უიმბლდონი. II დღე: პირველი წრე დამთავრდა... უსენსაციოდ

AutoSharing Option
უიმბლდონზე მამაკაცებს შორის პირველმა რაუნდმა უსენსაციოდ ჩაიარა. იმ მატჩებში, რომლებშიც ფავორიტები იღებდნენ მონაწილეობას, კლასში დიდი სხვაობა შეინიშნებოდა. ასე იყო როჯერ ფედერერისა და ნაკლებად ცნობილი ბოსნიელის, დამირ ძუმჰურის შეხვედრაში.

შვეიცარიელმა ლეგენდამ 67 წუთში მოამთავრა საქმე - 6:1, 6:3, 6:3. როჯერს არც ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება არ მოუწია და სტატისტიკაც შთამბეჭდავი ჰქონდა - 26 "ვინერსი" და 12 უნებლიე შეცდომა. სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები ცოტა ხნის წინ, როლან გაროსზეც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც ფედერერმა სამ სეტში მოიგო.

მეორე რაუნდში შვეიცარიელი ამერიკელ სემ კუერის შეხვდება,
რომელიც სამ სეტში გაუსწორდა ჰოლანდიელ იგორ სისლინგს. ცნობისთვის, უიმბლდონის შვიდგზის ჩემპიონს არასოდეს წაუგია სეტი კუერისთან მატჩებში.

* * *
ადგილობრივი პუბლიკის მთავარი იმედი ენდი მარეი ყაზახ მიხაილ კუკუშკინთან მატჩის წინ აცხადებდა, რომ პირველ წრეში სახიფათო მეტოქე ერგო. და მართლაც, ბრიტანელს დიდი ჯაფა დაადგა მეორე წრის საგზურის მოსაპოვებლად. საკმარისია აღინიშნოს, რომ ენდიმ სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება.

მარეიმ პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო. მეორე პარტია უცნაური გამოვიდა - ჩოგბურთელებმა სამ-სამი ბრეიკი მიითვალეს, ბოლოს კი საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც მარეი დომინირებდა. ის 6:1 დაწინაურდა და მესამე ცდიდან გამოიყენა სეტბოლი. რაც შეეხება მესამე სეტს, აქ ბრიტანელს გამარჯვებისთვის მეხუთე გეიმში შესრულებული ბრეიკი ეყო - 6:4, 7:6(3), 6:4 ორი საათი და 12 წუთი ბრძოლის შემდეგ. მეორე წრეში მარეი ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს შეხვდება.

* * *
დაახლოებით ასეთივე დრო დასჭირდა ბრაზილიელი ტომაშ ბელუჩის დასამარცხებლად რაფაელ ნადალს. ესპანელი ძალიან კარგი იყო მიღებაზე - რაფამ ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და კიდევ უფრო დამაჯერებელი ანგარიშით მოიგებდა, ბელუჩისთვის ორი ბრეიკის შესრულების საშუალება რომ არ მიეცა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები მეხუთედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და რაფას არასოდეს წაუგია სეტი ბრაზილიელთან. ნადალის შემდეგი მეტოქე გერმანელი დასტინ ბრაუნი იქნება.

* * *
სამი საათი და 50 წუთი ებრძოდა ჟო-ვილფრიდ ცონგა ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს. ამ დროის განმავლობაში ფრანგმა 38 ეისი ჩააწოდა, 69 "ვინერსი" (მეტოქეს - 71 ჰქონდა) დააგროვა და სამი ბრეიკი შეასრულა. გარდა ამისა, მეტოქის ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. ეს ყველაფერი ასეთ ანგარიშში გამოისახა - 7:6(8), 6:7(3), 6:4, 3:6, 6:2.

შეგახსენებთ, რომ ცონგამ ტრავმის გამო უიმბლდონისწინა ყველა გასახურებელი ტურნირი გამოტოვა და აქაც მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. სავარაუდოდ, სწორედ ამას უნდა დაბრალდეს ფრანგის გუშინდელი პრობლემები.

რა თქმა უნდა, ცონგას 38 ეისი მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია, მაგრამ ეისების რაოდენობით მას მაინც აჯობა ხორვატმა ივო კარლოვიჩმა. ვეტერანმა შვედი ელიას იმერი 6:7(2), 6:2, 6:4, 7:6(2) დაამარცხა 42 ეისის დახმარებით.

კაცები. I წრე
ჯეიმს უორდი (ბრიტ)-ლუკა ვანი (იტა) 6:7(4), 6:2, 6:4, 6:3; ირჟი ვესელი (ჩეხ)-პაოლო ლორენცი (იტა) 7:6(7), 7:6(6), 6:4; ვაშეკ პოსპიშილი (კან)-ვენსან მიო (საფ) 7:6(2), 3:6, 6:7(4), 7:6(4), 6:3; ფაბიო ფონინი (იტა, 30)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 6:4, 6:3, 6:2; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 22)-ალექსანდრ ნედოვესოვი (ყაზ) 6:1, 6:4, 3:6, 6:3; ალიაჟ ბედენე (ბრიტ)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 7:5, 1:6, 4:6, 6:3, 6:4; დასტინ ბრაუნი (გერ)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 3:6, 6:3, 7:5, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 10)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 6:4, 6:2, 6:4; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 13)-ჟილ მიულერი (ლუქ) 7:6(8), 6:7(3), 6:4, 3:6, 6:2; ალბერტ რამოსი (ესპ)-დენის ისტომინი (უზბ) 6:2, 6:2, 3:2 უარი; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-კაილ ედმუნდი (ბრიტ) 7:6(4), 6:1, 6:2; ივო კარლოვიჩი (ხორ, 23)-ელიას იმერი (შვედ) 6:7(2), 6:2, 6:4, 7:6(2); ანდრეა სეპი (იტა, 25)-ბრაიდენ კლაინი (ბრიტ) 6:3, 6:2, 6:2; ბორნა ჩორიჩი (ხორ)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 4:6, 7:6(5), 6:2, 1:6, 9:7; რობინ ჰაასე (ჰოლ)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:2, 3:6, 6:4, 6:2; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:4, 7:6(3), 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-ჟერემი შარდი (საფ) 6:2, 6:7(8), 7:6(3), 7:6(5); ნიკოლა მაუ (საფ)-ფილიპ კრაინოვიჩი (სერ) 7:6(4), 6:4, 3:6, 7:5; ლუკაშ როსოლი (ჩეხ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 7:6(2), 6:3, 7:6(3); პაბლო ანდუხარი (ესპ)-გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ, 29) 3:6, 6:4, 3:6, 7:5, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 18)-პაბლო კარენო ბუსტა (ესპ) 6:4, 6:4, 7:5; ადრიან მანარინო (საფ)-მიხაელ ბერერი (გერ) 6:7(4), 6:0, 6:4, 6:1; ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ)-იუიჩი სუგიტა (იაპ) 7:6(3), 6:3, 7:6(5); ჟილ სიმონი (საფ, 12)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 6:4, 6:4, 7:5; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 15)-სტივ დარცისი (ბელ) 6:2, 7:6(4), 6:4; ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქ)-ფაკუნდო ბანისი (არგ) 6:4, 7:6(3), 6:2; ბენუა პერი (საფ)-მიხაილ იუჟნი (რუს) 6:4, 6:4, 6:3; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 20)-რუბენ ბემელმანსი (ბელ) 6:1, 6:3, 7:6(8); სამუელ გროტი (ავსტრა)-ჯეკ სოკი (აშშ, 31) 6:3, 3:6, 6:3, 6:3; ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა)-მალეკ ჟაზირი (ტუნ) 7:6(2), 6:2, 3:6, 3:6, 7:5; სემ კუერი (აშშ)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 7:5, 6:3, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-დამირ ძუმჰური (ბოს) 6:1, 6:3, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული