ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის სტარტზე ფაკუნდო ბაგნისს შეხვდება

AutoSharing Option
თბილისელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ სამ მეტოქეს აჯობა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ჩვენებურს სტარტზე კენჭისყრით 25 წლის არგენტინელი, რეიტინგში 137-ე ადგილზე მყოფი ფაკუნდო ბაგნისი ერგო.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი კვალიფიკაციით 153-ეა. ქართულ-არგენტინული პაექრობა 30 ივნისს გაიმართება.

წარმატების შემთხვევაში, ნიკოლოზი მომდევნო წრეში მეთხუთმეტე ნომრად განთესილ ფელიციანო ლოპესსა და სტივ დარსის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

* * *
ალექსანდრე მეტრეველი გასულ კვირას სტამბოლის 10.000-იან ტურნირში მონაწილეობდა. ორი წრის წარმატებით დაძლევის შემდეგ მე-6 ნომრად განთესილი მეტრეველი მეოთხედფინალში ასპარეზობის მეორე ნომერ კემ
ილკელთან (თურქეთი) დამარცხდა - 1:6, 0:6.

ჩვენებური ისევ სტამბოლში რჩება და ახალ 10.000-იან შეჯიბრებაში ჩაებმება.

* * *
ქართველი ჩოგბურთელი ქალები შვედეთში, შვეიცარიასა და თელავში ასპარეზობდნენ.

შვეიცარიის 25.000-იან ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა სოფიო შაფათავა. შვედეთში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მხოლოდ წყვილთა პაექრობას იყვნენ შემორჩენილნი ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია.

გორგოძემ, რომელსაც მასპინძელ კორნელია ლისტერთან ერთად განთესვით პირველი ნომერი ჰქონდა, ნახევარფინალში ქვაცაბაიას და ელენი დანილიდუს (საბერძნეთი) დუეტს აჯობა - 6:2, 2:6, 10:6 და ფინალში გავიდა, სადაც პემრა ოზგენისა (თურქეთი) და ბერნარდა პერას (აშშ) ტანდემს შეხვდა. გორგოძემ და ლისტერმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, დამარცხდნენ 2:6, 0:6 და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

სამივე ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად პოლონეთში იმყოფება და იქაურ 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.

თელავის მეორე 10.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგის ორ მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილმა მარიამ ბოლქვაძემ იაპონელი სეირა შიმიზუ დაჯაბნა - 6:0, 6:2, ნახევარფინალი კი სლოვენიელ ტამარა ზიდანშეკთან დათმო - 2:6, 1:6. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტი პაექრობაც მოიგო ბელორუს სედაფმოხ ტოლიბოვასთან (6:4, 6:1) და მთავარი პრიზი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თელავის პირველი 10.000-იანი შეჯიბრების ერთეულთა თანრიგში უკრაინელმა კატერინა ზავადსკამ მიაღწია წარმატებას, წყვილებში კი მარიამ ბოლქვაძემ და თინათინ ყავლაშვილმა გაიმარჯვეს.

მესამე ტურნირის საკვალიფიკაციოში მხოლოდ ორი ჩვენებური მონაწილეობდა და ორივემ წააგო: ანა ახალკაცი-ამინა აშბა (რუსეთი) 1:6, 1:6, ანა ქადაგიძე-სოფია ვაინბერგი (რუსეთი) 1:6, 1:6.

ძირითად ბადეში სამი ქართველი ითამაშებს: მეორე ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე სტარტზე სეირა შიმიზუს (იაპონია) შეხვდება, თინათინ ყავლაშვილი იულია ბრიზგალოვას (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას, ხოლო თამარ ჭალაგანიძე ამინათ კუშხოვასთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გისურვებ გამარჯვებას ნიკოლოზ!!!
დათო
14:31 29-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული