სხვათა შორის, გერმანელს ზედიზედ მეორე ტურნირია არ უმართლებს წილისყრის მხრივ. ჰალეში პირველივე მატჩში დაეჯახა როჯერ ფედერერს და მასთან ბოლო სეტის ტაი-ბრეიკზე დამარცხდა. გერმანელი გახდა ერთადერთი იმ ტურნირზე, რომელმაც ლეგენდარულ შვეიცარიელს სეტი აართვა. ბალახზე თამაში კოლშრაიბერმა იცის: 2012 წელს უიმბლდონის მეოთხედფინალში იყო, 2011 წელს ჰალეს ჩემპიონი
საინტერესოა, რომ კოლშრაიბერის შემდეგ ჯოკოვიჩი უნდა შეხვდეს რომელიმე ვეტერანს, რომლისთვისაც ეს უიმბლდონი უკანასკნელი იქნება კარიერაში. იარკო ნიემინენმა ამას წინათ განაცხადა, რომ დაასრულებს დიდ სპორტში გამოსვლას ამ სეზონის შემდეგ, ხოლო უიმბლდონის 2002 წლის ჩემპიონი ლეიტონ ჰიუიტი კარიერას 2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ დაამთავრებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მეორე წრის მატჩი ნოვაკისთვის უფრო იოლი უნდა გამოვიდეს, ვიდრე შეხვედრა ფილიპთან.
ამის შემდეგ სახიფათო მეტოქეები არ ჩანან. სერბთან ახლოს არის 19 წლის კორეელი ჰიონი, რომელმაც თითქმის ყველა მეტოქე გაანადგურა "ჩელენჯერებზე", რითაც რეიტინგის პირველ ასეულში შეაღწია, მაგრამ ATP-ის დონეზე ჯერ თავი არ გამოუჩენია. ბერნარდ ტომიჩი კარგი იყო წლის დასაწყისში, მაგრამ გრუნტის სეზონის სტარტთან ერთად დაიკარგა და ჯერ გონს ვერ მოსულა.
მეოთხე წრეში ნოვაკი შეიძლება შეხვდეს "ქუინზ ქლაბის" ფინალისტს, კევინ ანდერსონს. მართალია, სამხრეთაფრიკელმა ლონდონში როლან გაროსის ჩემპიონ სტენ ვავრინკას მოუგო, მაგრამ ის არ უნდა გახდეს ძალიან სერიოზული გამოცდა სერბისთვის, ისევე, როგორც, პოტენციური მეოთხედფინალი კეი ნიშიკორისთან, რომელიც ბალახზე ჯერჯერობით ვერ ბრწყინავს. საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩის მეოთხედშია 18 წლის გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, რომელმაც პარასკევს, სტოკ-პარკზე გამართულ საჩვენებელ ტურნირში 6:4, 6:3 მოუგო ნოვაკს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია.
* * *
ბადის მეორე მეოთხედში აშკარა ფავორიტის დასახელება რთულია. როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონი, მეოთხე ნომრად განთესილი სტენ ვავრინკა ბალახზე არასოდეს ბრწყინავდა - უიმბლდონზე მისი საუკეთესო შედეგი შარშან, მეოთხედფინალში გასვლაა. მილოშ რაონიჩი, პირიქით, ბალახზე კარგად თამაშობს და ერთი წლის წინ, აქ ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ ამჟამად მარჯვენა ხელის ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენით არის დაკავებული.
ამის გამო მან ლონდონის ტურნირზე მესამე წრეში წააგო ჟილ სიმონთან. აქ მესამე რაუნდში კანადელი შეიძლება შეხვდეს ნიკ კირგიოსს, რომელმაც შარშან, უიმბლდონზე სენსაციურად მოუგო რაფაელ ნადალს, მეოთხედფინალში კი სწორედ რაონიჩთან დამარცხდა. ახლოს არიან ვეტერანი გერმანელები - 31 წლის ფლორიან მაიერი და 37 წლის ტომი ჰაასი. მათ ყოველთვის ეხერხებოდათ ბალახზე თამაში, მაგრამ დღეისთვის შორს არიან ოპტიმალური ფორმისგან.
* * *
მერვე ნომრად განთესილი დავიდ ფერერისთვის ბალახი ყოველთვის მოუხერხებელი საფარი იყო. ესპანელმა წელს ამ საფარზე პირველი პრაქტიკა მხოლოდ გასულ კვირას მიიღო - ნოტინგემის ტურნირის პირველივე მატჩში დამარცხდა მარკოს ბაღდატისთან. თუმცა დავიდს კომფორტული ბადე აქვს: ჯეიმს უორდი, შემდეგ ირჟი ვესელი ან პაოლო ლორენცი, ხოლო განთესილთაგან არასტაბილური ფაბიო ფონინი. სხვა საქმეა, რომ მერვედფინალში ის შეიძლება გავიდეს რაფაელ ნადალზე. ეს უკანასკნელი ტურნირს გახსნის ტომაშ ბელუჩისთან მატჩით.
მერვედფინალამდე მისი ყველაზე სახიფათო მეტოქე შეიძლება გახდეს 22-ე ნომრად განთესილი ვიქტორ ტროიცკი. სერბმა შესანიშნავად ჩაატარა ბალახის სეზონი, როცა შტუგარტის ფინალში გავიდა (და იქ სწორედ ნადალთან წააგო), ლონდონში - ნახევარფინალში. ამასთან, მის ანგარიშზეა მოგება ჯონ ისნერთან და ორჯერ - მარინ ჩილიჩთან. ამავე მეოთხედში არიან ჟო-ვილფრიდ ცონგა და ენდი მარეი, შესაბამისად, ენდი და რაფაელი, შესაძლოა, მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჟოს გვერდით ბადეშია ივო კარლოვიჩი და ბალახზე კარგ ფორმაში შესული ალექსანდრ დოლგოპოლოვი.
* * *
ტომაშ ბერდიხს, რომელმაც "ქუინზ ქლაბის" მეოთხედფინალში სწორედ კარლოვიჩთან წააგო, მეორე წრეში ელოდება შეხვედრა "უაილდ-ქარდის" მფლობელ ნიკოლა მაუსთან. ამ უკანასკნელმა ორი კვირის წინ ჰერტოგებოშის ტურნირი მოიგო. პირველ რაუნდში კი ჩეხი კიდევ ერთ ფრანგთან, ჟერემი შარდისთან ითამაშებს.
განთესვის მეორე ნომრის მფლობელი და უიმბლდონის შვიდგზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ტურნირს დამირ ძუმჰურთან მატჩით დაიწყებს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ უიმბლდონის მესამე რაუნდში მოუგო. ამის შემდეგ მას, შესაძლოა, ზედიზედ ორ ამერიკელთან მოუწიოს თამაში - სემ კუერისთან და ჯეკ სოკთან. სავარაუდოდ, ვერც ერთი მათგანი როჯერს სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნის და შვეიცარიელმა უპრობლემოდ უნდა მიაღწიოს მეოთხედფინალამდე.
მთავარი ინტრიგა - სერენას დიდი სლემი
ქალთა ბადის სასტარტო რაუნდებში გრანდიოზული დაპირისპირებები არ შეიჩნევა. ამ სეზონის დამახასიათებელი სიტუაცია ის არის, რომ ვიქტორია აზარენკა ისევ ყველაზე სახიფათო მეტოქეა მესამე წრეში. ბელორუსი კვლავაც WTA-ს რეიტინგის მესამე ათეულის ბოლოშია, ამიტომაც ისევ შეიძლებოდა სერენა უილიამსს შეხვედროდა საწყის ეტაპებზე, როგორც ეს როლან გაროსზე მოხდა.
ვიქტორიასთვის საბედნიეროდ, ამჯერად მას გაუმართლა წილისყრის მხრივ, ყოველ შემთხვევაში, საწყის რაუნდებში. პირველ წრეში მას ესტონელი ანეტ კონტავეიტი ერგო, შემდეგ ელოდება ფლიპკენსსა და ბეკს შორის გამარჯვებული. განთესვის მიხედვით, მომდევნო მეტოქე უნდა გახდეს კარლა სუარეს-ნავარო, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ბადის ამ ნაწილში ფავორიტი გახდეს ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი, რომელმაც ბრწყინვალე ფორმა აკრიფა. შემდეგ გრაფიკით ვიქტორიას ელოდება - ანა ივანოვიჩი და სერენა უილიამსი.
* * *
თავად სერენას სასტარტო რაუნდებში სანერვიულო ბევრი არაფერი აქვს და ხიფათი მერვედფინალიდან ელოდება, სადაც შეიძლება უფროს დას, ვინუს უილიამსს შეხვდეს. აზარენკაზე უკვე ვთქვით, ხოლო ნახევარფინალში პოტენციური მეტოქე მარია შარაპოვაა.
ბადის მხრივ, ყველაზე მეტად გაუმართლა მოქმედ ჩემპიონს, პეტრა კვიტოვას. ჩეხი პირველ რაუნდში კიკი ბერტენსს შეხვდება და საერთოდ, თავის მეოთხედში თითქმის არ ჰყავს სახიფათო მეტოქეები. რა თქმა უნდა, აქ არიან ეკატერინა მაკაროვა და ეჟენი ბუშარი, მაგრამ ბოლო დროს ორივენი ძალიან არასტაბილურები არიან.
* * *
თუმცა სერენა უილიამსს დავუბრუნდეთ, რომლის გამოსვლა ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იქნება. საქმე ისაა, ამერიკელმა კარიერაში პირველად მოიგო სეზონის პირველი ორი "მეიჯორი" და შესაბამისად, სრულფასოვანი "დიდი სლემის" მიღების შესაძლებლობა მიეცა.
რა თქმა უნდა, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რომ უიმბლდონზე მან ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სამჯერ გაიმარჯვა, აშშ-ის ღია პირველობაზე კი 2012 წლიდან ზედიზედ 21 მატჩი აქვს მოგებული. აღვნიშნავთ, რომ უილიამსმა ერთხელ უკვე მოიგო "დიდი სლემის" ოთხი ტურნირი ზედიზედ, მაგრამ ეს ორი კალენდარული წლის განმავლობაში მოხდა, ერთ სეზონში ოთხივე "მეიჯორი" კი აქამდე მხოლოდ სამმა ჩოგბურთელმა მოიგო - მორინ ქონოლი ბრინკერმა (1953), მარგარეტ კორტმა (1970) და შტეფი გრაფმა (1988).
* * *
უიმბლდონი დღეს იწყება. თუ პირველი წრის მატჩებზე ვილაპარაკებთ, რამდენიმე შეხვედრის გამოყოფა შეიძლება. ადგილობრივი პუბლიკისთვის, რა თქმა უნდა, მთავარი მატჩია - ჰიზერ უოტსონი კაროლინ გარსიას წინააღმდეგ. ორმა ნიჭიერმა გოგონამ შეიძლება შემოგვთავაზონ მინი-თრილერი.
2010 წლის ნახევარფინალისტი ცვეტანა პირონკოვა შეამოწმებს ამომავალი ვარსკვლავის, ბელინდა ბენჩიჩის პოტენციალს, რომელმაც შაბათს, ისტბურნის ტურნირის ფინალში აგნიეშკა რადვანსკა დაამარცხა. გარდა ამისა, საინტერესოდ მოჩანს ორი სლოვაკის - დანიელა ჰანტუხოვასა და დომინიკა ციბულკოვას მატჩი.
P. S. ბოლო მომენტში ცნობილი გახდა, რომ ტრავმის გამო უიმბლდონზე არ ითამაშებს დავიდ ფერერი. ძირითად ბადეში მას შეცვლის იტალიელი ლუკა ვანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"