რაფაელ ნადალმა ზედიზედ ორი ვერ გაქაჩა

AutoSharing Option
შტუტგარტის ტურნირის მოგების შემდეგ, ესპანელმა რაფაელ ნადალმა წააგო "ქუინზ ქლაბის" პირველივე წრეში. ლონდონის ტურნირის საწყის მატჩში მას საკმაოდ რთული მეტოქე შეხვდა - უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი, რომელმაც შარშან აქ მეოთხედფინალამდე მიაღწია.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი პარტიის მოგების შემდეგ დოლგოპოლოვს მეორე სეტის აღების შანსიც ჰქონდა - ტაი-ბრეიკზე ერთი სეტბოლი ვერ გამოიყენა. ნადალმა შეინარჩუნა ინიციატივა მესამე სეტის სტარტზე, რასაც მეოთხე გეიმში ბრეიკის შესრულება მოჰყვა. მაგრამ ესპანელმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, ბოლოს ზედიზედ ოთხი გეიმი და მატჩი წააგო - 3:6, 7:6(6), 4:6.

დოლგოპოლოვმა
ზედიზედ მეორედ დაამარცხა ნადალი, რომელმაც შეწყვიტა სერია - წინა ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ მეოთხედფინალში გადიოდა ლონდონში.

* * *
როლან გაროსის მოგების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ და ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი - 6:3, 6:4.

ვავრინკამ 48 წუთში მოამთავრა საქმე. მან ცხრა ეისი ჩააწოდა და სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. მერვედფინალში შვეიცარიელი სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს შეხვდება.

პირველ ნომრად განთესილმა ენდი მარეიმ ტაივანელი იენ-ჰსუნ ლუ დაამარცხა ასევე ორ სეტში - 6:4, 7:5. ბრიტანელი მეოთხედ თამაშობს ლონდონში - წინა სამ შემთხვევაში მარეი ჩემპიონი ხდებოდა.

რთული მატჩი ჰქონდა მოქმედ ჩემპიონ გრიგორ დიმიტროვს. ბულგარელმა პირველი სეტი წააგო ამერიკელ სემ კუერისთან მატჩში და მეორე პარტიაში ბრეიკით ჩამორჩა, მაგრამ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა - 4:6, 6:3, 6:4.

* * *
ამასობაში გაირკვა, რომ ლონდონი დარჩება ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის მასპინძლად - ამის შესახებ უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება.

ბრიტანეთის დედაქალაქმა წლის დასკვნითი ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2009 წელს მიიღო. ჩატარების წინა ადგილი ჩინეთის ქალაქი შანხაი იყო.

ბრიტანულ მხარესა და ATP-ის შორის კონტრაქტი 2015 წლის ბოლო იწურება. ჩვეულებრივ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია სამწლიან კონტრაქტს აფორმებს, მაგრამ Daily Telegraph-მა გაარკვია, რომ ლონდონი არ დაკარგავს პრესტიჟულ ტურნირს: მხარეები ხელს მოაწერენ ახალ სამწლიან ხელშეკრულებას, რომელიც 2018 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

ყველაზე დიდი ხანი წლის დასკვნით ტურნირს ნიუ იორკი მასპინძლობდა - 13 წელი (1977-89).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული