ორშაბათს უიმბლდონი იწყება

AutoSharing Option
როლან გაროსის შემდეგ ვნებები ჯერ არ ჩამცხრალა და ჩოგბურთელებს კარს მოადგა "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირი. 29 ივნისს, ლონდონის მშვიდ გარეუბანში საჩოგბურთო სიგიჟე იწყება - მას უიმბლდონი ჰქვია. ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული, ძველი და მდიდარი ტურნირი.

ბევრს ჩოგბურთელს არ უყვარს უიმბლდონი. რაც არ უნდა იყოს, ჩვენს დროში ბალახის კორტები ერთგვარ ანაქრონიზმს წარმოადგენს. მთელი სეზონის განმავლობაში, პროფესიონალი ჩოგბურთელები ბალახზე ზუსტად ოთხი კვირა თამაშობენ. აქ არ არის გრძელი გათამაშებები, რაც ასე უყვარს პუბლიკას. და ბალახიც, ტურნირის მეორე კვირის დასაწყისისთვის, თითქმის მთლიანად
გადათელილია. ყველას ახსოვს ლეგენდარული ივან ლენდლის სიტყვები - ბალახი კარგია ძროხებისთვის, ჩოგბურთში კი, ბევრი სხვა საფარი არსებობსო. ყოფილმა ჩეხოსლოვაკიელმა ისე დაასრულა კარიერა, ერთხელაც ვერ მოიგო უიმბლდონი, თუმცა ორჯერ ფინალში გაღწევა შეძლო.

ეს ყველაფერი კარგად იციან All England Lawn Tennis & Croquet Club-ის მფლობელებმაც, რომლებიც ინგლისის ჩოგბურთის ფედერაციასთან ერთად ატარებენ უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არც მათ აქვთ ყოველ წელიწადს ახალი გაზონის (ბალახს სპეციალურად ზრდიან იორკშირის ერთ-ერთ ფერმაში) დაგების დიდი სურვილი. მაგრამ ეს ხომ ინგლისია - აქ დიდი მოწიწებით ეპყრობიან ყველაფერს, რაც ცოტათი მაინც უკავშირდება ისტორიას.

უიმბლდონს კი, ხანგრძლივი ისტორია აქვს. პირველი ტურნირი 1877 წელს გაიმართა. მაშინ პირველობა მხოლოდ მამაკაცებს შორის ერთეულთა თანრიგში გათამაშდა და ერთბაშად 500 მაყურებელს მოუყარა თავი. ყოველმა მათგანმა თითო შილინგი დახარჯა მატჩების სანახავად.

მაყურებლების რაოდენობას რაც შეეხება, უიმბლდონის არსებობის 138 წლიან ისტორიაში, ის დაახლოებით ათასჯერ გაიზარდა - ყოველწლიურად, ორი კვირის განმავლობაში, კორტებს ნახევარი მილიონი გულშემატკივარი სტუმრობს. აჟიოტაჟი მართლაც დიდია. ეს არის, ალბათ, "დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირი, სადაც საჩოგბურთო კომპლექსის გარშემო კარვების ქალაქები იშლება. ტურნირის დღეებში, ლონდონის საშუალო დონის სასტუმროებში თავისუფალი ოთახების სერიოზული დეფიციტი შეინიშნება, ხოლო ძვირფას სასტუმროში გაჩერების საშუალება ბევრს არ აქვს.

გარდა ამისა, უიმბლდონი ერთ-ერთი იშვიათი ადგილია ბრიტანეთში, სადაც შეიძლება ბილეთებზე უგრძესი რიგები ნახოთ. რიგში კვლავ ის ადამიანები დგანან, რომლებიც სიმდიდრით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ ძალიან სურთ ცენტრალურ ან პირველ კორტზე კარგი საჩოგბურთო მატჩის ნახვა. ყოველდღიურად, გასაყიდად გამოაქვთ არაუმეტეს 500 ბილეთისა (დანარჩენი ადრე იყიდება) და აქ ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ამას ავტორიზებული სააგენტოები გვთავაზობენ. სხვაობა დაახლოებით 30 პროცენტია: ტურნირის პირველ 10 დღეს, ბილეთი 40 დოლარი ღირს, ბოლო ოთხ დღეს, ანუ გადამწყვეტ მატჩებზე - 130 დოლარი. ზედმეტი ბილეთისთვის ნადირობა - ეს საჩოგბურთო ექსტრემალების გზაა. ხელზე ბილეთის ყიდვა მაინც რისკთან არის დაკავშირებული - გამორიცხული არაა, რომ ყალბი ბილეთი შემოგაჩეჩონ.

უფრო მშვიდი და ბანალური გზაა - შეიძინოთ ტური უიმბლდონზე. თუმცა ეს ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად, ტურნირის პირველ კვირაზე დასწრება, ორ ადამიანს ჯამში 5560 დოლარი დაუჯდება. ამ თანხაში არ შედის თვითმფრინავის ხარჯები. მეორე კვირისთვის, ასეთი პაკეტი უკვე 7360 დოლარს უტოლდება (ასევე ორი ადამიანისთვის). ხოლო იმავე მეორე კვირას, უმაღლეს დონეზე მომსახურება 20 ათასი დოლარი ღირს (და კვლავ, თვითმფრინავის ხარჯების ჩაუთვლელად).

ასეთი დიდი თანხის გადახდის მიუხედავადაც, VIP მომსახურებას მაინც ვერ მიიღებთ. უიმბლდონი, არა როგორც ტურნირი, არამედ როგორც ორგანიზაცია, წინა პლანზე თავის წევრებს აყენებს. სულ კლუბში 375 მუდმივი და დაახლოებით ასამდე დროებითი წევრი არსებობს, რომლებსაც ყოველწლიურად გადაირჩევენ ხოლმე. ამ ელიტისთვის, აგრეთვე საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციების უმაღლესი რანგის ფუნქციონერებისთვის არსებობს სამეფო ლოჟა, რომელიც მხოლოდ 75 სტუმარს იტევს (სხვათა შორის, თავად დედოფალი სამჯერ სტუმრობდა უიმბლდონს - 1957, 1962 და 1977 წლებში) და ოდნავ მოკრძალებული - International Box.

მაგრამ ასეთი კარჩაკეტილობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არაარისტოკრატული წარმოშობის მდიდარ მოქალაქეებს არ შეუძლიათ საკუთარი თავისთვის სამეფო კომფორტის შექმნა.

ოფიციალურად, უიმბლდონზე VIP-ადგილები არ იყიდება. მათ ნაცვლად შესაძლებელია ობლიგაციების შეძენა. კლუბის მფლობელებმა პირველად ასეთი ნაბიჯი 1920 წელს გადადგეს. იმ მომენტისთვის ტურნირი უკვე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და არენა ყველა მსურველს ვერ იტევდა. იმისთვის, რომ სტადიონი გაეფართოვებინათ, საჭირო იყო უიმბლდონის პარკის მიმდებარე მიწების შეძენა - სულ 53 ჰექტარი, რაშიც 75 ათასი ფუნტი უნდა გადაეხადათ.

50 ფუნტად ღირებული ობლიგაციები სწრაფად გაიყიდა. უფრო მეტიც, ყველას არ ეყო და დამატებით დაბეჭვდა დასჭირდათ. ობლიგაციას რაღაც მოგებაც მოჰქონდა, მაგრამ მას ამისთვის არ ყიდულობდნენ. ამ "ფასიანი" ქაღალდის მფლობელს გარანტირებული ჰქონდა ცენტრალურ ან პირველ კორტზე გასამართ ყოველ მატჩზე პირველი კლასის ბილეთის შეძენის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ობლიგაციის მფლობელს შეეძლო პუბლიკისთვის დახურულ ადგილებზე შეღწევა. მოკლედ, ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ობლიგაციებს დღემდე ყიდიან. უკანასკნელად ასეთი აქცია 2006 წელს ჩატარდა. ხუთწლიანი ობლიგაციები 9 ათას ფუნტად გაიყიდა და საერთო შემოსავალმა 460 ათასი ფუნტი შეადგინა. ასეთი ქაღალდის მფლობელს, ძველებურად უნარჩუნდებათ ტურნირის დასწრებისას ყველაზე კომფორტული პირობები.

ობლიგაცია არამხოლოდ კარგი ბილეთის შეძენის საშუალებას იძლევა. უფლება გაქვთ Renshaw Restaurant-ში ან ორ სპეციალურ ბარში ისადილოთ. ინტერიერის მხრივ, განსაკუთრებული არაფერია - საკმაოდ უბრალო, მაგრამ გემოვნებიანი რესტორანი, სადაც ძირითადად იასამნისფერი და მწვანე სჭარბობს - უიმბლდონის ოფიციალური ფერები. სხვათა შორის, ფასები არც ისე მაღალია. ყველაზე ძვირფასი ღვინო დაახლოებით 28 ფუნტი ღირს, შამპანური უფრო ძვირია - 50 ფუნტი. კერძებს რაც შეეხება, მაგალითად შოტლანდიური ლობსტერი ანანასითა და მანგოთი 26 ფუნტი დაგიჯდებათ. ხოლო ცნობილი უიმბლდონური მარწყვი ნაღებით, რაც ორი კვირის განმავლობაში 150 ათასი პორცია იყიდება, სულ რაღაც 2 ფუნტი ღირს.

რა თქმა უნდა, სასურველი ობლიგაციები უკვე გაყიდულია, მაგრამ მეორად ბაზარზე მაინც შეიძლება მათი შოვნა. ლონდონში ბევრი ისეთი სააგენტო არსებობს, რომლებიც მათ ხელთ არსებულ "ფასიან" ქაღალდებს არენდით იძლევიან. მაგალითად, მისამართზე www.tickets4tennis.com, 9 ათას ფუნტად შეგიძლიათ მოიწყოთ უიმბლდონზე დაუვიწყარი 4-დღიანი ტური (რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება გადამწყვეტი მატჩების დღეები).

ბუნებრივია, All England Lawn Tennis & Croquet Club-ში ყოფნა მხოლოდ ჩოგბურთის მატჩების ყურებით არ შემოიფარგლება. აქ მარტო სეირნობაც საინტერესოა. ბევრი რამის დათვალიერება შეიძლება - ძეგლების, მუზეომის, სადაც უკვე რამდენიმე ათასი ექსპონატი ინახება. ტურები ყოველდღე ეწყობა. ღირებულება 15 ფუნტს შეადგენს. აქვეა ძალიან ლამაზი ყვავილების ბაღები, რომლებსაც ყოველ წელიწადს თავიდან რგავენ. ამ საკითხით უკვე 30 წელია, კომპანია Denny & Son არის დაკავებული, რომელიც ყოველწლიურად 57 ათას სხვადასხვა ყვავილს აწვდის კლუბს. ტურნირის დასრულების შემდეგ, მათი ძირითადი ნაწილი იყიდება, ასე რომ, ყველას შეუძლია შინ უიმბლდონის ცოცხალი ნაწილით ხელდამშვენებული დაბრუნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული