი სლემის" შეგროვება. წაგება ყოველთვის დასანანია, მაგრამ სერბმა უნდა აღიაროს, რომ გუშინ ის კლასის ხარჯზე დაამარცხა შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ...

სეზონის წინ ჯოკოვიჩი არ მალავდა, რომ 2015 წლის სეზონში მისი მთავარი ამოცანა როლან გაროსზე გამარჯვება და კარიერული "დიდი სლემის" მოგება იყო და სერბი ამ მიზნისკენ დამაჯერებლად მიდიოდა. საფრანგეთის ღია პირველობის წინ მან გრუნტზე ორი "მასტერსი" მოიგო, გუშინდელ ფინალამდე 29-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა და რაც მთავარია, მეოთხედფინალში გაანადგურა ყველაზე სახიფათო
მეტოქე, "გრუნტის მეფე" რაფაელ ნადალი.

რაც შეეხება სტენ ვავრინკასთან ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას, ეს მაჩვენებელიც სერბის სასარგებლოდ ლაპარაკობდა - 19:3, მაგრამ 2013 წლის ავსტრალიის ღიადან მოყოლებული, მათი მატჩები ხუთსეტიან ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ ერთი გამონაკლისის გარდა, მოგებული მაინც ნოვაკი რჩებოდა.

მოკლედ, თითქმის ყველა ჯოკოვიჩის ტრიუმფს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ რატომღაც ივიწყებდნენ, რომ ვავრინკამ მთელი ტურნირი ბრწყინვალედ ჩაატარა. მაგალითად, როჯერ ფედერერს ისე მოუგო, რომ ერთი საკუთარი გეიმი არ დაუთმო, ხოლო, როცა შვეიცარიელი ასეთ ფორმაშია, მისი დამარცხება ძალიან რთულია. მან ეს არაერთხელ დაამტკიცა, თუნდაც 2014 წელს, ავსტრალიის ღიაზე, როცა "დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირი მოიგო კარიერაში.

ასევე გასათვალისწინებელი იყო ერთი მომენტი - ჯოკოვიჩმა ვერ მოასწრო თავისი ნახევარფინალის მოგება პარასკევს და კიდევ სეტნახევრის თამაში მოუწია შაბათს ბრიტანელი ენდი მარეის ხუთ პარტიაში დასამარცხებლად. შესაბამისად, სერბს, პრაქტიკულად, ერთი დღით ნაკლები დასვენება მოუწია.

* * *
ვავრინკა რთულად შევიდა თამაშში. ჯოკოვიჩი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა პირველ სეტში. ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს და ეს საფრთხე მოიგერია, თავად კი მეშვიდე გეიმში შეასრულა ბრეიკი და ეს საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად - 6:4.
მეორე სეტის პირველივე გეიმში ჯოკოვიჩმა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ვერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და როგორც გაირკვა, ეს იყო სერბისთვის პარტიაში ბრეიკის შესრულების ერთადერთი შანსი.

ვავრინკამ თანდათან მოუმატა თამაშს. თავის გეიმებში მეტოქეს შანსს არ აძლევდა, ჯოკოვიჩის მომდევნო სამ გეიმში კი ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ სერბი მნიშვნელოვან ქულებზე უშეცდომოდ თამაშობდა.

ასე მივიდნენ ჩოგბურთელების მეათე გეიმამდე. ვავრინკამ ისევ მოიპოვა ორმაგი ბრეიკ-პოინტი, რაც ორმაგ სეტბოლს ნიშნავდა. ჯოკოვიჩმა მეხუთედ გადაარჩინა საკუთარი გეიმი, მაგრამ სტენმა მეექვსე ცდაზე მაინც აიღო მეტოქის მოწოდება და მასთან ერთად სეტი - 6:4.

ამის შემდეგ ვავრინკა სრულად დაეუფლა უპირატესობას. მესამე სეტში მას უკვე მეორე გეიმში შეეძლო ბრეიკის შესრულება, მაგრამ სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მეექვსე გეიმში შეძლო ეს და 4:2 გავიდა წინ. ჯოკოვიჩს ისევ ერთადერთი ბრეიკი ჰქონდა სეტში, კერძოდ, მეშვიდე გეიმში, მაგრამ შვეიცარიელმა არ მისცა მსოფლიოს პირველ ჩოგანს სიტუაციის გამოსწორების საშუალება, ცოტა ხანში კი სეტზე ჩააწოდა - 6:3.

ასეთი დონის მატჩებში შეუძლებელია, თავიდან აიცილო ჩავარდნა. ეს ვერც ვავრინკამ შეძლო და მეოთხე სეტში 0:3 ჩამორჩა. თითქოს, სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაწყებულიყო ნოვაკის ქამბექი, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. შვეიცარიელმა ძალიან მალე დაიბრუნა ინიციატივა და ზედიზედ სამი გეიმის მოგებით უპასუხა მეტოქის გაქცევას.

3:3-დან მოყოლებული, ბოლო ოთხ გეიმში ორივე ჩოგბურთელს ბრეიკის შესრულების ბევრი შანსი ჰქონდა. მეშვიდე გეიმში ვავრინკამ ორი ასეთი შანსი ვერ გამოიყენა, მერვე გეიმი თავად გადაარჩინა 0:40-დან და გადამწყეტი ბრეიკი მეცხრე გეიმში მოიპოვა.

ჯოკოვიჩმა ბოლომდე იბრძოლა. მეათე გეიმში პირველი მატჩბოლიდან არ დაანება მატჩი სტენს და უფრო მეტიც, ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვავრინკამ მოიგერია საფრთხე და შემდეგ მეორე მატჩბოლიდან მოიგო შეხვედრა. მან ბექჰენდით მოიპოვა ბოლო ქულა, რაც სიმბოლური იყო - მეტოქის ამ იარაღს ჯოკოვიჩმა მთელი მატჩი ვერაფერი მოუხერხა.

1/2-ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ენდი მარეი (ბრიტ, 3) 6:3, 6:3, 5:7, 5:7, 6:1; სტენ ვავრინკა (შვეიც, 8)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 14) 6:3, 6:7(1), 7:6(3), 6:4.

ფინალი
სტენ ვავრინკა (შვეიც, 8)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 4:6, 6:4, 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული