გერმანიის ჰალეს ტურნირს ტრადიციული გამარჯვებული ჰყავს - აქ მერვედ მოიპოვა მთავარი პრიზი როჯერ ფედერერმა, რომელსაც მხოლოდ პირველ წრეში დასჭირდა სამი სეტი გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერის დასამარცხებლად, შემდეგ კი ორ სეტში უსწორდებოდა მეტოქეებს, მათ შორის, ფინალში იტალიელ ანდრეას სეპის, რომელსაც პროფესიულ ტურში მეცამეტედ შეხვდა და მეთორმეტედ მოუგო -
შეხვედრა საათი და 48 წუთი გაგრძელდა. ფედერერს კრიტიკული მომენტი პირველი სეტის მეათე გეიმში ჰქონდა, როცა 4:5-ზე ორი სეტბოლი მოიგერია, სამაგიეროდ, ტაი-ბრეიკზე გაანადგურა იტალიელი. აღსანიშნავია, რომ ჰალეში როჯერს ექვსი ტაი-ბრეიკის ჩატარება მოუწია და ყველა მოიგო. მეორე სეტში კი შვეიცარიელმა მერვე გეიმში შეასრულა მატჩში ერთადერთი ბრეიკი და უპრობლემოდ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.
ფედერერმა პროფესიულ ტურში 130-ე ფინალი ითამაშა და 86-ე ტიტული მოიგო. მას კიდევ რვა ტურნირის მოგება სჭირდება იმისთვის, რომ ყველა დროის სიაში მეორე ადგილზე მყოფ ივან ლენდლს დაეწიოს.
როგორც გითხარით, როჯერმა მერვედ მოიგო ჰალეს ტურნირი. რეკორდსმენი ერთ კონკრეტულ ტურნირზე გამარჯვებების რაოდენობით ესპანელი რაფაელ ნადალია - მას როლან გაროსზე ცხრა მოგება აქვს.
* * *
ლონდონის "ქუინზ ქლაბის" ტურნირი, ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, ენდი მარეიმ მოიგო, რომელიც გუშინ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას პირველი სეტის 3:3-დან მოუწია წინა დღიდან გადადებული ნახევარფინალის დასრულება სერბი ვიქტორ ტროიცკის წინააღმდეგ. პირველ პარტიაში ბრიტანელმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 6:3 მოიგო, მეორეში კი ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია და იქ 7:4 გაიმარჯვა.
ფინალში მარეის მეტოქემ, კევინ ანდერსონმა შაბათს მოასწრო ნახევარფინალის მოგება და შესაბამისად, გადამწყვეტ მატჩს დასვენებული შეხვდა. საერთოდ, სამხრეთაფრიკელმა ლონდონში ბრწყინვალე ფორმა აჩვენა, რაზეც თუნდაც მეორე წრეში როლან გაროსის ჩემპიონის, სტენ ვავრინკას დამარცხება მეტყველებს.
მაგრამ ამ მცირე დისკომფორტს მარეიზე არ უმოქმედია. ფინალის პირველ სეტში მან პირველივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 3:1 დაწინაურდა, პარტია კი 28 წუთში მოიგო - 6:3. სიტუაცია არც მეორე სეტში შეცვლილა. ენდიმ ისე ჩაატარა შეხვედრა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს, თავად კი მეორე ბრეიკი მეორე პარტიის მეხუთე გეიმში შეასრულა და 64 წუთში მოიგო ტიტული - 6:3, 6:4.
მარეიმ 50-ე ფინალი ითამაშა პროფესიულ ტურში და აქედან 36 გამარჯვებით დაასრულა. ბრიტანელმა "ქუინზ ქლაბზე" მეოთხედ მოიგო და ამ მაჩვენებლით ისეთი ლეგენდების გვერდით დადგა, როგორებიც არიან ჯონ მაკინროი, ბორის ბეკერი და ლეიტონ ჰიუიტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"