ბუშარი გრუნტის სეზონის ჩაგდების შემდეგ ოპტიმიზმით ხვდებოდა ჰერტოგენბოშის ტურნირს, სადაც პირველ წრეში ყაზახი იაროსლავა შვედოვა ელოდა. ბუშარი მესამე სეტში 4:0-ს იგებდა და ამ მატჩის წაგებაც მოახერხა. 10 მარცხი ბოლო 11 მატჩში - კოშმარული სტატისტიკა ამომავალი ვარსკლავისთვის. მაინც რა დაემართა ეჟენი ბუშარს?
ამ კითხვას სვამს ბევრი საჩოგბურთო
ამას მოჰყვა ბუშარის უცნაური საქციელი ფედერაციის თასზე. რუმინეთთან მატჩის წინ, წილისყრის ცერემონიაზე ტრადიციული შეხვედრისას, კანადელმა მოულოდნელად ხელი არ ჩამოართვა ალექსანდრა დულგერუს. ეჟენიმ ამას უცნაური ახსნა მოუძებნა: "პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, არ მინდა მეტოქეს მატჩის წინ წარმატება ვუსურვო. თამაშის შემდეგ მას ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოვართმევ ხელს".
ბევრმა ადამიანმა საჩოგბურთო სამყაროდან გაკიცხა ბუშარის გამოხდომა. მით უმეტეს, რომ ეჟენის არ ეყოფოდა გამბედაობა უარი ეთქვა სერენა უილიამსისთვის ან მარიას შარაპოვასთვის ხელის ჩამორთმევაზე. ამ აზრს იზიარებს მოთამაშეთა უმრავლესობა.
ბუშარს შეეძლო გაეჩუმებინა სკეპტიკოსები, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ორივე ერთეულთა მატჩი რომ მოეგო, მაგრამ არა მარტო დულგერუსთან, არამედ ანდრეა მიტუსთანაც გადამწყვეტი მატჩიც დათმო. ბუნებრივია, ამით მან უფრო მეტი დაცინვა დაიმსახურა.
მეორე წლის სინდრომი
თავად ეჟენიმ ერთ-ერთ ინტერვიუში კატასტროფული შედეგები მეორე წლის სინდრომით ახსნა. მართლაც, ბევრ ჩოგბურთელს, რომელიც მწვერვალზე ადრეულ ასაკში ადის, მალე ჩავარდნა ეწყება. მეორეს მხრივ, ბუშარი არ აპირებდა ტემპის დაგდებას, რადგან გასული სეზონის ბოლოს უარი თქვა ცნობილი მწვრთნელის ნიკ სავიანოს სამსახურზე. 2015 წელს ბუშართან მუშაობს ვიქტორია აზარენკას ყოფილი დამრიგებელი სემ სიუმიკი. ბუნებრივია, ჯერჯერობით მათ თანამშრომლობაზე პოზიტიურის თქმა არ შეიძლები - საკმარისია შედეგებისთვის თვალის გადავლება.
"როცა მწვრთნელს ვეძებდი, მინდოდა, რომ ის თავად ყოფილიყო პირველი, ან პირველი ნომრის მწვრთნელობის გამოცდილება ჰქონოდა. სიუმიკის სახით მივიღე ასეთი სპეციალისტი", - ახსნა თავისი არჩევანი ეჟენიმ.
ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელს კრის ევერტს მიაჩნია, რომ მწვრთნელის შეცვლა - ბუშარის დიდი შეცდომაა.
"რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნიკ სავიანო მართლაც ძალიან კარგი იყო ბუშარისთვის. მას ეჟენიზე დადებითი გავლენა ჰქონდა, თან დიდი ხანია იცნობდა.
დღეს ბუშარს ბევრი წაგება აქვს სამ სეტში. მას შეუძლია დაწინაურდეს გადამწყვეტ პარტიაში, მაგრამ მაინც წააგოს მატჩი... ეს ლაპარაკობს ფსიქოლოგიურ პრობლემებზე", - გამოთქვა საკუთარი აზრი ევერტმა.
კურნიკოვასთან შედარება
დღეს ეჟენი ბუშარს ხშირად ადარებენ ანა კურნიკოვას. ანაც ადრეულ წლებში დიდ ყურადღებას აქცევდა სარეკლამო კონტრაქტებს და სხვადასხვა ჟურნალში ფოტოსესიებს. საბოლოოდ, ვერ შეძლო კორტზე დიდი მიღწევების დაფიქსირება, მაგრამ მაინც გახდა ვარსკვლავი და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ჩოგბურთელია მსოფლიოში. სავარაუდოდ, რაღაც მსგავსი ელოდება ეჟენი ბუშარსაც, რადგან წაგებების სერიის მიუხედავად, ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სპორტსმენად მიიჩნევა სარეკლამო შემოსავლების მხრივ.
მარკეტინგულად ყველაზე მომხიბვლელი სპორტსმენების ამასწინდელ რეიტინგში ეჟენიმ პირველი ადგილი დაიკავა. სპეციალისტებმა კანადელი ფეხბურთელ ნეიმარზე და ფორმულა 1-ის პილოტ ლუის ჰემილტონზე მაღლა დააყენეს. რეიტინგის შედგენისას, ბუნებრივია, ითვალისწინებდნენ გარეგნობას, ქარიზმას, პრესაში პოპულარობასა და არსებულ სარეკლამო კონტრაქტებს. ბუშარს უკვე აქვს მსხვილი ხელშეკრულებები Nike-თან და Coca-Cola-თან.
"შესაძლოა, ეჟენისთვის მოვიდა დრო გვერდზე გადადოს ჟურნალებისთვის გადაღებები და უბრალოდ დაიწყოს მუშაობა, როგორც ჩვეულებრივმა ჩოგბურთელმა", - ასეთი აზრი გამოთქვა კრის ევერტმა.
სერიოზული საკითხია - როგორ გზას აირჩევს საბოლოოდ ეჟენი ბუშარი. ამ მომენტისთვის კანადელი, შესაძლოა, მთლიანად გადაერთოს სარეკლამო შემოსავლებზე და ჩოგბურთმა მეორე პლანზე გადაიწიოს. იშვიათად ვინმემ მოახერხოს ამ ორი ფრონტის შეთავსება. ამაში სპეციალისტი მარია შარაპოვაა.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეჟენი სულ რაღაც 21 წლისაა. მხოლოდ ერთეულები დაიკვეხნიან იუნიორთა ასაკში ასეთი მიღწევებით - "დიდი სლემის" ტურნირებზე ორი ნახევარფინალი, უიმბლდონის ფინალი, წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრა... ასეთი შედეგები შემთხვევით არ მოდის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ბუშარი სავსებით შეიძლება დაბრუნდეს უმაღლეს დონეზე. ამისთვის კანადელს ჩოგბურთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება დასჭირდება ან შარაპოვას წარმატება გამეორება - შეათავსოს ბიზნესი და სპორტი.
ბუშარის ბოლო მატჩები
ბირმნგემი. II წრე. მლადენოვიჩი (საფ) 3:6, 6:4, 0:6
ჰერტოგენბოში. I წრე. შვედოვა (ყაზ) 4:6, 6:1, 4:6
რომი. I წრე. დიასი (ყაზ) 6:3, 6:4.
რომი. II წრე. სუარეს ნავარო (ესპ) 7:6, 5:7, 6:7
როლან გაროსი. I წრე. მლადენოვიჩი 4:6, 4:6
მადრიდი. I წრე. სტრიკოვა (ჩეხ) 6:0, 3:6, 3:6
ჩარლსტონი. I წრე. დევისი (აშშ) 3:6, 1:6
მაიამი. II წრე. მარია (გერ) 0:6, 6:7
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"